THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გიორგი კაჭახიძე

საქართველო გვიყვარდეს!

ეს ანბანი, ეს წიგნები -
ნაწერები ქართული,
მათი შუქი, მათი მწუხრი
გულის ძარღვში ჩართული,
ვარძია და უფლისციხე,
იყალთო და გელათი,
გალავნები, გუმბათები,
ჩუქურთმები ფერადი,
თქმულებები, ძილშიც სიზმრად
გაყოლილი დილამდე,
ყველაფერი გვეუბნება:
- საქართველო გვიყვარდეს!
მთები, მთები, ველ-მინდვრები,
შევარდნები ფრთა-მალი,
მეფოლადე, მხვნელ-მთესველი,
მისი ჰარიჰარალი,
ჯეჯილები, ვენახები,
წყაროები ჩხრიალა,
სამეგობრო თბილი სუფრა,
დასაცლელი ფიალა,
რიონის და მტკვრის დუღილი,
მათი ელვა, სიმარდე, -
ყველაფერი გვეუბნება:
- საქართველო გვიყვარდეს!
ნუ მოშლოდეს მის მიწა-წყალს
მოძახილი ქართველის,
მისი პური, გულუხვობა,
სიყვარული, სათქმელი.
საუკუნე საუკუნეს
წინ დიდებით მიჰყავდეს,
ყოველ დროში გაისმოდეს:
- საქართველო გვიყვარდეს!


სამშობლოს გარდა
ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება, -
მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.

ჯერ ვარსკვლავების ასე შემკრები
სხვა ცაფირუზი მე არ მინახავს;
არ მომივლია უცხო ქვეყნები,
არც ოკეანე გადამილახავს.

თითქოს ბავშვი ვარ, თმათეთრა ბავშვი,
თითქოს ვაზი ვარ, ჭიგოს ჩაკრული,
წინანდლის ზვარში, ვარციხის ზვარში
ხელმადლიანი კაცის ჩარგული.

ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება, -
მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.


იაკობ გოგებაშვილი
ხალხის დიდი შვილი იყო,
მოზარდების მოამაგე,
დიდებშიც და პატარებშიც
შეჰხაროდა საქმით კარგებს.


თავის ჩაგრულ სამშობლოში
დედაენის ბურჯად იდგა.
მისი კალმით, მზრუნველობით
ენა ვინ არ ამოიდგა.


წიგნი ვის არ შეაყვარა,
ვის არ ექცა ჭირში ლხენად...
ნათელს ჰფენდა საქართველოს
მისი ხმა და „დედა ენა“.