THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვარდისფერი ღრუბელი

ვარდისფერი ღრუბელი

პატარა ვარდისფერმა ღრუბელმა კვიპაროსის ხე დაინახა: შარაგზის პირას იდგა, - დიდი, მაღალი და დიდებული; დაინახა და ატირდა.
- რა ლამაზია, რა ლამაზი!
- მერე რა გატირებს, ხომ არ გადაირიე? - გაუკვირდა ჩიტს.
- მე ვიცი, რაც ატირებს, - ჩაიჩურჩულა კოპწია ვარდმა ღიმილით.
- რა?
- კვიპაროსი შეუყვარდა, კვიპაროსმა გულის ლამაზი სიმღერა აჩუქა!
- ე-იი, - ტაში შემოჰკრა აღფთოვანებულმა მზემ და მხიარულად გადაიკისკისა, - მერე, თუ ასეა, კი არ უნდა იტიროს, უნდა იცინოს!
- რა ვიცი, მე მეტირება! - ამოისლუკუნა ღრუბელმა.
როგორ თუ გეტირება, როგორ თუ შეგიყვარდა, შენ ხომ ჩემო ხარ?! - მოვარდა ქარი და ღუბელს გაუჯავრდა, თან უბრძანა: ახლავე წავიდეთ აქედან!
ღრუბელმა არ გაუგონა:
- არაფერიც, მე აქ უნდა დავრჩე კვიპაროსთან, როცა დასცხება - მზეს ავეფარები, მოსწყურდება - წვიმად დავეყრები!
ქარი ბრაზით აკანკალდა, მაგრამ რომ შეატყო, ღრუბელი ავად დაილურსა, თხოვნაზე გადავიდა: წამოდი, რომ იცოდე, რამდენ რამეს განახვებ. ზღვებსა და მტებს გადაგატარებ, ხევებში დახრამებში გასეირნებ, ციხე-კოშკების დარბაზებში შეგახედებ... ზღაპარს მოგიყვები... ღრუბლებმა ყური ცქვიტა, თვალები ცნობისმოყვარეობით აუციმციმდა: მგონი, ცოტა ჭკუაში დაუჯდა...
- წამოდი, წამოდი: ნახე, რა ლურჯი ზღვა, რა თეთრია და ჩქრიალა ჩანჩქერი, სარკესავით ლაპლაპებს ტბა... - მიაყარადა მიაყარა ქარმა დაპირება დაპირებაზე.
- ნუ აცუნცრუკდი, არ წახვიდე! - დაუყვირა ჩიტმა ღრუბელს, ყოყმანი რომ შეატყო.
- ქარს არ ენდო! - აფორიაქდა ვარდი.
- ტყეებს გაჩვენებ, მინდვრებს, სერებს, მთვარესთან აგაფრენ! .. - ქარი კი ეჩურჩულებოდა .... ღრუბელი ისევ ყოყმანობდა: ქარი ბევრ, ძალიან კარგ რამეს ჰპირდებოდა; კვიპაროსს ვინ მოვლის, უიმისოდ როგორ გავძლო? - კვიპაროსი არ ეთმობოდა; ქარს არც ჰოს ეუბნებოდა, არც არას; როდემდე უნდა ეხვეწნა, ქარს მოთმინება გამოელია, დასტაცა ხელი და, როგორც ქორმა წიწილა, ისე წააწიალა... ღრუბელსაც ხმა არ ამოუღია: რა ვქნა, მე ხომ არ მინდოდა, ძალით წამიყვანეს...
- არ გაჰყვე, არ გაჰყვე, ვარდისფერო ღრუბელო! - დაუძახა მუდარით კვიპაროსმა, მაგრამ შორს იყვნენ უკვე და ხმა ვერ მიაწვდინა.
- წაიყვანა, მაინც წაიყვანა! - ჯავრით აივსო ვარდი.
ქარმა შორს, რაც შეიძლება შორს გააქროლა ღრუბელი, სულ მოაშორა იქაურობას; მერე სად არ ატარ, აღმა-დაღმა არბენინა; სულ თავ-გზა აურია, ფიქრის დროც აღარ დაუტოვა, ხან მწვანე ტყეების ქოჩორზე აწვენდა, ხან ზღვების ზედაპირზე დაარბენინებდა, ბობოქარ ტალრებთან ერთად აკოტრიალებდა, მალიმალ ყველაზე მაღალი მთის წვერზე გამოჭიმავდა დედოფალივით...
მთელი ზაფხული თავის ნებაზე ატრიალა, ერთ საბოლოოდ ვიწრო ხეობის ბნელ ხვეულში შეაცურა ნავივით და თვითონ სადღაც გაქრა უკავლოდ; იმ დღეს აღარ მოვიდა, არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს... არც ერთი კვირის შემდეგ გამოჩენილა...
მარტო ყოფნის ეშინოდა ვარდისფერ ღრუბელს. ითმინა, ითმინა და მერე უიმედოდ და მწარედ ატირდა:
- მოსწყინდა უკვე ჩემთან ყოფნა. აქ რაღას ჩამჩეხა, როგორ გამიმეტა, მე ხომ არაფერი დამიშავებია?! - გული ეტკინა; გულის ტკენა კი სხვისი გულიც გაახსენა. გაახსენდა კვიპაროსი: - რამ დამავიწყა? - ამოიოხრა; მერე მაღალ კლდეებს ააყოლა თვალი და ინატრა: - ნეტავი, როგორმე აქედან გამიყვანა და კვიპაროსის წინ დამსვაო. თითქოს ზღაპარშიო, ნატვრა შეუსრულდა: ღრუბელთან ცქვიტმა ნიავმა მიირბინა, მსუბუქ ფრთებზე შეისვა და ცაში ააფრინა. ციმციმ ატარა, ატარა ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით, ტაატით და კვიპაროს მიჰგვარა....
აი, ვარდისფერი ღრუბელი დაბრუნდა! ყველამ დაინახა, ცაზე ღუნღულა ჩირაღდანივით ანღია.
- დავბრუნდი! - შორიდან იძახის. თვითონვე უხარია, რომ დაბრუნდა, იმ თავხედ და თავაწყვეტილ ქართან რომ აღარ არის.
- ცოტა ადრე ვერ დაბრუნდი? - წამოუხტა ჩიტი. - აბა, ნახე, რა დღეშია კვიპაროსი?!
- რა დღეშია? - ვარდისფერი ღრუბელი ქვევით დაეშვა. ჩიტი განრისხებული უყვირის:
- სიმღერა აღარ შუძლია, შენ რომ ვერ გხედავს, გახმა. მთელი ზაფხული ერთი წვეთი ნამი არ ღირსებია, ჩრდილი არ დასდგომია თავზე: დაიბუგა და დაიწვა!
ვარდისფერ ღრუბელს ელდა ეცა, სახეზე ნაცრისფერი დაედო, ჯავრით მოიფუქრა და ატირდა...
- ახლა აღარც ტირილი უშვეის, აღარც სიცილი! - რა სასტიკია ჩიტი!
ღრუბელი მაინც ტიროდა. ტიროდა და ტიროდა, ვეღარავინ ვეღარ გააჩუმა. ტიროდა, ვიდე სულ არ დაილია, ვიდრე სულ ცრემლებად არ იქვცა და არ გაქრა....
ჩიტმა ფრთები ჩამოყარა და სევდიანად დაუსტვინა: აღარც კვიპაროსია, არარც ვარდისფერი ღრუბელი, მარტო გულის ლამაზი სიმღრა დარცა, რომელიც ცამაც იცის და დედამიწამაცო.