THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლალი ჯაფარაშვილი

ყოჩაღი ბიჭი
- ნახეთ, როგორი ბიჭი ვარ, -
დათვი ყურებით მიჭირავს!
ლომს ხელს ჩავავლებ ფაფარში!
კოვზს ამოვურევ ფაფაში...
ზღვას გადავცურავ მხარულით,
- ჩემს გაზრდას ელის მამული!


კეთილი ჯადოქარი
შემობრძანდა ჯადოქარი,
კლიტ-კლუტ! - გახსნა სიზმრის კარი,
ფერად სიზმრებს დაურიგებს
ვინც დამჯერე ბავშვი არი!


ძილის წინ
- სანამ შენი გავხდებროდი
სად ვიყავი, დედა?
- იმ ღაღანა ვარსკვლავებთან
ცის თაღზე რომ ხედავ,


- მერე, როგორ ჩამოვედი,
ფრთები მქონდა წინათ?
- ანგელოზმა მოგიყვანა
ჩემო პაწაწინა.


- ანგელოზი როგორია?
მინდა ვნახო, დედა!
- დაიძინე და სიზმარში
შენთან მოფრინდება.


კიდევაც დაიზრდებიან
ნამეხარ მუხის ნერგი ვარ,
შენს ცისკარს ვეალერსები.
მიწის გულს ჩავჭიდებივარ
და ნაჟურს ვიწოვ ფესვებით.


შენთვის ვიზრდები, მამულო, —
მე დაგიბრუნებ მზიანეთს!
მტრის სადარდებლად ვხმაურობ,
შენს საიმედოდ ვშრიალებ!


იმედი შენი ფრთებია, —
დარებს გპირდება მისანი!
“კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისნი! “


რა ხდება მიწის ქვეშეთში
მიწის გულში სახლობენ
ხის ხვიარა ფესვები,
ჭარხალი და სტაფილოც
იქ არიან ახლოს,
იმათ გარდა მიწაში
ჭიაყელა ჭუპო და,
ვინ ჩამოთვლის, რამდენი
ჭიაღუა სახლობს.
და ასე და ამგვარად,
მინდა წვრილად გიამბოთ,
რაც იქ ფათერაკები
და ამბები ხდება,
როგორ ტკბილად ღიღინებს
ნაკადული კამკამა,
შვილებს როგორ დაგრუის
თავზე მიწა _ დედა.
ბაიები, იები
დედის ტკბილი მკერდიდან
პაწაწინა ფესვებით
ფიას როგორ ჭამენ.
როგორ ძვრება სანგარში
კარტოფილი კაკუჩა,
როცა წამოადგება
თავს მახრების არვე.
გაზაფხულზე ნაჟურით
ვით თვრებიან ფესვები
და აწვრილეს ნუჟრებში
ჟრჟოლა როგორ უვლით,
რა ნეტარი ცხოვრებით
ცხოვრობს მიწის ქვეშეთი
ავსებული შავმიწის
საამური სუნით.


ენძელა
ჯერ გაზაფხულს ცხრა ომი
ჰქონდა გადასატანი,
ვიდრე უკანასკნელად
იტირებდა ზამთარი.
ვიდრე მოირთვებოდა
კორდ ია-იებით,
ვიდრე მოცურდებოდნენ
ვარდისფერი მთიები.
ვიხილავდით მინდორ-ველს
ვიდრე ზურმუხფერადა,
ჯერ სად იყო, ჯერ ისევ
თებერვალი ბერავდა
და მიმცხრალი მზის სხივი
არ ჰყოფნიდა სიცილად,
როცა თოვლქვეშ ეძელამ,
როგორც კვერცხში წიწილამ,
იბორგა და იწვალა,
ნაჟური სვა მუჭითა,
თოვლის სქელი ნაჭუჭის
გამოტეხვა უჭირდა.
მაგრამ ძლიერ იმარჯვა,
უნდა ითქვას მართალი,
და თებერვლის ერთ დილას
გამოტეხა ზამთარი.


წლის რა დროა?


ხან ყინვაა,
ხან ქარბუქი,
- აბა, ციგა!
- აბა, ქურქი!
ახალი წლის მოლოდინი,
ნამცხვრები და ბლომად ხილი.
გოზინაყიც
მზად არი!
- წლის რა დროა?
- ზამთარი!