THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვაჟა-ფშაველა


გაზაფხული
ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია...
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.


თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია,
აქეთ არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია.

ღამე მთაში

დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა;


მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა,
ჯერ თუ არ გაუღვიძნია
ისევ თუ სძინავს მკლავზედა!


ჯერ გამარჯვება არ უთქვამს
შემომჯდარს გორის ფხაზედა,
სხივნი არ დაუგზავნიან
პირის საბანად წყალზედა.


მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,
დადგომა სწორეს გზაზედა.
მთებს ჩაუცვიათ შავები,
ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;


ცივს ნიავს შესთავაზობენ
უფკრულს მოარულს დევებსა;
ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს
სიბნელეს დანატევებსა.


გორით-გორს ბუვი გასძახის,
თრთიან ყვავილი მთებისა,
ქოჩორს უვარცხნის ნიავი,
დარაჯად დაადგებისა.


მითამ იციან ღავღუვი,
რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!
წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,

განა ერთი და ორია:


აქაც, იქ, იმის იქითაც
საცა ფერცხალა გორია,
ლამაზის მთების ასულთა
ხმა ხმისთვის შაუწონია.


მადლი ხარ, ყველა ერთმანეთს,
უფალო, დაუმონია;
ამაზე ტურფა და კარგი
მე სხვა აღარა მგონია!..


ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,
წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,
ყვავილნი - მიწას და მიწა -
თავის აღზრდილთა მცენარეთ.


და მე ხომ ყველას მონა ვარ,
პირზე ოფლ-გადმომდინარედ!
ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაც
გულწყნარად დაეძინება.


უეცრად შუაღამისას
ცას ჯანღი დაეფინება,
შავი ზღვის შავი ვეშაპი
პირღია დაგვეღირება,


ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,
საჭმელად დაგვეპირება.
მოჰსქდება ქარი და ღვარი,
სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა;


დროება ჩამოვარდნილა
დიდი შიშის და ძრწოლისა.
მთელი მთა-ბარი იქცევა,
მეორ-მოსვლაა სწორედა!


მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,
მოაქვს და მოსდგამს ყორედა.
ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,


ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა,
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;


საცა პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა...
მაინც-კი ლამაზი არის,
მაინც სიტურფით ჰყვავისა!..


არწივი
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,


ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,


თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!
ის კი არ არის ბიჭობა
ის კი არ არის ბიჭობა,


რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.
არც ის მგონია ბიჭობა,


ვისაც ერევი, ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.
მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად


დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.
არც-რა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,


თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვშარობდე.
მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.

ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე.
პაპიჩემის ანდერძი
შვილო, რად სტირი ნეტარა,


რა უბედობა გეწვია?
ჭირში ყოფნის დროს გაძლება
მუდამ ვაჟკაცის წესია!
ვაჟკაცს არ შვენის ცრემლის ღვრა,


ქვითინი დიაცურადა,
მტერს ხმალი უნდა საფრთხულად,
კვალზედ მიყოლა მგლურადა.
აგრემც ექნება პაპაშენს


დღე გრძელიო და სრულიო,
ნუ დაისვენებ, ებრძოლე
მტერს, მინამ გიდგა სულიო,
შვილო, მეც ეგრე ვიყავი,


ეგ არის ჩვენი რჯულიო
მხედართა ძველი სიმღერა
მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა –


ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.


არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათას-გვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;


სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი – სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.


გაჰზდის-ღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!
სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,


ვწყდებით გულ-დამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
„მშობელი მოკვდეს, რა უშავს
შვილები ჰრჩება მამასა,


კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:


ხვალ და ზეგ ვერვინ გაჰბედავს
შინ შამოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.


ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი – სისხლით ბანასა.


აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!“
სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შეგვეცილება,


თორემ ისეთს დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივსცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;


უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკე მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.


ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე,
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!


არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.


ესევ ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდის-ღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?


ჩემის კაცობის გვირგვინო
(სიმღერა)
ჩემის კაცობის გვირგვინო,
ჩემო სამშობლო მხარეო!
შენგან ნაშობი ოცნება
გულს ლახვრად გავიყარეო.


არ მიმეფარო თვალთაგან,
დამიცევ, დამიფარეო.
ბევრი ვაება ვიხილე,
ბევრი დღე ვნახე მწარეო.


მზის სხივებივით ბრწყინავენ,
რაც მე ცრემლები ვღვარეო.
ის მოიგონე, მაინცა,
ბეჩავო, არე-მარეო!


ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,
განა, სამშობლოს მთვარეო?!
არ მიღალატო, ოცნებავ,
მნახოდი მალი-მალეო.


კი არ მიმუხთლო, შემომწყრე,
იარო გარე-გარეო.
თუ ამას იზამ, წინა დღით
საფლავი გამითხარეო.


მოვკვდე, კაცთ ხელი არ მინდა,
ოცნებავ, დაგიბარეო:
მარტო შენ მნახე, გულზედაც
მიწა შენ მომაყარეო.