THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ციმციმა

დალი კუპრავა

ერთ ძალიან ლამაზ ბაღში ათასნაირი ყვავილი ხარობდა. წელიწადის სამ დროს ყვავილობდნენ. ზამთრობით კი მზის ამოსვლას სიხარულით ეგებებოდნენ, ერთმანეთს მოიკითხავდნენ და ამბების თხრობას იწყებდნენ. ყველას მონათხრობი თავისმოსაწონებელი იყო. ერთი მოყვებოდა, თუ როგორ შეაქო ულამაზესმა ქალბატონმა ზაფხულში, მეორე მისი სურნელით აღტაცებული ვაჟის თვალებს იხსენებდა, მესამე კი ყვებოდა, როგორ მოიწონეს დედოფლის თაიგულისათვის. და ასე გრძელდებოდა მთელი ზამთარი _ მზის ჩასვლისას შეწყვეტილ ამბავს მზის ამოსვლისას აგრძელებდნენ.
მათ საუბარს თუ ყურს დაუგდებდი, ზოგჯერ ძალიან მორიდებულ ხმასაც გამოარჩევდი: "იცით, მე...", მაგრამ ამ ხმას სხვა, უფრო ამაყი და მომთხოვნი ხმა ფარავდა, რომელიც თავის ამბავს ყვებოდა.
სუსტი, მორიდებული ხმა ერთი პატარა ყვავილისა იყო, რომელიც მიწასთან ახლოს ცხოვრობდა, რომ იტყვან, მიწას ძლივს აჩნდა. ყვავილები მას ზედაც არ უყურებდნენ, უფრო სწორად, ვერც ამჩნევდნენ _ ისინი სულ მაღლა და გვერდით იყურებოდნენ, აბა ვინ შეგვაქებსო.
როგორც ზამთარს შეჰფერის, მოთოვა და ბაღი თოვლმა დაფარა.
ერთ ღამეს, ძალიან გვიან, როცა ბავშვებს უკვე სძინავთ, ბაღში პატარა გოგონა და ბიჭი შემოვიდნენ. გოგონა ბიჭს არ ელოდებოდა, წინ მიდიოდა და გაფაციცებით რაღაცას ეძებდა.
_ იქნებ არც არსებობს, რა იცი?
_ აბა, რას ამბობ, როგორ შეიძლება, არ არსებობდეს... აუცილებლად ვნახავ.. შენ, თუ გინდა, დაბრუნდი, _ ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა გოგონა და ძებნას განაგრძობდა. ბოლოს გახარებული გაიქცა ბაღის ბოლოსკენ.
_ვიპოვე, ხომ გეუბნებოდი, ვნახე მეთქი... ნახე, როგორ ციმციმებს!
გოგონა მუხლებზე ჩაცუცქულიყო მორიდებულ ყვავილთან და ეალერსებოდა.
_ ჩემო ლამაზო, ჩემო ციმციმა ყვავილო, როგორ მიხარია, რომ გიპოვე!
ბიჭმაც გოგონას გვერდით ჩაიმუხლა, ცხვირით მხარზე ეგლასუნებოდა, ყურადღებას ითხოვდა და ეხვეწებოდა: `ახლა მაინც მიამბე, მოძებნაში მეც ხომ გეხმარებოდი... ხომ დამპირდი, მოგიყვებიო?!~
ბავშვების ხმაურმა ჩაძინებული ყვავილები გამოაღვიძეს, თვალები მოიფშვნიტეს, მიიხედ-მოიხედეს და ის იყო, უკმაყოფილოდ უნდა დაეწუწუნათ, რა ამბავია, ვინ ხმაურობსო, რომ გოგონამ მოყოლა დაიწყო და ყვავილებსაც მეტი რა უნდოდათ, ამბებზე ჭკუას კარგავდნენ.
_ თურმე ძალიან დიდი ხნის წინათ, _ დაიწყო გოგონამ, თან თავსაფარს ისწორებდა, _ ზამთრის ყინვიან ღამეს, როცა ცაზე მოკაშკაშე უცხო ვარსკვლავი გაჩნდა, მოგალობე ანგელოსების გუნდი დედამიწას მოეფინა. იმ ღამით ბევრი საოცრება მოხდა _ ეს საჩუქრების ღამე იყო, თითქოს რაღაც დიდი დღესასწაულის ნიშანი.
იმასაც ამბობენ, რომ სწორედ იმ ღამის შემდეგ დედამიწაზე ისეთი სილამაზე გაჩნდა, რომელსაც დანახვა სჭირდება და რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.
განთიადისას, როცა ანგელოსებს დედამიწაზე ყოფნის რამდენიმე წამიღა ჰქონდათ დარჩენილი და ის-ის იყო, ცაში უნდა აკრეფილიყვნენ, ყოველმა მათგანმა უკანასკნელად გადმოხედა მიწას. რასაც მათი მზერა მოხვდა, ყველაფერს მათი სახელი დაერქვა და საოცარი გახდა. ერთ-ერთი ანგელოზის მზერა ამ ყვავილმა იჩუქა და მას შემდეგ, ყოველ შობა ღამეს მისი ციმციმი ალამაზებს. სახელიც იმ ღამისა ჰქვია _ შობის ციმციმა.
ეს ამბავი ბებიამ მიამბო. მას თვითონ ყვავილი არასდროს უნახავს: პატარა რომ იყო, გვიან გარეთ არ უშვებდნენ. დიდი რომ გახდა, იმდენი საზრუნავი ჰქონდა, რომ გადაავიწყდა. ახლა კი მოხუცია, ღამე სიფხიზლე უჭირს და ადრე იძინებს. მხოლოდ ბებიამ იცის, რომ გამოვიპარე, თვითონ მითხრა, წადი და მოძებნეო. სხვებს ჰგონიათ, რომ მძინავს, _ კისკისით დაასრულა გოგონამ ამბავი.
_ მეც ხომ მოგეხმარე, მეც გამოვიპარე. მომხვდება, მაგრამ გავუძლებ. რომც ვუთხრა, შობის ციმციმა ვიპოვე მეთქი, არ დამიჯერებენ.
_ ალბათ მართლა არ დაგიჯერებენ. ბებიამ ეს ამბავი ყველას გვიამბო, მაგრამ სხვებმა თქვეს, ზღაპარიაო. ჩვენ კი ვიპოვეთ, _ უხაროდა გოგონას.
_ მოდი, ერთხელაც შევხედოთ და გავიქცეთ, ცივა, _ სთხოვა ბიჭმა.
გამოფხიზლებულმა ყვავილებმა ბავშვებს თვალი გააყოლეს და მზის ამოსვლამდე ციმციმას ამბებს უსმენდნენ. მართალია, ზოგიერთს მაინც ჩაეძინა, მაგრამ ვინც ფხიზლობდა, მათ ოქროსფერზანზალაკებიანი, მოგალობე ანგელოსებიც დაინახეს.