THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



იოსებ გრიშაშვილი

მიყიდე

ისე ვერ გამოვსულვარ
მე შიგნიდან გარეთა,
რომ არ ამეკვიატო
გულსაკლავად, მწარედა.
ისე ვერ გამივლია
მაღაზიის წინარე,
რომ არ შემომწუწუნო
ცრემლებჩამომდინარე,
არ გაშინებს ნივთების
სიმძიმე და სიდიდე,
ყველაფერზე იძახი:
„მიყიდე!“ და „მიყიდე!“
შუშაბანდს რომ დაჰყურებ,
მორთულს ნაირფერებად,
ყველა ნივთის შენს ასაკს
განა შეეფერება?
რაც გეკუთვნის, მე ვიცი,
კიდეც შემიძენია,
ეს ხრიალა, ეს ბურთი,
ეს თოჯინაც შენია.
შენ კი რასაც შეხედავ,
სადაც უნდა მიხვიდე,
ყველაფერზე იძახი:
„მიყიდე!“ და „მიყიდე!“
კმარა, ჩემო შვილიკო,
კმარა, თორემ, იცოდე,
ნამდვილ სახელს წაგართმევ
და „მიყიდეს“ გიწოდებ.


ტყის ზღაპარი

პატარა ხეს დიდ ხემ უთხრა:
„აღარა მსურს მე ხე მერქვას,
ვინც არ გინდა, მესტუმრება
და უგულოდ მაცლის მერქანს;
აგერ კიდევ, იმ კაცს ხედავ,
აუღია ხელში ცული,
გვჭრის და გვჩეხავს უმოწყალოდ
ტყეში სამტროდ შემოსული“.
აქ დიდმა ხემ ნაღვლიანად
უპასუხა ხეს პატარას:
„იმ ცულს თავი რკინისა აქვს,
ჩვენისთანა ხე აქვს ტარად;
ჩვენი მოძმე ჩვენ გვღალატობს,
მძლავრს სურს სუსტზე გაბატონდეს.
რას დაგვაკლებს ჩვენ ის კაცი,
ცულს რომ ტარად ხე არ ჰქონდეს?“


ახლოვდება გაზაფხული


ახლოვდება გაზაფხული,
ზამთარს წასვლა ეძნელება,
სხივდაკრული სიხარული
გაიშალა ენძელებად.


დღემ საგრძნობლად მოიმატა,
აღარ მოსჩანს ქედი თეთრად, -
თოვლის ჩოხა გაუხდია
გაზაფხულის შესახვედრად.


ახლოვდება გაზაფხული,
ვარდობა და ენძელობა, -
აბა, როგორ არ ვუსურვო
ჩემს სამშობლოს დღეგრძელობა!


გაზაფხული


აგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში
რომ დგას ასე ობლად, კენტად,
გაზაფხულმა გააცოცხლა,
ყვავილებით გადაპენტა.


იამ გული გადუშალა,
მზის სხივებს და ჭრელ პეპელას,
ჩვენ კი მიწა სამუშაოდ
მოგვიწოდებს ყველას, ყველას!


ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ,
გაახარეს ხალხის გული!
რა კარგია ყინვის შემდეგ
თვალჟუჟუნა გაზაფხული!


მოხუცის დარიგება


მატყუარას, ფლიდს და ორპირს
ნუ გაიხდი თანამგზავრად,
თორემ ბოლოს დაინანებ
და ჩაგყვება გულში ჯავრად.
ვიდრე სიტყვას წარმოთქვამდე,
გაცხრილე და თქვი შერჩევით,
ამით ტყუილს განირიდებ
და სიმართლეს შეეჩვევი!
და თუ რამეს დააშავებ,
თამამად თქვი: „მე ვიყავი!“
სხვას ნუ ერჩი... დამნაშავედ
აღიარე შენი თავი!
ტყუილ მოწმედ არვის გაჰყვე,
ქედი არსად დაიხარო;
ტყუილის თქმას გირჩევნია
ტყვია დაიხალო!