THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მზის კუდრაჭები და პატარა ღრუბლები

მერი ბოლქვაძე

პაწაწინა ღრუბელი მთებზე მშვიდად მიძინებულ დიდ ღრუბლებს გაეპარა და მარტოდმარტო შუა ცაზე დედოფალივით წამოსკუპდა. ქვეყნიერებას გადმოხედა მაღლიდან, ღრუბლებს მაშინვე მზის კუდრაჭები დააცვივდნენ ტყაპა-ტყუპით, წვრილ-წვრილი ოქროს ნისკარტებიც ზედ მიანაყეს; თუმცა სულაც არ სტკენიათ: ღრუბელი ხომ ძალზე ფაფუკი და ფუმფულა იყო?!
- ამ მატრაკვეცას დახედეთ, წინ როგორ გადაგვეღობა?! - გაიცინეს მზის კუდრაჭებმა და ღრუბელს გვერდებში წაუჩუნდურეს, - გაიწი იქით, ვერ ხედავ გვეჩქარება?!
- მაინც სად მიგეჩქარებათ? - არც კი გაინძრა ღრუბელი.
- როგორ თუ სად მიგვეჩქარება, არ იცი? მიწაზე.
- მიწაზე რა გინდათ?
- როგორ თუ რა გვინდა, უნდა გავათბოთ.
- რატომ უნდა გაათბოთ?
ამ პატარა სულელ ღრუბელს სულ არაფერი სცოდნია ამ ქვეყნიერებისა, ლურჯ ცაზე კი, დიდი ამბით, მარტო გამობრძანებულა სასეირნოდ. თუმცა რა გასაკვირია, რამე იცოდეს: ერთი ციცქნაა, ახლადდაბადებული; დამდგარა და გაიძახის - მერე? მერე?
მერე რა... და, მიწა როცა თბილია, ათასგვარი ყვავილებითა და ბალახებითაა სავსე. ხეებზე მწვანე ფოთლები სხედან...
- მერე ?
- მერე, ძალიან ლამაზები არიან და ძალიან მხიარულები, ჩვენც მხიარულები ვართ და ერთად ყოფნა გვიხარია, მთელი დღე ერთად ვთამაშობთ, არც ისინი არიან მოწყენილები, არც ჩვენ, - უყვებიან მზის კუდრაჭები ღრუბელს.
- მეც მინდა მიწაზე! - წამოიძახა პატარა ღრუბელმა.
- წამოდი მერე, ვინ გიშლის?! იტირე და ... წამოხვალ; ჩვენ ვიცით, ღრუბლები ტირიან და ისე მიდიან მიწაზე, ღრუბლების ტირილს წვიმა ჰქვია. მიწას კი მზის კუდრაჭებიც სჭირდება და წვიმაც.
- იტირე, იტირე!
- პაწაწინა ღრუბელი დაიმანჭა, მერე თითქოს ასლუკუნდა კიდეც... ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა; ძალით ვერ ატირდა:
- ისე მიღიტინებთ გვერდებში, რომ მაცინებთ და ვეღარ ვტირი, - შესჩივლა კუდრაჭებს. მზის კუდრაჭებს კი აღარ შეუძლიათ ამდენი მოცდა, მიწაზე უნდათ ჩქარა გაკოტრიალდნენ.
- მაშინ გაიწიე მაინც, ხომ ხედავ, გვიშლი და ჩვენც ვეღარ მივდივართ, - სთხოვეს ღრუბელს.
- პაწაწინა ღრუბელი წიწილასავით აიბუზა: გაწევით კი გაიწევს განზე, მაგრამ ახლა სხვა მზის კუდრაჭებს რომ აეღობება წინ?!
უცებ დიდი ღრუბლები გამოჩნდნენ; დინჯად, გედებივით ამოუდგნენ პატარა ღრუბელს გვერდში, თან იბღვირებოდნენ. იმდენი იყვნენ, ცა გაავსეს, მზეს გადაეფარნენ; მასე არ უნდაო, მზის კუდრაჭები დაესივნენ ღრუბლებს და გვერდებში შეუღიტინეს, სიცილისგან აახტუნავეს, ააქოთქოთეს. ჯიხვებივით შუბლებით ერთმანეთს შეაჯახეს. პატარა ღრუბელსაც დაეტაკნენ ღრუბლები და ყირამალა გადააკოტრიალეს. მერე ყველანი ტკივილებისგან ატირდნენ. დიდიან-პატარიანად მიწაზე ცრემლებად დაეშვნენ და მიწა წვიმით გაჟღინთეს, გალორთხეს; ბალახებზე, ყვავილებზე, ხის ტოტებზე, ელექტრონის მავთულებზე მძივებივით ჩამოეკონწიალნენ.
ღრუბლებმა იმდენი იტირეს, იმდენი, ვიდრე სულ არ დაილივნენ. პატარა ღრუბელიც სულ დაილია...
მზემ ისევ გამოანათა. ისევ ჩამოქანდნენ მზის კუდრაჭები მიწაზე, სველ ბალახებზე სიცილით გაცურდნენ. სველ ხის ტოტებს შეაცოცდნენ, წვიმის წვეთებს შიგ გულში გაუარეს და ალმასებივით ააბრჭყვიალეს: ცრემლებიც სიცილად აქციეს მზის კუდრაჭებმა. გაიხარა მიწამ, გაიხარა: წვიმაც და მზის კუდრაჭებიც მასთან იყვნენ და მეტი რა უნდოდა.