THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ტაგუ მებურიშვილი

ჩვენს მამუკას ჭადრაკი
ისე ძლიერ უყვარს,
რომ დიდებთან თამაშზეც
აღარ ამბობს უარს.
ვაჟკაცურად უტევს,
არ აქვს არვის შიში,
წარამარა იძახის:
ქიში,
ქიში,
ქიში!

მის მეტოქეს ყოველთვის
ადგას გასაჭირი;
რომ მოიგებს იცინის,
თუ წააგო, ტირის.


ძმები
ცხენჯოხებზე ამხედრდნენ
ზურაბი და თანდილა:
ცეროდენა თანდილას
ზურა უსწრებს ადვილად.
თან უმცროს ძმას აჯავრებს:
ჩემს ცხენს არ ჰყავს ბადალი,
ჩემი მიქრის ქარივით,
შენი მიდის ბანდალით.
ძმას გასძახა თანდილამ:
გააჩუმე ენაო,
შენი ცხენი კი არა,
თავად მისწრებ შენაო.

გაუკვირდა თანდილას
იცით, რა ახარებს და
რა აკვირვებს თანდილას?
მისმა ბატმა დაჩეკა
ჭუჭულები ამ დილას.
მოყვითალო ჭუჭულებს
ვერაფერი აშინებთ,
რუს მიადგნენ და ყველა
შიგ შეცურდა მაშინვე.
უკვირს თანდოს ძალიან,
ჩქერში რომ არ აწვალეს.
ჭუჭულებმა ნეტავი
ცურვა როდის ისწავლეს?