THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მოცეკვავე ფიფქი

მაია კარსელი

ერთ ვიწრო ქუჩაზე, ვარდისფერ, მყუდრო სახლში ცხოვრობდა პატარა გოგონა, სახელად ნათია, რომელსაც ძალიან უყვარდა ოცნება.
ერთხელ, ჩვეულებრივ ნისლიან დილას ნათია ფანჯარასთან საოცნებოდ ჩამოჯდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დილა მთლად ჩვეულებრივი არ უნდა ყოფილიყო. უცებ, ცაში თეთრი კორიანტელი დატრიალდა.
- ფიფქები! ფიფქები! - გახარებულმა ნათიამ ტაში შემოჰკრა. მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! კარგად რომ დააკვირდა, შეამჩნია, რომ უამრავი ნამცეცა ფერია ცეკვა-ცეკვით მოფარფატებდა.
ზოგს ყვავილის კაბა ეცვა, ზოგს ვარსკვლავა... ერთი განმარტოებით მოსრიალე ფერია, ბალერინას კაბით, - განსაკუთრებით მშვენიერი იყო. უცებ მას მზის სხივი სხივი შეეფეთა და შეაკრთო. როგორც ჩანს, სხივმა შენიშნა მშვენიერი ბალერინა და სიყვარულით მიუალერსა. ფიფქი უჩვეულო სითბომ გამოაცოცხლა. დაბზრიალდა და უნაზესი შუქი გადმოაფრქვია, გამჭვირვალე კაბა ცისარტყელისფრად აუკიაფდა.
ბალერინა მზის სხივთან ერთად გასრიალდა ცაში. მის შუქში გახვეული ულამაზეს სიყვარულის ცეკვას ასრულებდა. ირგვლივ ყველაფერი გაათბო და გააბრწყინა ცისარტყელას აციაგებულმა ფერებმა და მუსიკის იდუმალმა ჰანგებმა.
ყველა ფიფქმა დედოფალივით მშვენიერი ბალერინას ირგვლივ შეკრა წრე. ნათია სუნთქვაშეკრული უმზერდა ამ საკვირველ სანახაობას. უცებ მზეს ღრუბელი ჩამოეფარა და სხივი სადღაც გაუჩინარდა. მარტო დარჩენილი ბალერინა თითქოს დასევდიანდა. ერთი კიდევ შეინავარდა და ჰაეროვანი ნახტომით ფანჯრისაკენ გადმოფრინდა. უცებ... რაფაზე უღონოდ დაეცა, თითქოს ცეკვამ დაღალაო, შეწყდა მუსიკა და ცისარტყელას…ფერებიც გაქრა.
ნათიას გული დასწყდა. გაფაციცებით დააკვირდა, მაგრამ ნაზი, სიფრიფანა ბალერინა სადღაც გამქრალიყო. რაფაზე მხოლოდ ვერცხლისფერი წვეთი ლიცლიცებდა, თითქოს მისი ცრემლიაო.
იმ დღის მერე ნათია ისევ მიდიოდა ფანჯარასთან და უყურებდა, ფიფქები შეუჩერებლად, უთავბოლოდ ბზრიალ-ტრიალით როგორ მოჰქროდნენ ციდან. თუმცა ნათია მხოლოდ დედოფალივით მშვენიერ ნამცეცა ბალერინას ელოდა. სჯეროდა, რომ ის კვლავ გამოჩნდებოდა და საკვირველი სიყვარულის ცეკვით გაასხივოსნებდა არემარეს.