THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გულჩახვეული კომბოსტო და გულღია ყვავილები

ნაირა გელაშვილი

ერთ დილით, როცა ყვავილებმა თვალი გაახილეს, დაინახეს, რომ ზედ შუა მინდორზე ვებერთელა კომბოსტო ამოსულიყო.
ახალი ამბავი ნიავის წყალობით ერთ წამში მოედო იქაურობას. დაბნეული ყვავილები როდის-როდის მოვიდნენ გონს, მორიდებულად ჩაახველეს და სტუმარს დილა მშვიდობისა უსურვეს. კომბოსტოს ხმა არ ამოუღია. ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდი, რაღაც არაამქვეყნიურ საფიქრალს შეუპყრია და გარშემო ვერაფერს ამჩნევსო. მხოლოდ გვიან საღამოს გამოერკვა კომბოსტო ფიქრებიდან, მძიმედ და დამარცვლით უპასუხა ყვავილებს სალამზე: - “დილა მშვიდობისა”! -გაოცებული ყვავილები რაღას იზამდნენ? რაკი უკვე ღამდებოდა, “ღამე მშვიდობისაო”! - მიუგეს.
ვიდრე კომბოსტო მეორედ ინებებდა ხმის ამოღებას, ის იყო გათენდა კიდეც. “ღამე მშვიდობისა”! - ჩაიდუდუნა კომბოსტომ. ასე აირია მათი სალამ-ქალამი. როცა ყვავილები მშვიდობის დილას უსურვებენ, კომბოსტო “ღამე მშვიდობისაო”! - პასუხობდა. აქაოდა, საშინლად ფიქრიანი ვინმე ვარ, ათასი დიდი აზრი მაწუხებს და ასეთი უმნიშვნელო რამ თუ შემეშლება, როგორიც სალამია, მერე რა მოხდა, ბუნებრივიც კიაო.
ყვავილები გაკვირვებითა და მოწიწებით უმზერდნენ უცნაურ სტუმარს და ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ:-- ღმერთო ჩემო, რა გულჩახვეული ვინმეაო.
კომბოსტოს კი მართლაც ლამის ათას ხუთას ფურცელში გამოეხვია თავისი გული და ეს ფურცლები ისე იყო ერთმანეთში ჩახვეულ-ჩახლართული, რომ ვერავინ გაიგებდა, გულში რა ედო, იყო მინდვრის შუაგულში წამოგორებული და როცა ყვავილები თევზებზე, ვარსკვლავებსა და სიზმრებზე ლაპარაკობდნენ, მათ საუბარში არასოდეს ერეოდა. აქაოდა, ასეთი სულელური დროსტარება რა ჩემი საქმეაო, დღეში მხოლოდ ორჯერ იღებდა ხმას. ქედმაღლურად ესალმებოდა და ემშვიდობებოდა ყვავილებს და თან ამასაც უკუღმა აკეთებდა. ერთ დღეს კი ისე ამოიოხრა, ასეთი გულჩახვეული რომ არ ყოფილიყო, ალბათ გულს თან ამოაყოლებდა, და თქვა: -რა ადვილია მისი ცხოვრება, ვისაც გული მუდამ ღია აქვს და შიგ არაფერი უყრიაო, - და აგდებით გადახედა მინდვრის ყვავილებს. იმათ ისედაც არაფრად მიაჩნდათ თავი კომბოსტოს გვერდით და ამ სიტყვებზე მთლად გული მოუკვდათ. მათ ხომ სულ გადაშლილი ჰქონდათ გულები პეპლების, მზისა და ფუტკრებისათვის.
იფიქრეს, იფიქრეს ყვავილებმა და გადაწყვიტეს, ალბათ კომბოსტოს გულში ვეება მარგალიტი ან სხვა რამ განძი აქვს და ასე საგულდაგულოდ იმიტომ მალავსო.
კომბოსტოს გულში მარგალიტი ჰქონიაო! - მთელ არემარეს მოსდო ნიავმა. ყვავილებმა კი ისე ღატაკად წარმოიდგინეს თავი, რომ ცრემლები წასკდათ. მთელი მინდორი ფერადი ცრემლებით აივსო: ბეგქონდარა შინდისფერ ცრემლებს აფრქვევდა, გვირილა-ყვითელს, დედოფლისთითა – ლურჯს, ხოლო ორფერი ორი ფერის ცრემლებით ტიროდა.
ვინ იცის, სადამდე გასტანა ეს სლუკუნი და ქვითინი, მინდორზე წინწკლებიანი მუსტანგი რომ არ შემოკუნტრუშებულიყო.
- ეეე, რა ამბავია, - დაიბნა მუსტანგი, ყვავილები რომ ამ დღეში იხილა. მერე, როცა გაარკვია, რა ამბავიც ტრიალებდა, ბრაზისაგან ცისფერი წინწკლები მთლად გაუწითლდა, ფეხები დააბაკუნა და შესძახა: - სად გაგონილა, ყვავილები კომბოსტოს შენატროდნენ?!
ყვავილები გაჩუმდნენ, მარტო პატარა ფურისულა ვერ ჩერდებოდა:
- მაგას თუ მარგალიტი აქვს, ჩვენ რატომ არ გვაქვსო?
მუსტანგს გაეცინა:
- კარგი ერთი, სულ შენი ტირილი უნდა ისმოდეს? მაგას რომ გულში მარგალიტი ჰქონდეს, შენ აგატირებდა?
მერე უცებ ისევ გაბრაზდა, მრისხანედ გადაიყარა პატარა ფაფარი და კომბოსტოს მიეჭრა:
- დიდად პატივცემულო კომბოსტო! მეორედ აღარ გაბედოთ ყვავილების ატირება და ასეთი... ასეთი... - მუსტანგს ენა დაება, - ასეთი აყალმაყალი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ! - და მუსტანგმა საშინლად დააბაკუნა ჩლიქები მიწაზე.
კომბოსტოს, ჩვეულებისამებრ, ხმა არ ამოუღია. ის ხომ ფიქრებიდან ასე იოლად ვერ ერკვეოდა. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ, როცა წინწკლებიანი მუსტანგი იქ აღარ იყო, გულგრილად ჩაილაპარაკა: - ნეტავ, რა უნდოდა იმ ჭორფლიან ჩოჩორსო?
მაგრამ კომბოსტოს ავყიაობა დიდხანს არ გაგრძელებულა. უეცრად მინდორზე ნიავქარმა ჩამოიქროლა. ის ნიავის უფროსი და იყო, ერთი ანცი და ოინბაზი. ნიავქარი ყვავილებს გაეთამაშა, ისინიც ჟრიამულით შეეგებნენ, კომბოსტოს კი ზედაც არ შეუხედავს: ვითომდა ქვეყნის საიდუმლოს გულში ვინახავ, ეს ცერცეტი ვინ მიგდიაო. ნიავქარს თვალში არ მოუვიდა ეს გაბღენძილი ბატონი და ერთი ლაზათიანად წამოუქროლა. ყვავილები კალთაზე ეცნენ და უკან გაათრიეს. - მაგას გულში მარგალიტი აქვსო, - წასჩურჩულა ზოგიერთმა. ამ ნათქვამმა ნიავქარი უფრო გაამხიარულა. - ერთი ვნახოთ, რა მარგალიტიაო, - თქვა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაჰბერა და დაჰბერა. კომბოსტოს ჯერ ერთი ფურცელი გადაეშალა, მერე - მეორე. მეორეს მესამე მიჰყვა, ყოველი ფოთლის გადაშლაზე ყვავილებს ოხვრა აღმოხდებოდათ ხოლმე: აი, ახლა გამობრწყინდება მარგალიტი, აი, ახლაო. ცნობისმოყვარეობისაგან კისრები მთლად წაუგრძელდათ. ფოთოლი ფოთოლს მისდევდა, მაგრამ არაფერი არ ჩანდა. ფოთლები სულ უფრო პატარავდებოდა და პატარავდებოდა, სულ უფრო უშნო და დაჭმუჭნილი ხდებოდა. აი, უკანასკნელი ფოთოლიც გადაიხსნა, მაგრამ კომბოსტოს გულში არაფერი აღმოჩნდა, სულ არაფერი. ყვავილებსაც ბოლო ოხვრა აღმოხდათ და გაოგნებულები ერთმანეთს მიაშტერდნენ. ნიავქარი კი იცინოდა და იცინოდა: - ეგეც თქვენი მარგალიტიო!
ამასობაში დაღამდა. დაღლილ ყვავილებს ისე სწრაფად ჩაეძინათ, ხეირიანად ვერც კი მიესალმნენ მთვარის სხივებს. კომბოსტომ კი სათითაოდ აიკეცა ფოთლები, აიკრიფა გუდანაბადი და ტყისკენ გასწია, რადგან აღარც მინდორში დაედგომებოდათ და აღარც უკან, ბოსტანში მიესვლებოდა, სადაც უკვე კარგად იცნობდნენ.