THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბუტია ლაშა

მზია მექერიშვილი

შუა ზამთარი იდგა, მაგრამ ისე თბილოდა, იტყოდი, საცაა, ხეები გაიკვირტებაო. ბავშვებს თოვლი ენატრებოდათ. ერთ საღამოს ქარმა დაუბერა, აცივდა.
- ამაღამ ითოვებს, ჩაილაპარაკა ეზოში მოფუსფუსე გიგა პაპამ.
- ითოვებს?! - ტაში შემოჰკრეს თეონამ და ლაშამ და პაპის ნათქვამი სოფელს მოსდეს.
დილით და-ძმამ ყველას დაასწრო ადგომა. მაშინვე ფანჯარასთან მიირბინეს. ფანჯრიდან უხვად დათოვლილი და უჩვეულოდ გარინდული, თითქოსდა თავისსავე სილამაზით მონუსხულები ტყე მოჩანდა. საკვირველია და, თეთრი სამოსელი უშნოდ ტოტებგაფარჩხულ და ზეზეურად გამხმარ ხეებსაც კი შვენოდა.
მალე არემარე ბავშვების ჟივილ-ხივილმა გააყრუა. ლაშა არც გუნდაობაში ჩამორჩა თანატოლებს, არც ციგაობაში, მაგრამ როცა ბიჭებმა ხე შეარხიეს და თოვლი ზედ დაეყარა, გაიბუსხა და სახლში წავიდა.
- ძალიან მრცხვენია, ბუტია ძმა რომ მყავს.
- როგორც კი გაბუტულს დავინახავ, გული ჩხვლეტას მიწყებს, -ამოიოხრა დედამ.
- მე კი საშინლად მტკივა თავი, - დაიჩივლა მამამაც.
ლაშა შეფიქრიანდა, იფირა, იფიქრა და...
- ბუტიაობას რომ გადავეჩვიო, თავი აღარ აგტკივდება? - კრძალვით ჰკითხა მამას.
- აღარ ამტკივდება, - დაბეჯითებით უპასუხა მან.
ლაშა დედას მიუბრუნდა:
- შენ კი გული აღარ დაგიწყებს ჩხვლეტას?
- არა, რა თქმა უნდა, - გაუღიმა დედამ.
- ჰოდა, მეც აღარ გავიბუტები! - რიხიანად თქვა ბიჭმა.
- სიტყვას თუ შეასრულებ, ასი წლის სიცოცხლე მომემატება! -შეაგულიანა გიგა პაპამ.
მას მერე ლაშა აღარ გაბუტულა. მართლაც და, დედ-მამის კარგად ყოფნასა და გიგა პაპას ასი წლის სიცოცხლესთან ბუტიაობა რა სახსენებელია!