THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლია კობალაძე

ამინ!

წუთი-წუთზე,
წუთი-წუთზე
წაბრძანდება ძველი
და შემოდგამს კარის ზღურბლზე

ფეხს ახალი წელი...
ბედნიერი ყოფილიყოს
ის წუთი და წამი,
სიხარული დაჰყოლოდეს

ამინ!
ამინ!
ამინ!
აგვსებოდეს სასუნსულო
უხვი სასუსნავით,
გველხინოს და გვეჭიკჭიკოს

ამინ!
ამინ!
ამინ!

ქრისტეშობას დაგილოცავთ,
დაესწარით მრავალს,
გიდღეგრძელებთ მამულს, კერას,
გენს და შთამომავალს!

ათი მცნება იყოს ჩვენი
საწყის-დასაბამი,
ღვთისმშობელი
გვმფარველობდეს,

ამინ!
ამინ!
ამინ!...


მამულიშვილობა

როდესაც ამართლებ
აღმზრდელთა იმედებს,
უმცირესს იმკი და
ასჯერ მეტს იმეტებ,
როდესაც შენს ირგვლივ
შენც ებრძვი სიავეს,
და ცდილობ, ყოველთვის
სწორი გზით იარო,
როდესაც გიქებენ
ქცევას და ზრდილობას,
ეს არის, პატარავ,
მამულიშვილობა!
შენიდან ეყრება ფესვები დიდ მიზანს,
შენიდან იწყება ცხოვრების დიდი გზა,
შენიდან, სწავლით და ბეჯითი მოქცევით
ბარტყობს და ფრთებს ისხამს
ზღაპრული ოცნება,
რომ გაითავისებ
სხვის დარდს და ჭრილობას,
ეს არის,
ეს გახლავს
მამულიშვილობა!...

მართლა ბუა თუა

- თუ არ შეჭამ საჭმელს,
თუ კვლავ მეტყვი უარს, -
რომ გასწავლოს ჭკუა,
დავუძახებ ბუას.

- ბუა, მოდი, ბუა!
- ბებო, ბუა ყრუა,
ბევრჯერ მოგატყუა,
მაშ, რად გვემალება,
მართლა ბუა თუა?

მედღეხვალიეს

ყოველგვარ საქმეს გადასდებ
სიხარულით და ხალისით,
დღეის დღე სულ არ გადარდებს,
ყველაფერს გეგმავ ხვალისთვის.

შე, მართლა, ტყვილებცვენიავ,
შე, მართლა, გასაჯოხავო,
ნუთუ სულ აღარ გრცხვენია,
მედღეხვალიე რომ ხარო?

ტყუილს თუ არ მოიშლის
თეამ როცა იცრუა,
ძმაც დადუმდა ჯიუტად,
აბა, რა ქნას, დედიკოს
ენას ხომ არ მიუტანს?
აღარ იცის, დუმილი
კარგია თუ ცუდია,
მოიხელთებს, მოუვლის
იმ კუდრაჭა-კუდიანს,
ყურებს კარგად აუწევს,
თუ არ უთქვამს ბოდიში,
და არც ძმობას გაუწევს
ტყუილს თუ არ მოიშლის!...

ყველაზე ლამაზი

ყველაზე ლამაზი სახელი ვის ჰქვია? -
პაატას,
თორნიკეს,
როსტომს თუ
ფიქრიას?
ვინაა, ნეტავი, ყველაზე ლამაზი, -
მარიკა,
მამუკა,
თიკო თუ თამაზი?
რითაა ნაკლები
ან ლიკა, ან გია,
სახელი? სახელი სუყველა კარგია,
გერქმევა ციალა,
თამთა თუ თამარი,
სახელი კი არა, -
ქცევაა მთავარი!
ყველაზე ლამაზი სახელი მას ჰქვია,
ვინც კარგად სწავლობს
და არ არის ბაქია,
ვინც მამულს არგია,
ვინც უქმად არა ზის,
ის არის, ის გახლავთ ყველაზე ლამაზი!
ბეჯითი, სხარტი და
სიკეთის მნერგავი,
ლამაზი იქნება
ყოველი თქვენგანი!...