THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვინ მივა პირველი საქართველოში

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

სიჩუმე იდგა ფერეიდნის მარტყოფში. ვარსკვლავებით მოჭედილიყო ცა. ღრმა ძილს მისცემოდა სოფელი. თბილ ღამეში ძაღლებიც მიყუჩებულიყვნენ. მამლის ნაადრევი ყივილიც არსად ისმოდა.
სოფლის განაპირა სახლში ჭრელ-ჭრელი ფალასებისაგან შეკერილი საბნის ქვეშ ტკბილად ეძინა მთელ ოჯახს. მხოლოდ ერთი მიმჯდარიყო ჩანავლულ კერიასთან, გრძელი ტკეცით ღადარს ქექავდა, ღადარში ხან ბურჯღალი გამოკიაფდებოდა, ხან შორეული ვარსკვლავივით დააჭყეტდა თვალს ნაპერწკალი, აწიკწიკდებოდა, თითქოს წკიპურტით გამოაგდესო, გამოხტებოდა კერიიდან და შორიახლოს ჩაქრებოდა. ბიჭს სიამოვნებდა კერიის სითბო, საამოდ ელამუნებოდა მის სმენას ძმების, დედ-მამის და დევივით გაგორებული წყალობა პაპას ფშვინვა.
გარშემო ნივრის, სამკურნალო ბალახის, ზაფრანისა და ხვალისათვის გამომცხვარი დიდი პრიალა ნაზუქის სურნელი ტრიალებდა.
ბიჭი დროდადრო წელში სწორდებოდა, გულზე ხელს იდებდა, თვალით ჭერში აკრულ შეჭვარტლულ ჩეტებს ახედავდა, რაღაცას ბუტბუტებდა. მერე ისევ ღადარს მიუბრუნდებოდა, ტკეცს ისევ შიგ აურევდა, თითქოს რაღაცას ეძებდა.
“ნეტავ მოლასთან რატომ წამიყვანა ნენემ”, - ფიქრობდა, - შესჩივლა, დღენიადაგ ღადარში იქექებაო. მოლას გაეღიმა, ნენე დაამშვიდა და გამოგვისტუმრა. მე თავზე ხელი გადამისვა, ქოჩორზე მაკოცა. რა კარგია, იმის შემდეგ ნენე ღადარში ქექვას აღარ მიშლის, - ფიქრობდა ნაცარქექია.
ნენემ რა იცოდა, როგორი ტკბილი ფიქრები და ოცნებები უტრიალებდა თავში ბიჭს კერიასთან ჯდომისას.
გაგრძელდა ღამე. მიწაზე ისლით დახურული სახლის სახურავზე, ახლად გაშლილ ფოთლებზე, ბალახზე თითქოს ვიღაც საიდუმლოდ დაფაჩუნებდა. მერე აქა-იქ ტყლაშუნი გაისმა და ხმაურით გაწვიმდა. მსხვილი, სათითისოდენა მაისის წვიმის წვეთები წამოვიდა.
“ბედნიერს გაუწვიმდესო” - ბიჭს ყურში ჩაესმა ცხონებული დიდედის ხმა.
წვიმაში და ტალახში სირბილი გაძნელდება. ფეხი რომ დაუცურდეს და წაიქცეს?! არა! - თავის თავს გაუჯავრდა ბიჭი. გარეთ თუ ფაჩუნით წვიმდა, იმედი ეძლეოდა, თუ წამოუშენდა, იმედი გადაეწურებოდა და მოიწყენდა. წვიმამ მალე დაუსველა გრუზა თმა, მხრები, ფეხისგულებზე სიგრილე იგრძნო და შინ შემობრუნდა.
“ღმერთო”, - აჩურჩულდა ნაცარქექია, - შენ გადაჰყარე ზეცას ღრუბელი. ნათელი, მზიანი დღე გაათენე. გააშრე მიწა... საქართველოში მე უნდა მივიდე პირველი. ჩემი ოცდაცხრამეტი თანატოლი დამხვდება დილით ველზე. ყველამ თვითონ გამოთალა ცხენჯოხი და დაწნა თოკის მათრახი. ძლივს არ შევსრულდი თორმეტი წლის?! ორმოცივე ბიჭი, რომლებიც ხვალ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას, თორმეტი წლისა უნდა იყოს, ყველა, არც მეტი არ ნაკლებისა.
თორმეტი წლისა ყოფილა ის ბიჭი... ნაცარქექიამ არ იცოდა, რატომ, თუ იმ დაღუპულ ბიჭზე იწყებდა ფიქრს, ბიჭს უსათუოდ თეთრი ხალათი ეცვა.
1654 წელს, თხუთმეტ აპრილს, ის სამოცდაერთი ქართველი გაპარულა ფერეიდნიდან საქართველოში. “საწყლები” - ფიქრობდა ნაცარქექია, - უდაბნოს ბოლოს ციხესიმაგრემდე მიუღწევიათ მშვიდობით. სწორედ ამ დროს წამოსწევიათ მდევარი, სწორედ მაშინ, დასასვენებლად რომ დამსხდარან. სამ დღეს გაგრძელებულა სპარსელებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ბევრს ციხესიმაგრისთვის შეუფარებია თავი, მაგრამ ცეცხლი წაუკიდებიათ ურჯულოებს. “გვითხარ შენდობა, უფალო, იხსენ ქრისტიანობა”, - ეს წარწერაღა დარჩენილა კედელზე.
ქრისტიანები, დიახაც, ქრისტიანები ვართ. პაპამ, თავზევით ძალა არ არის, უნდა მოვითმინოთ, ღმერთი გადმოგვხედავს და ისევ მოვინათლებითო. ნენემ ხვალისთვის დიდი ნაზუქი გამოაცხო და ზედ ჯვარი გამოსახა. ნაზუქი ხვალ გამარჯვებულს ერგება. დანარჩენებს კი პატარ-პატარა ნაზუქებს დაურიგებენ. იმაზედაც ჯვარია გამოსახული და საქართველოდან მოფრენილი ჩიტები ასხედან... - ბიჭმა უცნაური სიცივე იგრძნო. თითქოს ზურგიდან ვიღაც წამოეპარა, გათოშილი სხეულით აეკრა. გრძელი, გაფიჩხული მკლავები შემოხვია. ჟრუანტელმა დაუარა. რაღაც უხილავი მწერები უამრავი ფეხით მთელ სხეულზე ააფოფხდა.
გარეთ საოცარი სიჩუმე იდგა. წვიმას გადაეღო, ისევ კიაფობდნენ იალკიალში ვარსკვლავები. მერე ჩაქრნენ, უკუნეთი ჩამოწვა და, თითქოს გაიზმორაო, სამუდამოდ გაწვა დედამიწაზე. ერთი ვეებერთელა თათი კარის ზღურბლზე შემოცოცდა, მაგრამ ნათელს მაინც ვერაფერი დააკლო და სადღაც იცრიალა. ფრთხილად მოიპარებოდა ნათელი. გარიჟრაჟი შეყოვნდა, ბიჭს ქუთუთოები დაუმძიმდა, კისერი მოსწყდა, თავი ჩაქინდრა და ჩასთვლიმა. თბილი საბანი მოენატრა, მაგრამ შეფიცული ჰქონდა, ამაღამ არ დაწოლილიყო, და სასწრაფოდ ტკეცს წაეტანა, მღუჟრში აურია. ხვალინდელი გამარჯვების სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერდა. კერიაში რამდენიმე ბურჯღალი აკიაფდა, ნაპერწკლებიც გამოცვივდა. ბიჭმა ნაფოტები მიაყარა კერიას, დაიხარა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სული შეუბერა. მოეჩვენა, თითქოს ასეთი ძალით არასოდეს მოსდომებია ძლიერი ცეცხლის დანახვა. ნაფოტები ჯერ ბოლში გაეხვია, ატკაცუნდა და ერთბაშად მოედო ალი. ახლა ფიჩხი მიაყარა, ეცოტავა ალის სიმაღლე. კერია ისევ ბოლში გაეხვია, მერე ერთბაშად ავარდა ალი. თითქოს დაუამდა მოზღვავებული ღელვა. შელანძღულ ჩელტებზე მანჭია სანთლები აცეკვდნენ. ოთახი ერთიანად განათდა. ვიღაცამ ძილში გვერდი იბრუნა, ვიღაცამ მკლავი ამოიდო თავქვეშ. ბიჭს უკვე აღარ ეძინებოდა. მზის ამოსვლას სიცოცხლის დაბრუნებასავით ელოდა.
უეცრად ისევ დაუმძიმდა ქუთუთოები და თავი ჩაკიდა. თბილია თვლემაში ნანახი სიზმარი, ცოცხალივით იცის გამოცხადება ახლობელმა და სანატრელმა.
თითქოს ბოლიდან ამოვიდა ვიღაც ბიჭი. მიუახლოვდა ნაცარქექიას. ცხენჯოხზე იყო ამხედრებული, ხელში თოკის მათრახი ეჭირა. ძალიან სევდიანი სახე ჰქონდა. ნაცარქექიამ თეთრი ხალათით იცნო ბიჭი. რაღაც უნდოდა ეკითხა, მაგრამ სიტყვა ყელში გაეჩხირა და მათრახი გადასცა... - მე საქართველოში მისვლა არ მეღირსა. ჩვენებს ციხესიმაგრესთან მტერი რომ შეესია, დრო ვიხელთე და გავიქეცი. მეგონა, მოვასწრებდი, საქართველოდან მაშველს მოვიყვანდი. ბევრი ვირბინე. ხელ-ფეხიდან სისხლი მოდიოდა. სირბილისგან სული მეხუტებოდა, პირი მიშრებოდა, ჩემდა უნებურად, თვალთაგან ცრემლი მდიოდა და მაბრმავებდა. არ ვიცი, მგონი მივაღწიე საქართველომდე, მაგრამ სწორედ ამ დროს მომესმა ცხენის ფლოქვების თქარათქური. ყველაზე მაღალ ბუჩქში ვისკუპე. ის ცოდვილიანი ეკლით იყო სავსე. სხეული კიდევ უფრო დამეკაწრა, სისხლი პატარა ნაკადულებად ჩამომდიოდა. თითქოს ცეცხლი მეკიდა, ისე მეწვოდა ნაკაწრი კანი თაკარა მზეზე. ალბათ, ჩემი თბილი სისხლის სული იყნოსა, საიდანღაც უზარმაზარი, ნაცრისფერი, ყვითელზოლება გველი გამოსრიალდა, ტაატით ჩემკენ წამოვიდა. თავი წამოსწია, ყვითელი მომნუსხველი თვალებით დამაცქერდა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. შიშისგან ვცახცახებდი. ტირილი მინდოდა, მაგრამ ცრემლი გამშრობოდა. რაღაც ხმაური შემომესმა, უკან მივიხედე, ცხენოსანი მიახლოვდებოდა. ჩემი საქართველო კი აი, აქვე, ღელის გადაღმა იწყებოდა, მწვანეში ჩაფლული ჩემი საქართველო. გველი დაეშვა, ბუჩქს ძალიან ნელა შემოასრიალდა და ისევ დამაცქერდა. არა, ჩემს დასაგესლად არ იყო მოსული, ნამდვილად რაღაცის თქმა უნდოდა, ისე ასარსალებდა ენას.
მხედარმა სულ ახლოს მოაგელვა ცხენი, უზანგებზე აღიმართა და ბუჩქნარს ზემოდან გადმოხედა. აღარ ვიცოდა, ვისთვის ამერიდებინა თვალი - კაცისთვის თუ გველისთვის.
ჩემს დანახვაზე შეჰკივლა მხედარმა, სპარსულად შემაგინა, ღორისშვილოო, მომაძახა, მერე ხმალი შეათამაშა, მაღლა აღმართა, თითქოს სიბასრე ჰაერზე მოსინჯაო, და მეორე მოქნევით ჩამისერა მხარი. თითქმის შუაზე გამაპო. ეტყობა, მართლა ძალიან ბასრი იყო ის ხმალი, ცოტა ხანს სისხლს არც კი გამოუჟონია ჭრილობიდან. მოგვიანებით თბილად ჩამეღვარა გულ-მკერდზე, მუხლებზე.
მე მოვკვდი. მოვკვდი, მაგრამ იმის დანახვა მაინც მოვასწარი ღმერთის წყალობით, ზემოდან როგორ დამხედა სასოწარკვეთილმა გველმა, მერე ისივლა, ენის სარსალით, განრისხებული ყვითელი თვალები გადმოკარკლა და აღიმართა, კუდის წვერზე დადგა, ბასრ, შემართულ ხმალს დაემსგავსა. გაიჭიმა გველი, ისკუპა და აღრიალებულ მხედარს ეკვეთა. ისეთი ელვის სისწრაფით მიეჭრა, კაცი დაიბნა. გველმა კაცი დაგესლა, თვითონ კი გაუჩინარდა. ცხენოსანი უნაგირზე შეტორტმანდა, გველის ნაკბენზე ხელი იტაცა, მაგრამ უკვე გვიან იყო, ქვასავით დაენარცხა დედამიწაზე... დამფრთხალი ცხენი ჭიხვინით იკლებდა იქაურობას და ისიც გველნაკბენივით ტრიალებდა... - ძლივს მოითქვა სული თეთრხალათიანმა ბიჭმა და განაგრძო: - ხვალ უსათუოდ შენ უნდა მოხვიდე პირველი საქართველოში. უნდა გაიმარჯვო! - თქვა და კერიიდან ასულ ცისფერ ბოლში ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც ამოვიდა...
ნაცარქექიამ თვალი გაახილა, გული მძლავრად უცემდა, ბიჭის მოცემულ მათრახსა და ცხენჯოხს დაუწყო ძებნა. მერე მოაგონდა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო. თბილი მზე რძესავით დაღვრილიყო მიწის იატაკზე.

****
ტრიალ მინდორზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. მოშორებით გალოპრილ ჯოხების სამფეხზე დიდი ნაზუქი პრიალებდა. იქვე, მიწაზე დაფენილ ქათქათა სუფრაზე, პატარ-პატარა ნაზუქები ეწყო. ხალხი ხმამაღლა ლაპარაკობდა. ყველას ღელვა ეტყობოდა. ზოგი დაფიქრებული იჯდა და კრიალოსანს მარცვლავდა.
მოშორებით ცხენჯოხზე ამხედრებული, მათრახებმომარჯვებული ორმოცი თორმეტი წლის ბიჭი ისე გარინდებული იდგა, როგორც მოსალოდნელი ნამდვილი ბრძოლის წინ - მეომრები...
“მოლა მობრძანდება”, - თქვა ვიღაცამ და ხალხი წამოიშალა. მოლა ჯერ ხალხს მიესალმა, მერე პატარა ცხენოსნებისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით. მწკრივს მხედართმთავარივით ჩამოუარა.
თითო ბიჭი შუაში და ბოლოში კბილებივით გამოაკლო. ბიჭები იხვეწებოდნენ - გვათამაშეო, მაგრამ მოლამ მტკიცე უარით გაისტუმრა. ისინიც თავჩაქინდრული გაუყვნენ გზას. ერთ მათგანს რამდენიმე თვე აკლდა თორმეტი წლის შესრულებამდე, მეორე მეტისა იყო რამდენიმე თვით. რას იზამ, წესი წესია. ზუსტად თორმეტისა უნდა ყოფილიყო თამაშში მინაწილე ბიჭი.
- აბაა! - შესძახა მოლამ და მარჯვენა ხელი მაღლა აღმართა. მაჯაზე გიშრის კრიალოსანი ჰქონდა წამოცმული. ნაცარქექიამ ნათლად დაინახა, კრიალოსანს ბოლოში ვერცხლის პატარა ჯვარი ეკიდა. ვინ იცის, ვისი იყო ეს კრიალოსანი. ალბათ, მოლა ონიკაშვილის ქრისტიანი წინაპრისა თუ იყო, - გაიფიქრა ნაცარქექიამ და პირჯვრის გამოსახვა მოუნდა.
- ყმაწვილებო! - ლმობიერად თქვა ონიკაშვილმა, - ხედავთ ამ სამფეხაზე მზესავით ანთებულ ნაზუქს... იგი საქართველოსავით ტკბილია. ამიტომ საქართველო დავარქვით. დღეს პირველი მაისია. იმ გმირების გაჟლეტის დღეა, საქართველოში დაბრუნებისთვის რომ დაიღუპნენ. დღეს იმ ბიჭუნას, თორმეტი წლის გმირის დაღუპვის დღეა, რომელმაც თითქმის მიაღწია თავის სანუკვარ სამშობლომდე, მაგრამ მტრის მახვილმა განგმირა... - ცოტა ხანს დუმდა ონიკაშვილი, ალბათ მომდგარ ცრემლებს თუ იბრუნებდა უკან... მერე ძლივს მოითქვა სული. - დღეს თქვენი ჯერია. თქვენი ტოლი დაღუპული პატარა გმირის ნაკვალევზე დღეს თქვენ უნდა გაიაროთ და მიაღწიოთ საქართველომდე. ვინც პირველი მივა “საქართველოში”, იმ ნაზუქს ვინც პირველი აიღებს, დღეის შემდეგ უფლება ექნება, იოცნებოს სამშობლოში დაბრუნებაზე. აბა, მოემზადეთ! - ალერსიანი ღიმილი მოეფინა ფერმკრთალ სახეზე.
ცხენჯოხებზე ამხედრებული ორმოცი ბიჭი, როგორც ერთი, ისე შეტოკდა. მიტკლისფერი დასდებოდათ პატარებს, ჩიტებივით უფრთხიალებდათ გული, მათრახებს მოხდენილად ატრიალებდნენ, გაფართოებული თვალები უელავდათ, ტუჩები ზედმეტად გასწითლებოდათ, ყვრიმალებზე ოფლით დასველებული თმა მიჰკვროდათ.
ნაცარქექია იდგა და უკვე მერამდენედ წინაპრების ღმერთს ევედრებოდა.
ონიკაშვილმა კიდევ შესძახა რაღაც და ხელი დაიქნია. ერთად მოსწყდა ბიჭების გუნდი ადგილს.
ნაცარქექია ჯერ ოთხეულში გარბოდა. კიდევ მოემატა ორი, კიდევ ორი და ახლა ბევრი გარბოდა ერთად.
“არა, ასე არ ივარგებს, “ - ვიღაცამ ჩასჩურჩულა თითქოს ყურში. გამოერკვა, სიზმარი მოაგონდა, მერე მოლას ნათქვამი ჩაესმა და თითქოს შეეშინდა. “იჩქარე” - ისევ ჩაესმა და სირბილს უმატა. ბიჭი გაფრინდა, თითქოს მხრებზე ორი დიდი თეთრი ფრთა გამოება. “ღმერთო, მიშველე, “ - ჩურჩულებდა და გრძნობდა, როგორ ეკვროდა სული.
ჯერ შორიდან ისმოდა ყიჟინი, მერე ნელი-ნელ მიუახლოვდა და ერთიან გუგუნად იქცა. ნაცარქექიას ყიჟინი აღიზიანებდა. თვითონ არ იცოდა, რაღაცაში უშლიდა ხელს. რომ შესძლებოდა, შეევედრებოდა ხალხს: - გეხვეწებით, გაჩუმდით, ჩვენიც გვეყოფა, დაგვაცალეთო.
სირბილის დროს ვიღაც წაიქცა, ვიღაცამ ცხენჯოხი გადააგდო. რამდენჯერმე მათრახის ტლაშუნიც გაისმა. ნაცარქექიას ფეხები აებლანდა, რის ვაი-ვაგლახით თავი შეიკავა, ისევ აჩურჩულდა: “საქართველო, ჩემო ღმერთო, ჩემო ნენე და სალოცავო. ნენესა და შენს ღმერთს ვფიცავ, შენს მთა-ბარს ვფიცავ, ფირუზისფერ ცას, შენს ალაზანსა და იორს ვფიცავ! მათი ნახვა არ მეღირსოს, თუ შენამდე პირველმა არ მოვაღწიო!”
კიდევ წაიქცა ვიღაც. ნაცარქექია ახლაღა მიხვდა, რომ მის ირგვლივ აღარავინ იყო და მარტოკა მირბოდა.
უკანასკნელი ამოსუნთქვა და, ფრთებმა ისევ აიტაცეს. რაღაცამ ბორცვს გადააფრინა. ისევ პირველი გარბოდა. “მე ვერ ვეღირსე საქართველოში მისვლას, შენ უნდა მიხვიდე პირველი ხვალ!..” - ისევ ჩაესმა სიზმარში თუ ცხადში განაგონი. “ღმერთო, მიშველე!” - ახლოს, სულ ახლოს, მზეზე პრიალებდა ნაზუქი თაფლისფრად. ბიჭს თვალი აუჭრელდა, ცისარტყელა გადაიჭიმა სანუკვარ ადგილამდე. ახლა ამ ცისარტყელას თაღის ქვეშ გაძრომაღა დარჩენოდა. რამდენიმე გაფრენა და, მივა... “მივაღწევ!” - ხმამაღლა შესძახა ვიღაცას ბიჭმა. ძალა მოემატა. ყიჟინი არ ცხრებოდა, უკვე სულ ახლოს ისმოდა და ახლა ეს შეძახილები სიამოვნებდა.
“ეს რა არის, ნუთუ მოვედი?!” - თავისთვის ჩაილაპარაკა და პირქვე დაემხო, შუბლი ჩამოჰკრა სამფეხის ერთ გალოპრილ ჯოხს. ალბათ, გონება დაკარგა, მერე აღარაფერი ახსოვს. უეცრად ძლიერმა გუგუნმა გამოაფხიზლა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. რაღაც უცნაური ჭრელი ფარდა ფრიალებდა მის წინ. მიხვდა, ხალხი ეხვია გარს. მოლა მის წინ დაჩოქილიყო, ისიც ძლივს სუნთქავდა. ეტყობოდა, ისიც ბიჭებთან ერთად მორბოდა. უბიდან ჭრელი ბაღდადი ამოიღო და გამარჯვებულს სახე მოსწმინდა, თვალები ამოუმშრალა. მერე გულში ჩაიკრა. ახლა ბიჭი კარგად იყო, მაგრამ მაინც რაღაცის ეშინოდა, კიდევ სხვა ხომ არავინ მივიდა პირველი საქართველოშიო. იქვე წყალობა პაპას მოჰკრა თვალი. პაპა ბედნიერი იღიმებოდა, ხალხი ულოცავდა.
- ვაი, ნენე, - შვებით ამოისუნთქა გახარებულმა ბიჭმა და ისევ თეთრხალათიანი სევდიანი ბიჭი მოეჩვენა... “ნეტავ ამაღამაც გამომეცხადებოდეს, ვახარო ჩემი გამარჯვება” - გაიფიქრა ბიჭმა, დედას ახედა.
- აქა ვარ, გენაცვალოს ნენე. ბაბა და შენი ძმებიც აქ არიან... აგე, პაპაც. - უთხრა დედამ და შვილი ფეხზე წამოყენა, მტვერი ჩამოჰბერტყა ტანსაცმლიდან.
ვიღაცამ ხალხი მისწი-მოსწია და ორივე მკლავზე დადებული, მზესავით ანთებული ნაზუქი მიართვა მოლას. მოლა წელში გაიმართა, ნაზუქი ჩამოართვა მოღიმარე კაცს და ბიჭისკენ დაიხარა, ბიჭი დედის ხელით ნაზუქზე გამოხატულ ჯვარს სასოებით ემთხვია.