THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



უმადური ტურა



ჭაბუა ამირეჯიბი

ტურა ტყე-ტყე მიტუსტუსებდა, ფეხი ვერაგულად დაგებულ ხაფანგში მოჰყვა. რა თქმა უდნა, რომ საზარელი ვაი და ვიში მორთო.
ამ ალიაქოთზე დათვი მობაჯბაჯდა, იმედგადაწყვეტილი ტურა შეემუდარა:
_ არიქა, ბატონო დათვო, გადამარჩინე, მადლი მოისხი.
_ შემიძლია და რატომ არ უნდა გადაგარჩინოო! _ მიუგო დათვმა და ხაფანგს ტორები დაუშინა.
ხაფანგის მტვრევასა და ლაწალუწში ერთი უცაბედი ტორი ტურასაც მოხვდა.
ტურამ გაიფიქრა, ოღონდ ამ განსაცდელს როგორმე წაუვიდე და ჯანდაბას, თუნდ ხუთი ამდენი მომხვდესო.
დათვმა ხაფანგი ნაფოტებად აქცია, ტურა დაღუპვას გადაარჩინა.
დაზარალებულმა სული მოითქვა, ნატკენი თათი აიკეცა და წაკინკილდა. მიდიოდა და ფიქრობდა, ხაფანგი იქით იყოს, და როგორი მთხლიშა იმ მოუხეშავმა იმანაო!
დათვმა ტურა რომ სიკვდილს გადაარჩინა, ეს ამბავი ქვეყანას მოედო. ყველა დათვის კაიკაცობას ამბობდა. თვითონ ტურამაც არავინ დატოვა, თავისი განსაცდელი და დათვის ვაჟკაცობა არ ეამბნა, აქაოდა, ყველამ იცოდეთ, როგორი მფარველი მყავსო!
ცოტა ხანი გავიდა. ტურას ქმარი ავად გაუხდა. ჭოტი მოიყვანა, ავადმყფო გამისინჯეო. ჭოტმა ლოგინად ჩავარდნილი გასინჯა და თაფლით მკურნალობა დაუნიშნა.
ტურა საგონებელში ჩავარდა, თაფლი სადღა ვიშოვოო.
იფიქრა, იფიქრა _ დათვი მოაგონდა, თუ ექნება, იმას ექნება სხვასთან არავისთან მეგულებაო. მივიდა და ბუნაგის კარზე მიუკაკუნა.
დათვმა გამოსძახა, სტუმარი ღვთისაა, თუ სასიკეთოდ მოსულხარ, შემობრძანდი ვინცა ხარო!
ტურა შევიდა. დათვი ცხვირპირახვეული დაუხვდა. ბუნაგში მალამოს სუნი იდგა. სტუამრს ენიშნა: ამას ფუტკარი ჰყავს დარბეული, თაფლი ბლომად ექნებაო. ჯერ ჯანმრთელობა მოუკითხა. მერე თანაგრძნობა გამოუცხადა. ფუტკრებს ზარალი და არგახარება უსურვა, მასპინძელს ნუგეში სცა, ტკივილები სულ მალე დაგიცხრებაო. ბოლოს მისვლის მიზეზიც გაუმხილა.
_ თაფლს ამ დღეებში უსათუაოდ ვიშოვი და ჩაგასესხებო, _ დაასრულა ტურამ თავისი სათხოვარი.
დათვმა უთხრა:
_ შინ მწოლიარე ავადმყოფი გყოლია, შემიძლია და რატომაც არ უნდა დაგეხმაროო! _ საკუჭნაოში შევიდა, კარგა მოზრდილი ფიჭა გამოუტანა, სესხად კი არ მისცა, ავადმყოფთან ძღვნად გაატანა.
ტურამ მადლობა გადაუხადა, ფიჭას პირი დაავლო, შინსკენ წაძუნძულდა. მიდიოდა და ფიქრობდა, იმდენი თაფლის პატრონმა ერთი ფიჭის მეტი ვერ გამოიმეტაო!
დათვმა ტურას რომ ქმარი გადაურჩინა, ეს ამბავი ქვყანას მოედო, ყველა დათვის კაი-კაცობას ამბობდა. თვითონ ტურამაც არავინ დატოვა, თავისი გასაჭირი და დათვის დახმარება არ ეამბნა, აქაოდა, ყველამ იცოდეთ, როგორი ძმაკაცი მყავსო!
კიდევ ცოტა ხანმა გაიარა. ტურა ასეთ ამბავს წააწყდა: მგლებს ნანადირევი ედოთ, ისხდნენ და ჭამდნენ. ბევრი უტრიალა, იქნებ რამე დავტყუოო. არაფერი გამოუვიდა, სათოფეზე არავინ მიიკარა. ტურა გამწარდა, მგლებს დაემუქრა, ისეთი ვინმე მოგიყვანოთ, სულ კუდამოძუებული მიძუნძულებდეთო.
მივიდა ტურა დათვთან, ბუნაგიდან გამოიხმო, მგლებს უჩივლა, დამჩაგრესო:
_ წამომყევი თუ კაცი ხარ, იმ ღორმუცლებს თავ-ფეხი მაინც მოაცემინე. შემოდგომაზე პანტას მოგიგროვებ და თაბახით მოგართმევო
დათვმა მიუგო:
_ ნანადირევის წართმევა სადაური სამართალია. ეგეც არ იყოს, შინ სტუმრები მყავს, დღეს ვერსად წამოგყვებიო.
ტურას გული მოუვიდა, მაგრამ პირში უკუღმართი ვერაფერი შებედა და იქაურობას გაეცალა. მიდიოდა და ფიქრობდა, რიგიანი დათვი მეგონა, რა გაუტანელი და თავკერძა ყოფილაო.
გზად ვინც შემოეყარა, ყველასთან დათვის აუგი ილაპარაკა. ვინც მოუსმინა, ყველამ ტურა გაამტყუნა, ამდენი სიკეთე გიყო და ამაგი წყალში უნდა გადუყაროო?! მადლის ყადრი არა გცოდნია, უმადური და ბრიყვი ყოფილხარო!
ზოგმა მსჯავრიც დასდო: მგელმა ტურას კუდი შიგ ძირში წააკვნიტა, მელამ ქურქი შემოაფლითა, ვირმა ტყუპი წიხლი ამოჰკრა და კივილი დააწყებინა. როგორი მართალიც იყო, ქვეყანაზე დღესაც იმ სიმართლით დადის: დღისით სორიშია, ღამღამობით ჯაგებში დაძრწის, სხვის გადაყრილს მიირთმევს. აღარც კუდი აქვს, აღარც რიგიანი ქურქი აცვია და ერთთავად თავის უმადურობას გაჰკივის.