THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ზღაპარი პეპელა პეპლათარზე და გვირილა გვიმარისზე

ბონდო მაცაბერიძე

პეპელაზე გიამბობთ, პეპლათარზე. კიდევ, მის დობილზე, გვირილა - გვიმარისზე.
წუთისოფლობდნენ დობილები იმედნეულად ერთი-ერთმანეთისთვის. მზეც ერთი ჰქონდათ და მთვარის ბაკმსაც ერთფრად მოიფრთახატულებდნენ.
პეპლათარი მეტწილს ცაში ატარებდა.თვითნებურად როდი.გვიმარისი ეტყოდა; წადიო, ცისა გამოწვლილვე ამბავიო.მეო, მიწისას გეტყვიო.
წავიდოდა ისიც.
მოიღლიდა ფრთებს ფრენით და მაშინვე გვიმარისთან ბრუნდებოდა.
მისხდებოდნენ ერთი-ერთმანეთის გვერდით.იტყოდნენ აქეთ-იქეთურისას. პეპლათარი ცოტას მოიდაღლისებდა და კვლავ ცად წავიდოდა.
ნიავქარობას პეპლათარმა შეგვიანება იცოდა. ქარი თუ წაიღებდა შორი მინდვრით.
მაშინ, გვიმარისი მზერას ააცისზევითებდა და თვალდანატრული გაჰყურებდა ცას. ერთხელაც, ლოდინით მოღლილმა ლექსიც კი შეუთხზა დობილს.
- ლექსის წერისა მე რა ვიციო, ლექსმწერთ არა ნახონ, დამცინებენო, - დაიმორცხვა გვიმარისმა.
პეპლათარმა, რათა სხვასა, და გვიმარისს ლექსი გამოართვა.
მთლად კარგი საქმე რომ არაა სხვათა ნათხრობთა კითხვა, ეგ თქვენც იცით, მაგრამ გვიმარისიც ხომ თქვენი ტოლაა და თქვენი თითოეული სიტყვის ამოპირთბაგებას რარიგ დანატრიან თქვენი მშობლები, ეგაც კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, აი ეს ლექსიც:
სიმართლე გითხრათ, აქედან მეც ვერ ამოვიკითხე. თუმცა, მეგობრის გულის ნაამბობად, ეს ოთხი სტრიქონიც იკმარებს...
ახლა, სამწუხარი რამ ამბავი უნდა ვთქვა მათზე:
შუადღისპირს, როცა პეპლათარი ცაში იყო, გვირილა გვიმარისს, ერთი ვინმე ფუტკარი - ფუნთო წაეჩვია. ჯერ იყო და, ფრენდა ფუნთო გვიმარისის შორით. თითქოს, რაღაც საამო ხმაზედაც კი. მერე და მერე, ისე ახლოს ჩაუბზუბზარაკა, გვიმარისს ყვავილის გვირგვინიდან სამი ფურცელი წააცალა.
- ეგ საკარგოდ აქ არ მოვიდოდაო, - თქვა გვიმარისმა და პეპლათარს უხმო, - პეპლათარო, ჩქარა აქეთ, აქეთ, მიშველეო!
ის იყო პეპლათარი მასთან გაჩნდა, რომ ფუნთოს გვიმარისის ნექტარი ფიჭის უჯრედებში მშვიდად გადაჰქონდა.
დაიმწუხრეს დობილებმა.
მიცუცქდნენ უხმოდ ერთი-ერთმანეთის გვერდით იქვე, მიწისპირად.
გვიმარისი იტყოდა მხოლოდ, - ეგ აქ, კიდევ მოვაო, - და გააბამდნენ ერთ ცრემლთწირპვლას დროდადრო.
კიდევ, თუმცა, არ ღირს მათ გულთამწუხრზე მეტად თქმა. აგე, დარდმა საბუდარში ჩაიხედა, კრუხს კვერცხი გაულაყდაო, ჰოდა, ჩვენაც აქეთისა ვთქვათ:საღამოსხანობას დობილთ მოლაღურისა მოესმათ ხმა:
- კრიპ, წიპ, წიაპ. კრიპ, წიაპ, წიაპ - წიაპებდა მოლაღური და ბუდიდან პირველჯერად ამომსხდარ ბარტყებს გვიმარისისა და პეპლათარის ცრემთა მძივებს ჰფენდა ფრთებზედ...
აქ დღეც მიილია.
მინდვრად ჭიჭნობელთა ჭრიჭინი გაისმა.
გამოვიდა სკიდან ფუნთო. მიმოუფრინა გვიმარისს, არცთუ ისე შორით. მაგრამ, რა და, მიუდევთ თავი დობილებს ერთი-ერთმანეთზე და წასულან ძილად.
ახლა, არცა რა რიდი მართებს ფუნთოს მათი და, არცა რამ საშიშარი სჭირს...
- არაო, - ფუნთომ, - მთლად მაგრე ხარბად არ გამოვაო, მძინართ, გულები რო დაუსკდეთო?
- კარგი.
- ჰოო-ვო, ცოდონი კი არიანო, მაგრამ... ნექტარიც რო მინდაო? შედგა ფრთად. აიწია ცად. მოიმარჯვა ხორთუმი. სადაცაა, ჩასცემს კიდეც მძინარს, გვიმარისს. ამოსწოვს, გაანექტარებს ყვავილს და, გაბრუნდება კვლავ თავის სკაში...
მაგრამ, ეს რო წამდაუწუმ არ მოხდება! ერთჯერ, ორჯერ, ჰა, ჰა - შვიდჯერ. მერვედ, გვიმარისი იქ არ დახვდება. ჩახრის ისიც წყრომით თავს და, იტირებს. იტირებს - ფუნთოს ავსაქმიანობას, უნექტრობას, უმწეობას იტირებს, იტირებს და მერე, თავისსავე ცრემლებს ჩაჰყვება მიწად. შეფიქრდა ფუნთო. მინდვრად კი ისმოდა ჭიჭნობელთა ჭრიჭინი. ჯეჯილიანიდან, მწყერ-გნოლთა ფაცფაცი, სათიბებისა - ნიავთრხევა. მერე, გვიმარისის ფოთლებსაც დასწვიმა. თითქო, ღია ციდანო. იქვე - პეპლათარსაც. კიდევ და კიდევ - მინდორთ, ბალახთ, მიწას:
წკუპა და წკაპი, წკაპი და წკუპი. წკუპა და წკაპი, წკაპი და წკუპი, დაჰფანტვიათ მოლაღურებს, მინდვრად, დობილთ ცრემლთა წკლუპი...
დილით, როცა ფუნთომ სკის ჭუჭრუტანიდან გვიმარისს გახედა, ძალზედ გაჰკვირდა; გვიმარისისა და პეპლათარის ცრემლთნაღვარ მინდვრებს, სულ თეთრი-თეთრი გვირილები წაჰფენოდა!..