THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გუნდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი

ლელა ცუცქირიძე

(საბავშვო მოთხრობა თოვლის კაცებზე, რომლებიც პატარა და-ძმამ, ახახომ და ბაბალიკომ გააკეთეს)

* * *

ვახახო და ბაბალიკო და-ძმანი არიან. ვახახო ცხრა წლის წითური, ჭორფლიანი ბიჭია. ბაბალიკო ოთხი წლის ქალბატონი ბრძანდება - გაფშეკილი შავი თმით და დიდი, ლურჯი თვალებით.
ვახახოს და ბაბალიკოს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ბაბუ უყვართ. ბაბუ ბავშვებს სიურპრიზებით ანებივრებს. აი, ამასწინათაც, დეკემბრის ერთ სუსხიან საღამოს შვილიშვილებს სოფლიდან მანქანით თოვლი ჩამოუტანა.
ვახახომ პატარა თოვლის კაცი გააკეთა და გუდანდარა დაარქვა. ბაბალიკომ ერთი ციდა კაცუნა და ეს გუდუ-გუდუაო, გამოაცხადა.
ბავშვებმა ღამით გუდანდარა და გუდუ-გუდუ მეორე სართულის აივანზე დატოვეს და ტკბილად დაიძინეს.
როგორც კი სახლში სიჩუმემ დაისადგურა, გუდანდარამ ჯერ ვახახოს წითელი კეპი დაიხურა და ყელზე კუბოკრული შარფი შემოიხვია, მერე გუდუ-გუდუს ბაბალიკოს ბენდენა გაუკეთა, მისივე ჭრელი ჭაკეტი მოაცვა, უჰ, ძალიან კი გასიმპატიურდიო, დაჰკრა მხარზე ხელი და აივნიდან სულ ხვნეშა-ხვნეშით ჩაცოცდა.
- სად მიდიხარ? - თავი გაჰყო რიკულებში გუდუ-გუდუმ, - აქ მარტო მტოვებ?
- აბა, მთელი ღამე აივანზე ხომ არ ვიქნებით. ჩამოხტი, ცოტა გავისეირნოთ, თორემ ფეხები დამიბუჟდა, - ასძახა გუდანდარამ.
გუდუ-გუდუსაც მეტი რა უნდოდა, აივნიდან ისკუპა.
თოვლის კაცები ცარიელ ქუჩაში გამოვიდნენ, მიიხედ-მოიხედეს და სუპერმარკეტის განათებულ ვიტრინასთან შეჩერდნენ.
- ისე, ამ სასუსნავებს სიამოვნებით შევახრამუნებდი, - ნერწყვი გადაყლაპა გუდანდარამ ნაირ-ნაირი, ჭრაჭუნა პარკების დანახვაზე.
- ზედ ამ ლიმონათებსაც დავაყოლებდი, - აჰყვა გუდუ-გუდუც.
- ჰოდა, შევიდეთ მერე, რაღას ვუცდით? - გუდანდარამ გუდუ-გუდუს ფიჩხა ხელი ჩაჰკიდა და სუპერმარკეტში შეიყვანა.
გამყიდველ გოგონას დახლთან ნახევრად ეძინა, უცხო არსებების დანახვაზე კი ისე გაოგნდა, რომ ენა ჩაუვარდა.
გუდანდარამ დახლებს დაუარა, ტკბილეულის ჭრაჭუნა პარკები გუდუ-გუდუს მიაჩეჩა, თვითონ ერთი-ორი ლამაზი ბოთლი ამოიჩარა იღლიაში და ენაჩავარდნილ გამყიდველს თვალი ჩაუკრა:
- გოგონი, ამის ფულს ვახახო და ბაბალიკო გადაიხდიან.
სანამ გამყიდველი გოგონა გონზე მოვიდოდა, თოვლის კაცები გარეთ გამოვიდნენ, ნაძვის ხის ძირას ჩამოსხდნენ და ტკბილეულს დაერივნენ.
- მოდი, ერთი, ეს ლიმონითიც დავაყოლოთ, - გუდანდარამ ერთი ბოთლი გუდუ-გუდუს მიაწოდა, მეორე ბოთლი თვითონ მოიყუდა და წითელი სითხე გადაყლურწა. რაღა თქმა უნდა, გუდუ-გუდუმაც მას მიჰბაძა.
- რაღაც სხვა გემო აქვს, ხომ იცი, - დაეჭვდა ცოტა ხანში.
- რა მნიშვნელობა აქვს, კარგი კია და... - ყლურწვა გააგრძელა გუდანდარამ.
- მოიცა, მოიცა, ეს ლიმონათი კი არა, მგონი, ღვინოა, - ახითხითდა გუდუ-გუდუ, - დავთვერი, ხომ იცი?
- მეც არ გამიკვირდა? ისეთ ხასიათზე დავდექი, რომ სიმღერა მომინდა. მოდი, ერთი, მრავალჟამიერი დავაგუგუნოთ, - გუდანდარამ და გუდუ-გუდუმ სიმღერა შემოსძახეს. მართალია, თოვლის კაცები იყვნენ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არც თუ ისე ცუდად მღეროდნენ, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ფანჯრიდან ტაშიც დაუკრეს.
- არა, რა, ჩვენნაირი სიმღერა ბევრმა არ იცის, - ტაშის ხმა ძალიან ესიამოვნა გუდანდარას, - ზოგიერთებს კი არ ვგავართ, ფონოგრამებზე მარტო პირს რომ აღებენ.
- აბა, აბა, - მხარი აუბა გუდუ-გუდუმაც, - ვაჩვენოთ ერთი, როგორ უნდა იმღერონ კარგი ქართული სიმღერა.
თოვლის კაცებმა სიმღერა გააგრძელეს.
გამთენიისას ვახახოს და ბაბალიკოს კარზე ზარი დაირეკა.
კარი ბებომ გააღო და გაოგნებისგან შეჰკივლა.
- რა გაკივლებთ, ქალბატონო, მთვრალი თოვლის კაცები არ გინახავთ? – აბურტყუნდა გუდანდარა, - თუ შეიძლება, სახლში შემოგვიშვით, ისე გვეძინება, ფეხზე ძლივს ვდგავართ.
- ღმერთო ჩემო, ესღა გვაკლდა, ბავშვებთან მთვრალი თოვლის კაცები მოდიან, - აქოთქოთდა ბებო.
- რა ხდება? - გამოვიდა ბაბუც. გუდუ-გუდუს და გუდანდარას დანახვა ჯერ მასაც გაუკვირდა, მაგრამ მერე ჩაიცინა და თოვლის კაცები სახლში შეიპატიჟა.
- რა გიყოთ, ახლა, ჰა? - ჩაფიქრდა ბაბუ.
- როგორ, არ იცით? - გაიჭიმა გუდუ-გუდუ, - სადმე მოგვასვენეთ, ბატონო, მთელი ღამე არ გვიძინია.
ბაბუმ მაცივრის კარი გამოაღო და თოვლის კაცები შიგნით შესვა.
- იცოდეთ, სიმღერა არ შემოსძახოთ, ბავშვები არ გამიგიჟოთ, - თითი დაუქნია გუდუ-გუდუს და გუდანდარას, - საღამომდე აქ იყავით, გამოიძინეთ, მერე კი რამეს მოვიფიქრებთ.
გუდანდარამ მაცივრის თაროებს მოავლო თვალი და ბაბუს გამოსძახა:
- ისე, სტუმრის პატივისცემა თუ გინდათ, “ბორჯომი” მოგვიტანეთ, “ბორჯომი”, თორემ გაშრა ყელი და ეგაა!

* * *
ვახახომ და ბაბალიკომ თვალი გაახილეს თუ არა, აივნისკენ გაიხედეს და თოვლის კაცები რომ ვეღარ დაინახეს, გული დასწყდათ.
- ეჰ, ჩვენი თოვლის კაცები ალბათ დადნნენ, - ამოიოხრა ბაბალიკომ.
- ჰო, მაგრამ ღამით რომ ყინავდა? - დაეჭვდა ვახახო.
- გაიღვიძეთ, ჩემო მერცხლებო? აბა, მოწესრიგდით და სამზარეულოში გამოდით, - ოთახში შემოვიდა წინსაფარაფარებული ბებო.
- ბება, რა მოგვიმზადე? - ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოში შეტყაპუნდა ბაბალიკო, - რა კარგი სუნიაა!
- რა და შენი საყვარელი “ალადები”, - თავზე გადაუსვა ბებომ ხელი ბაბალიკოს.
- აუ, მაგას კარაქიანი პური მირჩევნია, - ცხვირი აიბზუა ვახახომ და მაცივრის კარი გამოაღო. ჰოდა, გამოაღო თუ არა, თოვლის კაცებმა იატაკზე მოადინეს ზღართანი!
- რა ხდება, რა ამბავია, აღარც “ბორჯომი” მინდა და აღარც არაფერი! - აყვირდა გუდანდარა, - ისედაც რადიკულიტი დამემართა ამ მაცივარში ჯდომისგან და ახლა დაბლა არ გადმოგვყარეს?!
- ადამიანები არიან ახლა ესენი? არა, რა, ყველას ჩვენ როგორ უნდა ვასწავლოთ ზრდილობა და სტუმრის პატივისცემა, - აჰყვა გუდანდარას გუდუ-გუდუც და - ვახახოს გაეჭიმა, - რატომ გაგავაღვიძე?
- მეე? ისა... თქვენ... არაა... მგონი, სიზმარში ვარ, - ენა დაება გაოგნებულ ვახახოს და თვალები დახუჭა.
- აი, ასეა, ერთ ღამეში ივიწყებენ ძველ მეგობრებს, - სავარძელში ძლივს ჩაეკვეხა გუდანდარა.
- დილა მშვიდობისა, - ჩაეხუტა თოვლის კაცებს გახარებული ბაბალიკო.
- აი, წესიერი ბავშვი, - ესიამოვნა გუდუ-გუდუს, - ამას კი არ ჰგავს, დაუღია პირი და მოგვჩერებია, - მერე დოინჯშემორტყმული მიუბრუნდა ვახახოს, - ბიჭო, “ბეტმენის” გჯერა, “სუპერმენის” გჯერა, “სპაიდერმენის” გჯერა და კიდევ ათასი სისულელის და ჩვენი არსებობა რატომ გიკვირს?
ვახახომ როგორც იქნა დაიჯერა, რომ წუხანდელი თოვლის კაცები გაცოცხლდნენ და სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა.
- აბა, ჰკითხეთ ერთი ბებოს, რას მოგვართმევს ამ დილას, “ბორჯომი” არ გვაღირსეს, ბატონო და.. - მუცელზე ჩამოისვა ხელი გუდანდარამ.
- ესენიღა აკლდა ამ სახლს, - ჩაიბურტყუნა ბებომ, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, ყველა სუფრასთან მიიწვია. სანამ ვახახო და ბაბალიკო მაგიდას მიუსხდებოდნენ, თოვლის კაცებმა ყველაფერი თვალისდახამხამებაში გადასანსლეს.
- თქვენ ყველა სიკეთესთან ერთად, ღორმუცელებიც ყოფილხართ, - გაბრაზდა ბებო, - ბავშვები მშივრები დატოვეთ. ახლავე მიბრძანდით აქედან!
- მოითმინეთ, ქალბატონო, არსადაც არ წავალთ, ჩვენ ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ და რამდენ ხანსაც გვინდა, აქ იმდენ ხანს დავრჩებით! - სიტყვით გამოვიდა გუდანდარა.
- ბება, არ გაყარო, რა, - შეეხვეწა ბებოს ბაბალიკო და კალთაზე მოეხვია, - ჩვენ მოვუვლით.
ბავშვებმა თოვლის კაცები თავის ოთახში გაიყვანეს.
- აუ, მაგარია, სკოლაში ბიჭები გაგიჟდებიან, არც დამიჯერებენ, - თქვა ვახახომ.
- რას ჰქვია, არ დაგიჯერებენ? არა, ამათ ვინ ვგონივართ? - იწყინა გუდანდარამ, - ერთი, წამიყვანე იმ შენს სკოლაში და მაგათ ვაჩვენებ, როგორ უნდა დაიჯერონ ნამდვილი თოვლის კაცების არსებობა.
ვახახოსაც მეტი რა უნდოდა, ძლივს ჩატენა გუდანდარა ზურგჩანთაში და სკოლაში წაიყვანა.
გუდუ-გუდუ კი ბაბალიკოსთან დარჩა დედა-შვილობანას სათამაშოდ.
- ახლა ცოტა ხნით აივანზე გავალ, თორემ გავცხელდები, - ცოტა ხნის მერე შუბლზე მოისვა ხელი გუდუ-გუდუმ.
- ეგ რას ნიშნავს? - ცნობისმოყვარედ იკითხა ბაბალიკომ.
- აი, თქვენ ხომ სიცივეში ცივდებით და ავად ხდებით, ჩვენ თოვლის კაცები, პირიქით, სიცხეში ვცხელდებით და ამას ჩვენი ავად გახდომა ჰქვია, - აუხსნა გუდუ-გუდუმ და აივანზე გავიდა.
სწორედ ამ დროს მეზობლის ქალი, ცარო, თავის აივანზე ხალიჩას ფერთხავდა.
- ფუჰ, არ აამტვერა აქაურობა? - დააცემინა გუდუ-გუდუმ, მოაჯირზე აფოფხდა და ცაროს გასძახა, - ქალბატონო, პატივი ეცით მეზობლებს, შეიძლება ასე აამტვეროთ მთელი სახლი? თუ თქვენს მეტი აქ არავინ ცხოვრობს?
ცაროს უცნაური კაცუნას დანახვაზე გული წაუვიდა და ხალიჩას გადაეკიდა.
- ვაიმე, გუდუ-გუდუ, ეს რა ჰქენი? - ლოყებზე შემოიდო ხელი ბაბალიკომ და ყვირილი ატეხა.
ბებო შეშინებული გამოვარდა აივანზე და ხალიჩაზე გადაფენილი ცაროს დანახვაზე ლამის თვითონაც წაუვიდა გული.
ამასობაში ცაროს შვილმაც გამოიხედა და გულწასული დედა აივნიდან ჩამოხსნა.
- ესღა მაკლდა, ამ საძაგლებმა მეზობლებს უნდა წამაჩხუბონ, - აქოთქოთდა ბებო და გუდუ-გუდუს დაუცაცხანა, - არ დაგინახო აივანზე გასული!
- სადაც მინდა, იქ გავალ, მე თავისუფალი მოქალაქე ვარ! - გაიბრიქა გუდუ-გუდუ, მაგრამ გაბრაზებულმა ბებომ გუდუ-გუდუს ჟაკეტში წაავლო ხელი და მაცივარში შესვა, - გარეთ გამოსული არ დაგინახო, თორემ დღესვე ბოქლომს დავადებ ამ მაცივარს!
- პროტესტს ვაცხადებ! ეს ხომ თოვლის კაცების უფლებების შელახვაა! იცოდეთ, ამ წუთიდანვე შიმშილობას გამოვაცხადებ!
- ჰოდა, ძალიან კარგსაც იზამ, მაინც ბევრს ჭამ, - არ ჩამორჩა ბებო.
- პირდაპირ, საოცარია, ასეთ ურჩხულს როგორ გიძლებთ ქმარი, თანაც რა წესიერი კაცია,- მაცივრიდან განაგრძობდა ყვირილს გუდუ-გუდუ, - მოიცადე, მოვა და ვეტყვი, რა დღეშიც მაგდებთ.
ბებოს ყურადღება არ მიუქცევია გუდუ-გუდუს ყვირილისთვის, ისედაც ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი.
ახლა მოგიყვებით, რა მოხდა, როცა ვახახომ გუდანდარა სკოლაში წაიყვანა.

* * *
აბა, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, თქვენს კლასში რომ მოიყვანოს ვინმემ ნამდვილი, ცოცხალი თოვლის კაცი, რა მოხდება?!
ჰოდა, ვახახოს კლასშიც დიდი ამბავი ატყდა: გოგონები გუდანდარას თითს ადებდნენ, მართლა ცოცხალია თუ არაო. გუდანდარას ეღიტინებოდა და სიცილისგან ბჟირდებოდა. ბიჭებს თავიდან კი შეეპარათ ეჭვი, ეს თოვლის კაცი კი არა, ვინმე მსახიობი იქნებაო, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, რომ გუდანდარას მსახიობობის არაფერი ეტყობოდა და ათასი კითხვა დააყარეს: აქ როგორ მოხვდიო, სად ცხოვრობო, ლაპლანდიიდან ჩამოხვედი თუ სხვა პლანეტიდანო...
- არა, ლაპლანდიაში რა მინდოდა? - იწყინა გუდანდარამ, - რომ იცოდეთ, მე აქვე, უკეთეს ადგილას ვცხოვრობ, ჩვენს მთებში.
კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა აურზაური, მაგრამ ზარი დაირეკა და ბავშვები გასუსულები მიუსხდნენ მერხებს, ინგლისურის გაკვეთილი ეწყებოდათ.
- იცოდე, ჩვენი ინგლისურის მასწავლებელი ძალიან მკაცრი ქალია, ჩუმად იყავი და ხმა არ ამოიღო, თორემ ორივეს დირექტორთან შეგვიყვანს, - გააფრთხილა ვახახომ გუდანდარა და მერხში შესვა.
- დღეს საკლასო წერა გვექნება, - შემოსვლისთანავე უთხრა ინგლისურის მასწავლებელმა ბავშვებს, - “წერილი სანტა კალაუსს”.
- რაო? სანტა კლაუსსო? - აღშფოთდა გუდანდარა, სულ გადაავიწყდა ვახახოს გაფრთხილება და მერხიდან გამოძვრა.
მასწავლებელმა თოვლის კაცი რომ დაინახა, შიშისგან შეჰკივლა და სკამზე გადაესვენა.
გუდანდარას ბევრი აღარ უფიქრია, მაგიდაზე მდგარ დოქს ხელი დაავლო და გულწასულ მასწავლებელს სახეში წყალი შეასხა.
მასწავლებელმა თვალები გაახილა, დახუჭა, ისევ გაახილა, ისევ დახუჭა, ისევ გაახილა, მიხვდა, სიზმარში რომ არ იყო და ბედს შეეგუა.
- ასეთი ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით და რა სუსტი გული გქონიათ. ვიცნობდეთ ერთმანეთს, მე გუდანდარა გახლავართ, - გაეჯგიმა გუდანდარა მოსულიერებულ მასწავლებელს და როგორც ნამდვილ მამაკაცს შეჰფერის, კეპი მოიხადა.
- მასწავლებელო, ეს... ეს... ურჩხული არ გეგონოთ, თოვლის კაცია, - აბურტყუნდა შეშინებული ვახახო.
- შენ ჩუმად იყავი, - თითი დაუქნია გუდანდარამ ვახახოს და მასწავლებელს მიუბრუნდა: - ჩვენ თვითონ გავარკვევთ ურთიერთობებს, ასე არაა?
- დიახ, მაგრამ, თქვენ... თქვენ... - მასწავლებელს ჯერ კიდევ ებმოდა ენა.
- აი, რა, ჩემო მშვენიერო, ქალბატონო ინგლისურის მასწავლებელო, მაინტერესებს, სანტა-კლაუსს რომ წერთ წერილს, ჩვენ, ქართველმა თოვლის კაცებმა რა დავაშავეთ?
- ეს, ეს ინგლისურის გაკვეთილია და სანტას იმიტომ ვწერთ წერილს, თანაც, სიმართლე თუ გინდათ, თოვლის კაცი საერთოდ თვალითაც არ მინახავს... აქამდე, - გაინაზა მასწავლებელი.
- ჰოდა, ახლა ხომ მხედავთ? გულწრფელად მითხარით, თქვენს სანტა კლაუსს არ ვჯობივარ? - გუდანდარამ დოინჯი შემოირტყა და მასწავლებლის წინ გაიარ-გამოიარა.
- როგორ გითხრათ, - გაწითლდა ინგლისურის მასწავლებელი, - იცით, მე მგონი, მართალს ბრძანებთ, მაგრამ მე თქვენ სულ არ გიცნობთ...
- ჰმ, მაგაზე ადვილი რა არის? წავიდეთ, გავისეირნოთ, მერე სადმე კაფეში დავსხდეთ და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, - გუდანდარა პასუხს აღარ დაელოდა, მასწავლებელს ხელ-კავი გამოსდო და კლასიდან გაიყვანა, სიმართლე რომ ვთქვათ, მასწავლებელიც სიამოვნებით გაჰყვა.
“მგონი, ჩვენს გუდანდარას მასწავლებელი შეუყვარდა,” - გაიფიქრა ვახახომ და გუდანდარას გაეკიდა, - სახლში არ მოდიხარ?
- სახლში როცა მინდა, მაშინ მოვალ, - წარბი ასწია გუდანდარამ, - მე, სხვათა შორის, სრულწლოვანი თოვლის კაცი ვარ და კარგ ქალბატონებთან შეხვედრის სრული უფლება მაქვს.
- კი მაგრამ, გუდუ-გუდუს რა ვუთხრა? - იკითხა ვახახომ.
- გუდუ-გუდუ რა შუაშია? - გაიკვირვა გუდანდარამ, - თუ უნდა, თვითონაც გაიცნოს ვინმე და შეხვდეს. მე, პირადად, გამეხარდება.
- კარგი, კარგი, - ყურები ჩამოყარა ვახახომ, - ვიფიქრე, სახლში კარგად გავერთობოდით.
- კი ბატონო, როცა მოვალ, გინდა ეზოში ჩავიდეთ და გინდა კომპიუტერში ვითამაშოთ, - მხარზე ხელი დაჰკრა გუდანდარამ ვახახოს.
- კარგი რაა, შენ რა, კომპიუტერშიც იცი თამაში? - არ დაიჯერა ვახახომ.
- ბიჭო, ბაბალიკოც კი გაჯობებს ჭკუით, - გაიცინა გუდანდარამ, - ის თუ შევძელი, თოვლის გროვიდან თოვლის კაცად გადავქცეულიყავი, კომპიუტერში თამაშს ვერ მოვახერხებ თუ რა?
დაფიქრებული ვახახო კლასში შებრუნდა.
- ხო, მართლა, - მიაძახა გუდანდარამ, - სახლში მისვლამდე მაღაზიაში შეიარე და ჩემთვის “ბორჯომი” ან ლუდი იყიდე. მგონი, დილისთვის დამჭირდება.

* * *
საღამოს, მთელი ოჯახი, გუდანდარას გარდა, ტელევიზორს უყურებდა.
- არა, სად დაბრძანდება ამდენ ხანს, პატრონი არ ჰყავს? - ვერ ისვენებდა ბაბალიკოს გვერდით მჯდარი გუდუ-გუდუ.
- ერთი ვიცოდე, ვისზე ბუზღუნებ! - სათვალის ზემოდან გადახედა ბებომ.
- ვისზე და გუდანდარაზე. მე რომ ამ დროს სახლში არ ვიყო, მთელ ქვეყანას ააწრიალებთ, იმ ვაჟბატონს კი ყველაფერი ეპატიება, არა? - არ ცხრებოდა გუდუ-გუდუ.
- რომელ ქვეყანას ავაწრიალებ? - გაიცინა ბებომ, - წადი და ნახავ, თუ მოგძებნი საერთოდ.
- ამ სახლში ოცნებაც არ შეიძლება, იქნებ გულში მსიამოვნებს, ამას რომ ვამბობ?- გაიბუსხა აგუდუ-გუდუ.
- მე ავწრიალდები, გუდუ-გუდუ, ნუ გეშინია, - ჩაეხუტა ბაბალიკო გუდუ-გუდუს.
- აი, ნამდვილი ანგელოზი, ზოგიერთივით ჩემს გაგდებაზე კი არ ოცნებობს, - ესიამოვნა გუდუ-გუდუს ბაბალიკოს მოფერება, - არა, მაინც, სად დადის ეს კაცი, ამ შუაღამისას სახლს როგორ მოაგნებს? - აფორიაქდა ისევ.
- ნუ გეშინია, სახლის გზა არ დაავიწყდება. თანაც, კაცი, მგონი, შეყვარებულია, აცადე, რა! - ჩაიცინა ბაბუმ.
- რაო, შეყვარებულიაო? - ყურები ცქვიტა გუდუ-გუდუმ.
- ჰო, შენ რა, არ იცოდი? გუდანდარამ ჩემი ინგლისურის მასწავლებელი კაფეში დაპატიჟა, - ახითხითდა ვახახო.
- მერე, არ გრცხვენია? მე რატომ არ მითხარი? - გაბრაზდა გუდუ-გუდუ.
- რა ვიცი, ყველას ვუთხარი და... - მხრები აიჩეჩა ვახახომ.
- ჰმ, მე კი, ამ ქალბატონის წყალობით ვერაფერს ვიგებ, - ბებოს გადახედა გუდუ-გუდუმ, - მთელი დღე მაცივარში ვზივარ და ცარიელ იოგურტის კოლოფებს და ყველის ნამცეცებს მივჩერებივარ.
- სხვათა შორის, სანამ შენ შეგსვამდი, იოგურტის კოლოფებიც სავსე იყო და ნამცეცების მაგივრადაც მთლიანი ყველი იდო მაცივარში, - ჩაილაპარაკა ბებომ. -ღმერთო ჩემო, ამ ქვეყნად სამართალია? ერთს უკანონოდ აპატიმრებენ და ლუკმას უთვლიან, მეორე კი, მშვენიერ დროს ატარებს, თანაც სრულიად დაუმსახურებლად, - სტაფილოს ცხვირი ჩამოუშვა გუდუ-გუდუმ, - მე ვიცი, მაგ ვაჟბატონს რა დღესაც დავაყრი, - გაბრაზებული გდუ-გუდუ ოთახში შეიკეტა.
ცოტა ხანში ტელეფონმა დარეკა და ბებო და ბაბუ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც ყველა ერთად წავიდა.
გუდანდარა გისოსებს Mმიღმა იდგა და მთელი ხმით ყვიროდა:
- ამას არ შეგარჩენთ, ევროსასამართლოში გიჩივლებთ!
- რა მოხდა? - იკითხა ბაბუმ.
- იცით, ცოტა ხნის წინ დაგვირეკეს და ამ პიროვნებაზე გვითხრეს, დაიკარგაო, - უთხრა ბაბუს პატრულმა, - ჩვენ ოპერატიულად დავიწყეთ ძებნა და კაფეში მივაგენით, მშვენიერ ქალბატონთან ერთად შამპანურს წრუპავდა. ჰოდა, როცა მდგომარეობის გარკვევას შევეცადეთ, ისეთი მუჯლუგუნები გვითავაზა, რომ დავაპატიმრეთ.
- მუჯლუგუნზე მეტი რომ არ მოგვხდათ, მადლობა მითხარით, - ისევ აყვირდა გუდანდარა და ბაბუს მიუბრუნდა, - ამას ვაპატიებ? მანდილოსანთან ერთად სუფრასთან ვიჯექი, მის სადღეგრძელოს ვსვამდი და ამ დროს, მის თვალწინ ჩემი დამცირება მოინდომეს.
- კი მაგრამ, ნეტავ პატრულს ვინ დაურეკა, ჩვენ ისედაც ვიცოდით, სადაც იყავი, - ჩაფიქრდა ბაბუ.
- მტრები მყავს, მტრები! - აყვირდა ისევ გუდანდარა და უცებ გონება გაუნათდა, - ერთი გუდუ-გუდუ სად არის, დამანახეთ.
- ამ წუთას აქ იყო, - ძებნა დაუწყეს გუდუ-გუდუს.
- ეს სულ მაგის ოინებია. ეტყობა, ჩემი წარმატებები ვერ აიტანა. გუდუ-გუდუ, გირჩევნია, არ დამენახო, თორემ ცეცხლს წაგიკიდებ და დაგადნობ, - გულზე ხელებს იბრახუნებდა გუდანდარა.
რკინის კარს უკან დამალული გუდუ-გუდუ კი გულიანად ხითხითებდა.
- კარგით ახლა, ამ ახალი წლის დღეებში თოვლის კაცის დაჭერა იქნება? სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს, - გადაულაპარაკა პატრულს ბაბუმ.
- ისე, მართალი ხართ, - გაეცინა პატრულს, - ესენი ისეთი თოვლის კაცები არიან, სჯობს, სახლში გყავდეთ, თორემ სხვა თოვლის კაცებსაც შეყრიან და მიტინგს გამართავენ. მობრძანდით, ყველას ჩვენი მანქანით წაგიყვანთ შინ.
- ვერც მიხვდი, რა სიკეთე გაგიკეთე, - გადაუჩურჩულა გუდუ-გუდუმ გუდანდარას, როცა სახლში განმარტოვდნენ, - ტაქსის ფული შენ არ გქონდა და ძალიან შერცხვებოდი იმ შენს პრინცესასთან. ახლა კი, ხომ ხედავ, ჩემი წყალობით, პრეზიდენტივით, დაცვამ მოგაცილა სახლამდე...

* * *
- რა კარგიაა, დღეს სასეირნოდ მივდივართ! - გამოტანტალდა ოთახიდან ბაბალიკო და ბებოს ჩაეხუტა:
- ბება, დღეს ხომ მივყავარ ბაბუს სასეირნოდ?
- კი, ბებო, კი. ახლა თბილად ჩაგაცმევთ და მალე წახვალთ.
- მეც მინდა სეირნობა, - სამზარეულოში შემოვიდა ვახახოც, - ბე, რას მაჭმევ?
- ჯერ ხელ-პირი დაიბანე და მერე იფიქრე საუზმეზე.
- აუუ, ისეთი სუნია, ნამდვილად ხაჭაპური ცხვება, - ცხვირი აათამაშა ვახახომ.
ბებომ ბავშვები ჩასაცმელად საძინებელში გაიყვანა.
- რა ხდება, რა ხმაურია? - თავი გამოყო მაცივრიდან გუდანდარამ, - ამ ოჯახში ძილს როდის დაგვაცდიან?
- ოჯახი კი არა, საგიჟეთია, - გუდანდარას უკნიდან თავი გამოყო გუდუ-გუდუმაც, - მოიცა, რაღაც ძალიან კარგი სუნი დგას, ეტყობა, ბებო ხაჭაპურს აცხობს.
ნერწყვმომდგარი გუდუ-გუდუ გუდანდარას ისე მიაწვა, რომ ჯერ გუდანდარა გადმოვარდა გარეთ, მერე გუდუ-გუდუ დაეცა ზემოდან.
- რა იყო, მუცლის გულისთვის შეიძლება ასე გამწირო? - აყვირდა გუდანდარა, მაგრამ გუდუ-გუდუს მისთვის არ ეცალა, ხაჭაპურის შეჭმა არავინ დამასწროსო, უცბად წამოხტა და სანამ ბებო ბაბალიკოს აცმევდა, ერთი მთლიანი ხაჭაპური წამებში გადასანსლა. გუდანდარაც არ ჩამორჩა. ასე, რომ, როცა ოჯახის წევრები სამზარეულოში დაბრუნდნენ, მაგიდაზე ხაჭაპურების ნაცვლად ცარიელი თეფშიღა იდო, რომელსაც გუდუ-გუდუ საგულდაგულოდ ლოკავდა.
- არა, ამათი ატანა უკვე შეუძლებელია. ან ესენი, ან მე, - გაბრაზდა ბებო.
- კარგი რა, ბება, ამათაც ხომ უნდათ ჭამა, - გუდუ-გუდუს მიეფერა ბაბალიკო და ყურში ჩასჩურჩულა, - იცი, გუდუ-გუდუ, დღეს ბაბუმ სასეირნოდ უნდა წაგვიყვანოს.
- სასეირნოდო? - წარბები ასწია გუდუ-გუდუმ, - მერე ჩვენ?
- თქვენც მიბრძანდით, ბატონო, მე თქვენი გაძლების თავი არ მაქვს, - ბებომ ახალი ხაჭაპური გადმოიღო ტაფიდან, - იცოდეთ, ამას ხელი არ დააკაროთ, ბავშვებმა უნდა ისაუზმონ.
- არა, რა, ყველაფერს ბედი უნდა. რაღა ამ ოჯახში მოვხვდით, ასეთი ძუნწი ბებია ცხოვრებაში არ მინახავს, - აქოთქოთდა გუდანდარა.
- აბა, აბა, ჩვენ ბებოს კი არ ჰგავს, - კვერი დაუკრა გუდუ-გუდუმ.
- თქვენ რა, ბებოც გყავთ? - გაუკვირდა ვახახოს.
- ვითომ რატომ არ უნდა გვყავდეს? - ცხვირი აიბზუა გუდანდარამ, - იცი, რა ფუმფულა, კეთილი თოვლის ბებო გვყავს? არავის ეჩხუბება და ყველა უყვარს: ნამდვილი ბავშვებიც და თოვლის ბავშვებიც.
- თოვლის ბავშვებიც არსებობენ? - ახლა ბაბალიკომ დააღო პირი.
- არსებობენ, არსებობენ, - გაიცინა გუდანდარამ, - ჩვენთან, გუდანდარეთში, ყველა თოვლისაა, დიდებიც და ბავშვებიც.
-ეჰ, თანაც ჩვენი ბებო ისეთ გემრიელ ხაჭაპურებს გვიცხობს... ზოგიერთივით ცოტა ყველს კი არ დებს შიგნით, - თვალი გააპარა ბებოსკენ გუდუ-გუდუმ.
- რა ვიცი, ერთ წამში კი გადასანსლე და... - ეწყინა ბებოს.
- ეჰ, მშიერი კაცი რას არ შეჭამს, - ჩაიბურტყუნა გუდუ-გუდუმ.
ამასობაში ბავშვებმა ისაუზმეს და ბაბუც მოვიდა ბაზრიდან.
- აბა, მზად ხართ უკვე? - მიეფერა პატარებს.
- ბაბუ, ჩვენ კი ვართ მზად, მაგრამ იქნებ თოვლის კაცებიც წავიყვანოთ რა? - შეეხვეწა ბაბალიკო.
- ხო, წაიყვანეთ, თორემ, ამათ ხელში წნევა ამიწევს და შეიძლება მოვკვდე კიდეც, - თქვა ბებომ.
- შენ დაწყნარდი, - უთხრა ბაბუმ, - წავიყვანთ, აბა რა.
- აი, ნამდვილი კაცი, - გაეხარდა გუდუ-გუდუს, - იცის სტუმრის პატივისცემა.
ასე იყო თუ ისე, ბაბუ, ვახახო, ბაბალიკო, გუდანდარა და გუდუ-გუდუ სასეირნოდ წავიდნენ.
...გადასასვლელთან, ბაბუს მეზობელი შეხვდა და ლაპარაკი გაუბა. ბაბუმ ერთი წამით გაუშვა ხელი ბაბალიკოს. ბაბალიკომ იფიქრა, გადასვლის დროაო და გზაზე გადავიდა. სწორედ ამ დროს მოსახვევიდან დიდი სისწრაფით გამოვარდა მანქანა. გუდანდარამ და გუდუ-გუდუმ მოასწრეს, ბაბალიკოს ხელი ჰკრეს და ტროტუარისკენ გადააგდეს, მაგრამ მანქანამ ორივეს დაარტყა!
თოვლის კაცები ჯერ ჰაერში ავარდნენ და მერე მიწაზე დაენარცხნენ. ყველაფერი წამებში მოხდა. როცა ბაბუმ და ვახახომ მოიხედეს, ბაბალიკო იდგა და ტიროდა, მიწაზე კი თოვლის კაცების მაგივრად თოვლის გროვა ეყარა.
ბაბუ და ვახახო გაოგნებულები იდგნენ, მერე ბაბუმ ბაბალიკო ხელში აიყვანა, მაგრად ჩაიხუტა და თოვლის გროვას მიუახლოვდა.
- ჩემი თოვლის კაცებიი, ჩემი ბრალიაა! - ღრიალებდა ბაბალიკო.
- კარგი ბაბუ, დაწყნარდი, რამეს მოვიფიქრებთ. როგორები ყოფილან, შენ გადაგარჩინეს და თვითონ... - ბაბუმ ჩუმად მოიწმინდა თვალებზე მომდგარი ცრემლი.
- მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ, - თავში შემოირტყა ხელი ვახახომ. - მოდი, ბაბალიკო, თავიდან გავაკეთოთ თოვლის კაცები.
- მართლა? - გაეხარდა ბაბალიკოს, - მერე, რომ არ გაცოცხლდნენ? - მოიწყინა ისევ.
- გააკეთეთ ბაბუ, გააკეთეთ, მაგათ თქვენ ისე უყვარხართ, აუცილებლად გაცოცხლდებიან.
ვახახომ და ბაბალიკომ თოვლის გროვისგან თავიდან გააკეთეს გუდანდარა და გუდუ-გუდუ და გულისფანცქალით დაიწყეს ლოდინი, როდის გაცოცხლდებოდნენ თოვლის კაცები.
ცოტა ხანში გუდანდარამ აფცხიო, გულიანად დააცემინა და თვალები გაახილა.
მაშინვე დააცემინა გუდუ-გუდუმაც და მანაც გაახილა თვალები.
- კი, მაგრამ, მგონი, ჩემი ცხვირი გიკეთია, - ცხვირზე წაავლო ხელი გუდანდარამ გუდუ-გუდუს.
- მე კი არ მიკეთია შენი ცხვირი, შენ გიკეთია ჩემი ცხვირი, - გუდუ-გუდუმაც წაავლო ხელი ცხვირზე გუდანდარას.
- აი, ესენი ნამდვილად ჩვენი გუდანდარა და გუდუ-გუდუ არიან, - გაიცინა ბაბუმ მოჩხუბარი თოვლის კაცების დანახვაზე, - წავიდეთ, სახლში წავიდეთ.
- მოიცა, აბა, ვისეირნოთო? - გაიკვირვეს თოვლის კაცებმა.
- კი მაგრამ, თქვენ რა, არაფერი გახსოვთ? - გაუკვირდა ვახახოს.
- რა უნდა გვახსოვდეს?
- რა და მე რომ გადამარჩინეთ, - ჩაეხუტა თოვლის კაცებს ბაბალიკო და ყველაფერს მოუყვა.
- ხედავ შენ? - გადახედა გუდანდარამ გუდუ-გუდუს, - რა მაგრები ვყოფილვართ?
- რა ვიცი, ჩვენთვის ხაჭაპურიც ენანებათ და... - თქვა გუდუ-გუდუმ.
- წამოდით, წამოდით, და მარტო ხაჭაპურს კი არა, ბებო დღეს ხინკალსაც გაგიკეთებთ. - მხრებზე მოხვია ხელი ბაბუმ თოვლის კაცებს და სახლისკენ წაიყვანა.
- ისე, ჩემგან რა გესწავლებათ და ხინკალს ხომ იცით, რაც უხდება? - გადაულაპარაკა გუდანდარამ ბაბუს.
- ვიცი, ვიცი, ყველაფერი ვიცი, დღეს თქვენ ბაბალიკო გადამირჩინეთ, ასე რომ, ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ.
...მთელი საღამო ბებო ხინკალს ახვევდა და განსაკუთრებული ყურადღებით ემსახურებოდა გუდანდარას და გუდუ-გუდუს. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, თოვლის კაცებმა ხომ ბაბალიკო გადაურჩინეს!

* * *
დილას, როცა ყველა საუზმობდა, ტელეფონმა დარეკა.
- კი, მაგრამ, ვისი მობილური რეკავს, შენსას რომ არ ჰგავს? - გაუკვირდა ბებოს და ბაბუს გადახედა.
- ეს მე მირეკავენ, - გაიბღინძა გუდანდარა და მობილური მოიმარჯვა.
- ოო, ჩემო ქალბატონო, როგორ ბრძანდებით... დიდი სიამოვნებით, ნახევარ საათში მზად ვიქნები, - გუდანდარამ საუბარი დაამთავრა და ყველას ამაყად გადახედა.
- კი, მაგრამ, მობილური საიდან გაქვს? - თვალები გადმოქაჩა გუდუ-გუდუმ.
- საიდან და მაჩუქეს, რა იყო, ხომ არ შეგშურდა? - წარბი ასწია გუდანდარამ, -მადლობა ღმერთს, ამ ქვეყნად ჯერ კიდევ არიან კეთილი ადამიანები, ზოგიერთებისგან განსხვავებით.
- მოიცა, მოიცა, ეს მობილური ჩემმა მასწავლებელმა ხომ არ გაჩუქა? - პირი დააღო ვახახომ.
- ვერ გავიგე, რა გიკვირთ, ჩემნაირი თოვლის კაცები ქუჩაში კი არ ყრია, - იწყინა გუდანდარამ, - აბა, ერთი, ეგ ნამცხვარი მომაწოდეთ, ძალიან მეჩქარება, უნდა მოვემზადო, - უთხრა ბებოს.
- სად მიდიხარ?
- გუდაურში დამპატიჟეს.
- რაა? - სულ გაგიჟდა გუდუ-გუდუ, - მერე მე?
- შენ აქ დარჩი, ბავშვებს მიხედე, მე წავალ და საღამოს თოვლს ჩამოგიტან - გაიცინა გუდანდარამ.
- რად მინდა თოვლი, თოვლის არ ვარ? - თვალზე ყინულის ნატეხი მოადგა გუდუ-გუდუს, - ესაა შენი მეგობრობა, ჩემო გუდანდარა? ასეო, ისეო, ძმა ხარო, ჩემიანი ხარო... ჰოდა, როგორც კი თავი კარგად იგრძენი, მაშინვე დამივიწყე, არა? კი ბატონო, სადაც გინდა, იქ წაბრძანდი იმ შენს პრინცესასთან ერთად, მე კი სახლში ვიქნები, - გუდუ-გუდუ მაცივარში შეძვრა, - ჩამკეტეთ გარედან, არავის ნახვა არ მინდა!
- კარგი, კარგი, შენც წამოდი, - შეეცოდა მეგობარი გუდანდარას.
- ხომ დაბრუნდებით? - თოვლის კაცებს ჩაეხუტა ბაბალიკო.
- აუცილებლად... - თავზე ხელი გადაუსვა გუდანდარამ ბაბალიკოს და გუდუ-გუდუს გადახედა. მერე თოვლის კაცები ყველას დაემშვიდობნენ და კარი გაიხურეს.
საღამოს ინგლისურის მასწავლებელმა ბავშვებს თოვლის კაცების წერილი მოუტანა.
- ღმერთო, როგორი ჯენტლმენი, როგორი ადამიანი, სადღა ვიპოვო ასეთი? - სლუკუნებდა ინგლისურის მასწავლებელი და ცრემლებს იმშრალებდა.
წერილში კი აჩხა-ბაჩხა ასოებით ეწერა:
“ჩვენო ვახახო და ბაბალიკო,
გადავწყვიტეთ, ჩვენს სახლში, გუდანდარეთში დავბრუნდეთ, აქედან არც ისე შორსაა. ყველაფრისთვის დიიიდი მადლობა!
არ ვიცით, როდის, მაგრამ კიდევ გესტუმრებით, იმიტომ, რომ თქვენი ოჯახის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებთ. მანამადე კი, ჩვენო საყვარელო, პატარა ბავშვებო, წერილებს მოგწერთ-ხოლმე. რა ვქნათ, არ გვიყვარს ეს მესიჯები და სკაიპები.
P.S. ხო, მართლა, საახალწლო სურვილები სანტა კლაუსს კი არა, ჩვენ მოგვწერეთ,
და ახალი წლის ღამეს აუცილებლად, აუცილებლად აგისრულებთ ყველა სურვილს,
გკოცნით უთვალავჯერ,
თქვენი თოვლის კაცები:
გ უ დ ა ნ დ ა რ ა და გ უ დ უ – გ უ დ უ”.