THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სიზმარი, რომელიც მეფუნთუშეს გაეპარა

ლელა ცუცქირიძე

ერთ კეთილ და მხიარულ მეფუნთუშეს ძალიან მოუსვენარი და ჭირვეული სიზმარი ჰყავდა.
სულ თავის გემოზე ესიზმრებოდა: ხან შუაღამისას, ხან დილაუთენია, რის გამოც მეფუნთუშეს ფუნთუშები ეწვებოდა, ხან შუადღისას, პირდაპირ დახლთან, მაგრამ მეფუნთუშე ისეთი კეთილი და მხიარული იყო, რომ თავის ჭირვეულ სიზმარზე კი არ ბრაზდებოდა, იცინოდა და იცინოდა.
ჰოდა, ერთხელაც, მეფუნთუშეს სიზმარზე გულიანი ხარხარი რომ აუტყდა, გაბრაზებულმა ჭირვეულმა სიზმარმა იფიქრა, წავალ და თავს ისე მოვანატრებ, რომ ძებნა დამიწყოსო.
იფიქრა და... გაიპარა.
ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა ქალაქის მერს.
ქალაქის მერმა დილას გაიღვიძა და გაახსენდა, რომ სიზმარში დახლთან იდგა და ფუნთუშებს ჰყიდდა. გაახსენდა და ჭირის ოფლმა დაასხა, ნამდვილად სამსახურიდან მომხსნიანო. ჰოდა, ისე შეეშინდა, რომ ამის მერე ვეღარც იძინებდა.
რაღა ექნა სიზმარს, იარა, იარა და პარლამენტს მიადგა.
უნდა გენახათ, პარლამენტში რა ამბები დატირალდა!
ჭირვეული სიზმარი ერთ პარლამენტარს სამუშაო მაგიდასთან დაესიზმრა, მეორეს - მოხსენებით გამოსვლისას, მესამეს - ინტერვიუს დროს, მეოთხეს - პრეზიდენტთან შეხვედრისას!
ხმამაღლა როგორ იტყოდნენ და თითქმის ყველას ერთი და იგივე ესიზმრებოდა: დახლთან იდგნენ და ფუნთუშებს ჰყიდდნენ.
ერთი მორცხვი პარლამენტარი კი მთელი ათი დღე მეუღლეს თვალებში ვერ უყურებდა: სიზმარში მეფუნთუშის ფუმფულა, კისკისა მეუღლეს ა-კო-ცა!
პარლამენტარებს დარდისაგან ღიპები დაუპატარავდათ, თმები გასცვივდათ, ვეღარც კანონებს იღებდნენ და ვეღარც ქვეყანას მართავდნენ, მარტო იმაზე ფიქრობდნენ, ნამდვილად ვიღუპებით, ალბათ მართლა დახლთან დგომა და ფუნთუშების გაყიდვა მოგვიწევსო, აღარც მანქანები მოგვემსახურება და ვეღარც დიდ სახლებს ავიშენებთო.
ზოგიერთმა პარლამენტარმა ჩუმ-ჩუმად ფსიქოანალიტიკოსთანაც დაიწყო სიარული. ფსიქოანალიტიკოსს სიხარულისგან გულის ფრიალი დაეწყო. აბა რა იქნებოდა! მანამდე საქმე არ ჰქონდა და ვალები დაუგროვდა, ახლა კი იმდენი სამუშაო გაუჩნდა, რომ მარტო ვეღარ აუვიდა და ლამაზი თანაშემწე აიყვანა. თანაშემწე კომპიუტერთან იჯდა და პარლამენტარების სიზმრებს ბეჭდავდა.
ალბათ იკითხავთ, მეფუნთუშეს რაღა ესიზმრებოდაო, არც არაფერი!
ადრეც ხომ იცინოდა და ახლა სულ ხითხითებდა და ხითხითებდა. არც კი ახსოვდა თავისი მოუსვენარი და ჭირვეული სიზმარი.
ძალიან ბედნიერი იყო: დილაობით ფუნთუშები აღარ ეწვებოდა, აღარც დახლთან ეძინებოდა და ისეთი გემრიელი, დაბრაწული ფუნთუშები გამოსდიოდა, რომ მთელ ქალაქში სახელი გაუვარდა.
ერთხელ საფუნთუშეში მორცხვმა პარლამენტარმა შეიარა, რომ მეუღლისთვის ხაშხაშიანი ფუნთუშა ეყიდა. შეიარა და მეფუნთუშის ფუმფულა, კისკისა ცოლი რომ დაინახა, სირცხვილისგან სამუდამოდ გაწითლდა, სიზმარში ხომ სწორედ ამ ქალს ა-კო-ცა!
ერთხელაც საფუნთუშეს ქალაქის უძილო მერი მიადგა, ერთი ვნახო, ჩემს ქალაქში ეს რა საფუნთუშეა ასეთი, ყველას პირზე რომ აკერიაო. შევიდა და ლამის გული გაუსკდა: სიზმარში სწორედ ეს საფუნთუშე ნახა!
ქალაქის უძილო მერი უძილო კი იყო, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ მეფუნთუშის სიზმარი დაესიზმრა, მაშინვე სამსახურში გაიქცა, უზარმაზარ მაგიდას მიუჯდა და ფრჩხილების კვნეტა დაიწყო. იქნებ ასე მაინც მოვიფიქრო, როგორ დავუბრუნო თავისი სიზმარი მეფუნთუშესო.
იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა: მოიწვია ჟურნალისტები და მეფუნთუშე ქალაქის საპატიო მოქალაქედ აირჩია, თანაც მკერდზე უზარმაზარი, ბრჭყვიალა ორდენი ჩამოჰკიდა. მერე სავარძელში კარგად ჩაეკვეხა და მშვიდად დაიძინა: სიზმარი ტელევიზიით თავის ცნობილ პატრონს რომ დაინახავს, ნამდვილად უკან დაუბრუნდებაო.
საღამოს, დარდიანმა პარლამენტარებმა საინფორმაციო გამოშვებაში დახლთან მდგარი, თეთრქუდიანი, მხიარული მეფუნთუშე ნახეს და გაოცებისგან სკამებიდან გადმოვარდნენ!
როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ მეფუნთუშის სიზმარი ესიზმრებოდათ.
უნდა გენახათ მათი სიხარული: არც დახლთან დგომა და ფუნთუშების გაყიდვა მოგვიწევს და და დიდ სახლებსაც ავიშენებთო. მეორე დღესვე ქვეყანაში საგანგებო ბრძანება გამოსცეს და ერთკვირიანი კარნავალი მოაწყვეს.
ყველა მხიარულობდა მოუსვენარი, ჭირვეული სიზმრის გარდა.
აბა, რა ემხიარულებოდა - ვეღარავის ესიზმრებოდა: ვერც მხიარულ მეფუნთუშეს, რომელსაც იმდენი საქმე ჰქონდა, სიზმრისთვის აღარც კი ეცალა, ვერც ქალაქის მერს და პარლამენტარებს, რომლებიც თავის ბედნიერ სიზმრებს ხედავდნენ...
დაჯდა ყველასაგან მივიწყებული ჭირვეული სიზმარი ქუჩის კუთხეში და გაბრაზებულმა იმდენი იტირა, იმდენი იტირა, რომ გაქრა!