THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



როგორ გადაცვალა წინწკალამ სახლი

ნუნუ ქადაგიძე

- ახლა ბინის გადაცვლაც შეგიძლია, თუ მოისურვებ. - უთხრა ერთ დღეს კაჭკაჭმა თავის მეგობარ წინწკალას. მათი მეგობრობა განსაკუთრებით მას შემდეგ განმტკიცდა, რაც წინწკალამ, ქონდრისკაცებს შორისსიმარჯვით და მოხერხებით განთქმულმა, მშვენიერი კოხტა სახლი წამოჭიმა კაკლის ხის ტოტზე. მასალად კაკლის ნაჭუჭები გამოიყენა, თაფლის ფიჭით შელესა დასუროს პრიალა ფოთოლით გადახურა. დღეს არ აცდენდა კაჭკაჭი, რომ თავისი მეგობარი არ მოენახულებინა და ქვეყნის ახალი ამბები არ ჩაეკენჭა მისთვის.
- ადამიანებიც თუ ცვლიან ბინებს? - დაინტერესდა წინწკალა.
- ცვლიან რომელია. აქოთქოთდა კაჭკაჭი.
- ესაა მათი ძირითადი საზრუნავი. ბინებს რომ არ ცვლიდნენ, საქმეც არაფერი ექნებოდათ.
წინწკალამაც მაშინვე დაიხურა თავისი წინწკლებიანი ქუდი - სწორედ ამ ქუდის გამო ჰქონდა შერქმეული ასეთი სახელი - და ტყეს მიაშურა, რათა რომელიმე ბინა შეეთვალიერებინა. ბევრ ქონდრისკაცს ქონდა ბინა ტყეში. ზოგი ბუჩქებში ცხოვრობდა, ზოგი მარადმწვანე ხეზე მოკალათებულიყო გირჩებისაგან აგებულ კოხტა სახლში, ზოგსაც სოკოების მახლობლად აერჩია სამოსახლო. ყველაზე მეტად წინწკალას რკოს კაცუნას სახლი მოეწონა, მუხის ფართო ტოტზე წამოსკუპულიყო, რკოსაგან მკვიდრან ნაგები.
- მოდი, სახლი გავცვალოთ, - მაშინვე საქმექე გადავიდა წინწკალა.
- გავცვალოთ. - სიხარულით დაეთანხმა რკოს კაცუნა. - მართლაც მოგწყინდება კაცს სულ ერთსა და იმავე სახლში ცხოვრება.
ორივე მონდომებით შეუდგა საქმეს. დიდი ყურადღებით დაათვალიერეს ერთმანეთის სახლები, გაზომეს ფართობი. იღბლად, ორივეს საცხოვრებელი ტოლი აღმოჩნდა. ამომავალი მზის სხივებიც კი მათ კარ-ფანჯრებს აშუქებდა პირველად. წინწკალამ დ არკოს კაცუნამ, სულ ადვილად დაადგინეს, რომ მათი სახლების გაცვლას არაფერი დაუდგებოდა წინ.
მიიღეს ეს გადაწყვეტილება, დაიკაპიწეს მკვლავები და თავ-თავის სახლლებს დაებღაუჭნენ. წინწკალას თავისი სახლი მუხლის ფართო ტოტზე უნდა დაესკუპებინა, რკოს კაცუნას კი თავისი ბინა კაკლის ხის ტოტზე უნდა გადაეტანა.
ბევრს ეჯაჯგურნენ, მაგრამ ხეზე დასკუპებული სახლები მჭიდროდ ჩაზრდილიყვნენ ტოტებში და ხის მერქანი ირგვლივ საძირკველივით შემოკვროდათ.
როდესაც საწადელი ვერ აისრულეს, გაერთიანებული ძალებით სცადეს ტოტიდან სახლის მოგლეჯა, მაგრამ ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენ ჯაჯგურში კინაღამ მთალდ გააფუჭეს საქმე: რკოს კაცუნას სახლის კედელი გაიბზარა, ხოლო წინწკალას სახლს სახურავი გადასძვრა.
წინწკალამ სასწრაფოდ მოძებნა ახალი ფოთოლი, რკოს კაცუნამ თაფლის ფიჭით შელესა გაბზარული კედელი. ასე საქმე არ გამოვიდოდა, რაიმე სხვა საშვალებისთვის უნდა მიემართათ.
- ტოტი ხომ არ მოვტეხოთო? - შესთავაზა რკოს კაცუნამ.
წინწკალა არ დაეთანხმა.
- ხე დამახინჯდება. - თქვა მან.
- მართალი ხარ, არ ივარგებს ტოტის მოტეხვა. - დაეთანხმა რკოს კაცუნა.
ცოტა ხანს იფიქრეს და მერე წინწკალამ გამოთქვა აზრი.
- მე მგონია აჯობებს მთლიანად ამოვთხაროთ ხეები. მე კაკლის ხეს გადავიტან მუხის ხის ადგილას, შენ კი მუხის ხეს გადარგავ მის ნაცვლად.
ახლა რკოს კაცუნა წავიდა წინააღმდეგი:
- ეს კიდევ უფრო მძიმე საქმეა. თან სახიფათოც. ჩემი მიხა აუცილებლად გახმება. ისე ვერ ამოვთხრი, რომ მიწაში ღრმად წასული ფესვები არ დაუზიანდეს.
ისევ დაფიქრდნენ. იფიქრეს, იფიქრეს და უცებ წინწკალამ შუბლში იტაცა ხელი.
- ერთი რაღაც მოვიფიქრე: მოდი ერთმანეთი გავცვალოთ.
- ეს რანაირად? - გაიკვირვა რკოს კაცუნამ.
- რანაირად და მე შენს სახლში ვიცხოვრებ, შენ კი ჩემს სახლში გადადი საცხოვრებლად.
რკოს კაცუნამ თავი იჭვნეულად გადააქნია.
- კი მაგრამ, ეს ხომ სულ სხვა რამეა: ისე გამოდის, თითქოს ჩვენ კი არ გადავცავეთ სახლები თვითონ სახლებმა ჩვენ გადაგვცვალეს.
- მართლაც ასე გამოდის. - კეფა მოიქექა წინწაკალამ.
ახლა რკოს კაცუნას მოუვიდა თავში ბრწყინვაე აზრი:
- ყველაფერს აჯობებს, ჯერ ორივემ ერთად ვიცხოვროთ მუხის ხის ტოტზე, შემს სახლში. ხოლო მერე, როცა იქ მოგვბეზრდება, კაკლის ხის ტოტზე გადავინაცვლოთ.
ნამდვილი ჭკუის კოლოფი ხარ, - შვებით ამოისუნთქა წინწკალამ. ერთის ნაცვლად ორი სახლი გვექნება.
ასედაც მოიქცნენ. ერთხანს ორივე ერთად ცხოვრობდა მუხის ხის ტოტზე დასკუპულ სახლში. მერე კაკლის ხეს მიუბრუნდნენ. ასე მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთთან. კაჭკაჭმა თქვა, ამას ბინის გაცვლა კი არა სტუმრობა ჰქვიაო. წინწკალას სულაც არ სწყენია. პირიქით, უფრო გაიხარა, როგორც არ უნდა მოვიქცე ყველაფერი ადამიანივით გამომდისო.