THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გრძელცხვირა ჯადოქრის ამბავი

თამრი ფხაკაძე

ერთ მთვარიან ღამეს გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია მინდვრების და ტყეების თავზე მიფრინავდა. ცალ ხელში ჯადოსნური ჯოხი ეჭირა, მეორეში _ შემწვარი კამფეტებით სავსე პარკი.
ვიცი, ვიცი! შემწვარი კამფეტები არ გაგიგია! არც მე მინახავს თვალით, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ჯადოქრებს უყვართ და დილიდან საღამომდე შეუძლიათ ჭამონ!
ჰოოდა, მიფრინავდა გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია და თან აი რას მღეროდა : გადავიფრენ ტყეეს, კი-კოო,
გადავიფრენ ვეელს, კი-კოო,
და შემწვარი კამფეტებით
ჩავიტკბილებ ყელს, კი-კოო!
არ მკითხო, კი-კოო რას ნიშნავს! მაინც არ ვიცი. ალბათ ჯადოქრების დელა-დელაა!
მიფრინავდა, მიფრინავდა ჯადოქარი მარსია და..მაგრამ დაიცა! მთავარი დამავიწყდა!
ჯადოქარი მარსია ჭაობის ალქაჯის, კეკას დაბადების დღეზე მიფრინავდა. კამფეტებიც კეკასთვის მიჰქონდა საჩუქრად. წაუღებდა, აბა რა! კეკა არც მეტი და არც ნაკლები _ 113 წლის გახდა!
მიფრინავდა ჭაობისკენ გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია და თან აი, რას ფიქრობდა:
”რა კარგია, რა კარგი! მე და ალქაჯი კეკა ჯერ ამ კამფეტებს გადავსანსლავთ, მერე კი მთელი ღამე ვიმხიარულებთ! ჩემი ჯადოსნური ჯოხით რაღას არ ვიზამთ! ჯერ, დათვს გადავაქცევთ ბუზად! მერე, კურდღელს ამოვუყვანთ კამეჩის რქებს! ხი-ხი-ხი!! მერე ყვავს გადავაქცევთ ქვეყნიერების მეფედ! მეერე... ტყის ყვავილებს ობობებად ვაქცევთ. მერე პეპლებს ფრთებს გავუხმობთ! ხი-ხი-ხი! რა მხიარული დაბადების დღე იქნება?! მთვარეს ჩამოვაგდებთ! მზეს დავაბნელებთ! მელიას ჟირაფივით დავუგრძელებთ კისერს! მდინარეებს და ტბებს მელნად გადავაქცევთ! ხი-ხი-ხი-!!”
ხედავ, რა ცუდ რამეებს ფიქრობდა ეს გრძელცხვირა მარსია?! მაგრამ დაიცა! განა დამთავრდა ზღაპარი!
მიფრინავს, მიფრინავს ჯადოქარი მარსია და უცებ, ის გრძელი ცხვირი არ მოეფხანა? ისე მოეფხანა, მეტი რომ არ შეიძლებოდა!
რა ექნა? ცალ ხელში შემწვარი კამფეტებით სავსე პარკი ეჭირა, მეორეში, _ ჯადოსნური ჯოხი! მესამე ხელი კი _ არ ჰქონდა! მერე რა, რომ ჯადოქარი იყო _ მაინც არ ჰქონდა.
ცხვირი კი ეფხანებოდა და ეფხანებოდა!
სხვა გზა არ იყო, იტაცა ხელი და მოიფხანა! რომელი ხელით და, _ ჯადოსნური ჯოხი რომელშიც ეჭირა, იმით!
ჰოდა, ცხვირის ფხანა-ფხანაში გაუვარდა ხელიდან ჯადოსნური ჯოხი, წავიდა ბზრიალ-ტრიალით და შუაგულ უღრან ტყეში ჩავარდა!
აბა, ძებნას რა აზრი ჰქონდა! იმ ბნელ ღამეში რას იპოვიდა!
გამწარდა და რას გამწარდა მარსია! გრძელი ცხვირი ისარივით წაუწვეტდა სიმწრით! სულ შხუილით მიაპობდა ჰაერს. ბოლოს, ისე აერია სიმწრით თავგზა, რომ ერთ დიდ მთას დაეჯახა ბნელში და ცხვირით ჩაერჭო შიგ!
ახლაც იქაა ჩარჭობილი!
ჯადოსნური ჯოხი კი დილაადრიან დედა კურდღელმა იპოვა. აბა რა იცოდა, რომ ჯადოსნური იყო? დახედა და თქვა:
- მშვენიერი ჯოხია, ამით ხალიჩას გავბერტყავ ხოლმე!
ძალიან საქმიანი კურდღელი გახლდათ, ძალიან!