THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თეთრი ბელი და ფერადი ყინულოვანი ოკეანე

ირმა მალაციძე



თეთრი ბელი თავის მშობლებთან, თეთრ დათვებთან ერთად დედამიწის ყველაზე თეთრ კუნძულზე ცხოვრობდა. წელიწადის ნებისმიერ დროს ირგვლივ თოვლი იდო, ყინვა უჭერდა და ყველაფერს თეთრად გაუდიოდა ქათქათი. და საერთოდ, თეთრ ბელს სხვა ფერი არასოდეს ენახა, თუ ცისფერ ცას და ხანდახან გამოჩენილი მზის ოქროსფერ სხივს არ ჩავთვლით, რომელზეც თოვლი ისე ბრწყინავდა, რომ თვალის გასწორება დათვებსაც კი უჭირდათ. მისი წინაპრები ისე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, რომ არ იცოდნენ, არსებობდა თუ არა ამ ქვეყნად ისეთი ფერადი და ლამაზი სამყარო, რომელშიც, მაგალითად, ჩვენ ვცხოვრობთ.
წესით, არც ჩვენი ბელი უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, მაგრამ ერთი უცნაური ამბის შემდეგ წარმოდგენა შეეცვალა - მან სიზმარი ნახა, საოცარი, ლამაზი, ფერადი სიზმარი, რომელშიც ხეები მწვანე იყო, ყვავილები წითელ-ყვითელი, ზღვა - ლურჯი და ყველაფერი ერთად - ისეთი ლამაზი, ისეთი ლამაზი, რომ ბელს მოსვენება დაეკარგა. გაღვიძებისთანავე მოუყვა მშობლებს თავისი სიზმრის შესახებ და სთხოვა, იმ ქვეყანაში წამიყვანეთ, სადაც ასეთი ფერებიაო. შეწუხდნენ დედა და მამა დათვები - ჩვენი სახლი აქ არის და ვერსად ვერ წავალთ. და საერთოდ, წარმოდგენა არ გვაქვს, არის თუ არა სადმე ასეთი ქვეყანაო - აიჩეჩეს მათ მხრები.
დაღონდა ბელი, ძალიან დაღონდა, ატირდა. თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა, რომელიც მაშინვე ყინულის პატარა ნამცეცებად იქცა. უცებ სად იყო და სად არა, თოლია მოფრინდა.
-რამ დაგაღონა, რად ტირი? - შეეკითხა თოლია ბელს.
-ფერად ქვეყანაში მინდა წასვლა. - შესჩივლა ბელმა.
-შენ საიდან იცი, რომ ასეთი ქვეყანა არსებობს? - გაოცდა თოლია.
-ვიცი, სიზმარში ვნახე. მეც მინდა ლამაზი ფერების ნახვა, - მოუმატა ტირილს ბელმა.
თოლიამ ამოიოხრა და სადღაც გაფრინდა. გავიდა ერთი დღე, ორი, სამი, ოთხი და... თოლია ისევ დაბრუნდა. ნისკარტით უცნაური კოლოფი მოიტანა. კოლოფში მრგვალი, ფერადი საღებავები და ფუნჯი ეწყო. მისცა ბელს და უთხრა.
-ახლა შეგიძლია შენ თვითონ მოხატო შენი კუნძული.
გაიხარა ბელმა. აიღო ფუნჯი და თოვლზე ყვავილები მიახატა. მერე მწვანე საღებვით ბალახიც დახატა, ბუჩქებიც, ლურჯით - პატარა რუ. მალე მთელი კუნძული გააფერადა. ირგვლივ ისეთი სილამაზე იყო, დათვები გაოცებას ვერ ფარავდნენ. გამხიარულდა, აჭრელდა შავ-თეთრი კუნძული. აქამდე თუ მოწყენილობა სუფევდა, ახლა ყველა გამოცოცხლდა. ყველაზე მეტად ბელს უხაროდა. მოსწონდა გარემო და თავს ისე გრძნობდა, თითქოს თავის ლამაზ სიზმარში დაბრუნდაო.
იმის შემდეგ აღარ დაუწუწნია, არც სამშობლოს დატოვებაზე დაუძრავს კრინტი. თოლიას დიდი მადლობა გადაუხადა და აღარასდროს აღარ უტირია. ამის შემდეგ მხოლოდ კარგ განწყობაზე იღვიძებდა, ვინაიდან იცოდა, რომ თვალს არ მოსჭრიდა ერთფეროვანი თეთრი სიკაშკაშე.