THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სახლი

მერი ბოლქვაძე

თოვს, უჰ, როგორ თოვს!
რა სიჩუმეა და რა სიმყუდროვე. მთები ჩუმად დგანან და იყურებიან. ადამიანები სახლებში შეყუჟულან. სახლები საკვამურიდან ფუმფულა, თბილ ბოლს სვეტებივით უშვებენ ცაში, თითქოს ყალიონს აბოლებენო. თოვლის ბორიალა ფანტელები ფიქრებივით ეხვევიან თავს სიცივეში მწყერებივით მიყუჩებულ სახლებს.
ყველა სახლში ბუხარი ანთია, ყველა სახლის ბუხარში კვერი ცხვება, ტახტზე ბალღები გორაობენ; ხან იცინიან, ხან ტირიან - როგორც მოეხასიათებათ. მარტო ერთი სახლი დგას მოწყენილი. ამ სახლში არც ბუხარი ანთია, არც კვერი ცხვება, არც ონავარი ბალღები აყრუებენ ჟრიამულით იქაურობას, არც თვალებმოჭუტული ფისუნია კრუტუნებს ნებივრად. სახლი ტყის პირას დგას და პატრონს ელის; რამდენი ხანია მარტოა. ნეტავ რისთვის წავიდნენ და ნეტავ რატომ არ ბრუნდებიან?
ეზოში არავინ ჭაჭანებს, ქათმის ნაფეხურებიც არ ატყვია თოვლიან მიწას; აბა, მარტო სახლი ვის რად უნდა, თუ პატრონი არსად არის.
სახლს გააკანკალა.
სცივა. სულ ასე მარტო რომ დარჩეს?
- აბა, გაიხედე. ჩვენიანები არავინ მოდის? - ეს მერამდენედ სთხოვს ბეღურა ჩიტს.
ჩიტს სახლი ეცოდება, თხოვნა არ უნდა, ისედაც იხედება მალიმალ: - არავინაა...
და უცებ -ხრაშ-ხრუშ, ხრაშ-ხრუშ! მოისმის თოვლის ხრაშუნი.
მელიაა...
- მელია, მელაკუდა! - გაუხარდა სახლს, - მოდი, ჩემთან იცხოვრე,მარტო ყოფნა აღარ შემიძლია!
- არა, მაგოდენა სახლში რა გავაკეთო, გავიფიჩხები, ჩემი სორო სჯობია, პატარაა და თბილია.
სახლი შეეხვეწა:
- ადექი და აანთე ბუხარი, შენც გათბები და მეც!
- არ შემიძლია. ცეცხლის დანთება მარტო ადამიანებმა იციან! - თქვა მელამ და სასწრაფოდ გაიქცა. ვინ იცის, საეშმაკოდ აგვიანდებოდა.
ახლა კურდღელმა ჩამოურბინა სახლს.
- კურდღელო, კურდღელო, მოდი, ჩემთან იცხოვრე! - კურდღელსაც დაუძახა სახლმა.
- მოვიდოდი, მაგრამ მაგოდენა სახლში რა გავაკეთო. სიცივით გავიფიჩხები, ჩემი სორო მირჩევნია. პატარაა და თბილია.
-ესეც მელიასავით ლაპარაკობს! - გული დაწყდა სახლს... - მოდი, ბუხარი აანთე, შენც გათბები და მეც!
- ცეცხლის ანთება მარტო ადამიანებმა იციან! - ჩაარაკრაკა კურდღელმა და ისიც გაიქცა.
მერე ფისო გამოჩნდა, სახლს სულ გადაეწურა იმედი:
- იჰ, ეს სულ უმაქნისია, მაგას მზამზარეულზე უყვარს ყოფნა, აუპრეხია კუდი და მიიგრიხება, სიცივეში რა გააჩერებს, თბილ ადგილს ეძებს.
უცბად ქარი მოვარდა, სახლს გარშემო შემოურბინა, ჭუჭრუტანებში შეძვრა და ისე შემაძრწუნებლად დაუსტვინა, ჩიტებს შიშისაგან ბუმბული აუბურძგნა და გააჟრიალა.
- ესღა მაკლდა, რა დღეშია ეს ოინბაზი, დროდადრო გამოჩნდება ხოლმე! - მოიბუზა სახლი.
- მე ვიქნები შენთან! - ხან კარს მიახტა ქარი, ხან ფანჯრებს აეკონწიალა.
- შენ სიამოვნებით იცხოვრებდი ჩემთან, მაგრამ რა გაგიძლებს, სულ გადამატრიალებ და ყირაზე დამაყენებ! - შუბლი არ უჩვენა ქარს სახლმა.
- უუუ!
აი, ეს კი მატარებელია!
ყოველდღე ასე ირბის და მორბის, აივლის და ჩაივლის; ამ სახლში არავინ მოჰყავს, ჰპირდება კი მოგიყვანო.ახლაც ჩამოდგა სადგურში. მერე ისევ აკივლდა და წავიდა.
- წავიდა, რა ენაღვლება, თვითონ სულ გამოტენილია ხალხით! - ამოიოხრა სახლმა.
ქარმა უფრო დაუბერა, კიდევ მიახტა კარს და ფანჯრებს, კედლებს გადაეგლასუნა, კიდევ დაუსტვინა ჭუჭრუტანებში.
ჩიტმა კიდევ გაიხედა გზაზე.
ბიჭოს! ვიღაცეები გამოჩნდნენ. აქაურებს არა ჰგვანან. სამნი მოდიან: ქალი, კაცი და ბავშვი. წინ ქალი მოდის, უკან - კაცი, შუაში ბავშვი ჩაუყენებიათ. გვერდით ძაღლიც მოჰყვებათ. ჭიშკარს მოადგნენ, არც დაუძახიათ, არც რა, - პირდაპირ შემოვიდნენ ეზოში, თოვლზე ნაფეხურები დატოვეს...
- ჩვენი სახლი! - ხელები გაშალა გოგონამ. მერე ტაში შემოჰკრა, პირველი ავარდა კიბეზე. თან ძაღლი მიჰყვა, მერე კაცი ავიდა და რაზა გადასწია, კარი გააღო. კაცმა ბარგი აზიდა.
- უჰ, როგორ ცივა! - თქვა გოგონამ, ოთახში ფეხი შედგა თუ არა.
- უჰ, როგორ ცივა! - თქვეს ქალმა და კაცმაც.
ძაღლიც ალბათ ამას იტყოდა, ლაპარაკი რომ შესძლებოდა, გოგონასთან ერთად ოთახებს დაურბინა და ყველაფერი გულმოდგინედ დაყნოსა.
მერე ქალმა დარაბები გააღო, ოთახში სინათლე შემოუშვა, კაცმა შეშა შემოიტანა, ნავთი მოასხა, ვინ იცის, როდინდელი შენახული, და ასანთს გაჰკრა: ცეცხლი აბურბურდა.
ოთახში სითბო დატრიალდა.
გაყინული ფანჯრის მინები დაიორთქლა და წყლის წვეთებად იქვა. წვეთები ღაპაღუპით ჩამოცურდნენ გამჭვირვალე მინაზე.
- სახლი ტირის!
გოგონას გული გადაუტრიალდა, ფანჯარას მიაჩერდა.
- სახლი ტირის!
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მარტო ხმელი შეშა ტკაცუნობდა ბუხარში.
- რა იყო, ანი? - დედას შეეშინდა. ძაღლიც გატრუნულია, გოგონა.
გოგონა თავისთვის ჩურჩულებს: - სახლი ტირის...
დედას კი ხმამაღლა უპასუხებს: - არაფერი, რა უნდა იყოს.
დედაც წყნარდება, თავის საქმეს განაგრძობს.
კართან ფისუნა კნავის.