THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ყვავილთა უფლისწული და ბაბუაწვერა

მანანა ჯოხარიძე

ბაღში, ნაკადულთან ბაბუაწვერა გაიშალა. ჯერ გაიზმორა, ზეცას ახედა; მერე მიდამოს თვალი მოავლო და წყალში ჩაიხედა... ჩაიხედა და აღფრთოვანებულმა წამოიძახა:
- ღმერთო ჩემო! რა ლამაზი ვარ?! რა ნაზი და მოხდენილი?! წელი ბალერინას მიმიგავს, თმა კი.... ასეთი ფაფუკი და მშვენიერი თმა არავის არა აქვს!
ამის გაგონებაზე, ირგვლივ ყვავილები შეიშმუშნენ, გაკვირვებულმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ.
ეს სიტყვები დიდმა მწვანე ბუზმაც გაიგონა, ბალბის ფოთოლზე ჩამოჯდა და ბაბუაწვერას მიაჩერდა.... - “მართლაც ლამაზია!” - გაიფიქრა გულში და მოჰყვა ბზუილს: ბზზზ.... ბზზზ.....
- რას მიყურებ, მოგწონვარ? - ჰკითხა ბაბუაწვერამ.
- ბზზზ.... ბზზზ.... ძალიან! - დაიბზუილა ბუზმა.
- მერედა რა გინდა?
- ცოლად გამომყევი! სწორედ შენისთანა საცოლეს ვეძებ! - უთხრა ბუზმა.
- კიდევ რა გნებავს, ვაჟბატონო? სად შენ და სად მე?! - ცხვირი ასწია ბაბუაწვერამ, - შენნაირი უბირის და უქონელისთვის კი არ გამაჩინა ამქვეყნად უფალმა?! მე მხოლოდ ყვავილთა უფლისწულის ღირსი ვარ!
- ეგ ვინღაა? - თვალები გადმოკარკლა ბუზმა.
- ვინ და თვალწარმტაცი ჭაბუკი, ჰაეროვანი, გამჭვირვალე ფრთებით. ის მოფრინდება და წამიყვანს თავის ზღაპრულ ქვეყანაში, სადაც მუდამ გაზაფხულია და ყვავილებიც მუდამ ყვავიან.
- როგორც გენებოს! გაჰყევი იმ შენს პრინცს! ეგღა მაკლია შეგეხვეწო! - თქვა ბუზმა და გაბრაზებული, ბზუილით გაეცალა იქაურობას.
არ გასულა ცოტა ხანი და წყლიდან ბაყაყი ამოხტა. მზეს მიეფიცხა და გაინაბა.
- შენ რაღას მომჩერებიხარ? ჩემმა სილამაზემ მოგხიბლა? - ჰკითხა ბაბუაწვერამ.
სიმართლე რომ ითქვას, ბაყაყს მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, თავის ფიქრებში იყო გართული, მაგრამ ახლა ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა და წარმოიდგინეთ, მოეწონა კიდეც.
- რას მიყურებ-მეთქი! შენც ცოლად ხომ გინდივარ? - გაუმეორა ბაბუაწვერამ.
- რატომაც არა? - ეს აზრი ბაყაყს ჭკუაში დაუჯდა და თავი რომ მოეწონებინა, ლაყუჩები დაბერა და მორთო ყიყინი: - ყუა, ყუა, ყუა, ყუა,..... ყუა, ყუა, ყუა, ყუა......
- კმარა, კმარა! თავი ნუ ამატკივე! - უთხრა ბაბუაწვერამ. მაგაზე არც იოცნებო! მე შენი ცოლი არასოდეს გავხდები!
- მაინც რას მიწუნებ? - ბაყაყმა ზედ დაიხედა, - ტანი კარგი მაქვს და თავ-ფეხი?!
- არა ხარ ჩემი ღირსი! მორჩა და გათავდა!
- არ გინდა და ნუ გინდა! წავალ და მზეთუნახავ გომბეშოს შევირთავ! მერე რა ხმა აქვს?! რა სიმღერა იცის?! - ნიშნის მოგებით მოაძახა ბაყაყმა და წყალში გადაეშვა.
“სულელი!”... - გაიფიქრა ბაბუაწვერამ და უფლისწულსა და მის საოცარ ქვეყანაზე ოცნება განაგრძო.
მეორე დღეს იადონი მოფრინდა, ვარდის ბუჩქზე დაჯდა და მოჰყვა გალობას. ისე გალობდა, ისე საამურად, მის მოსმენას არაფერი ჯობდა.
- ლამაზი ხარ და საუცხოოდ მღერი, - ნეტარებით ამოიოხრა ბაბუაწვერამ, - მაგრამ ტყუილად ირჯები! ჩემი გული დიდი ხანია სხვას ეკუთვნის და მხოლოდ მისი ვიქნები!
იადონმა გაკვირვებულმა შემოხედა, სტვენა შეწყვიტა და გაფრინდა.
ასე გადიოდა დღეები. ბაბუაწვერა, ყვავილთა უფლისწულის მოლოდინში, მალიმალ ნაკადულში იხედებოდა და თავისი მშვენიერებით ტკბებოდა. მაგრამ ერთხელ.....
ერთხელ ღამით ქარი ამოვარდა. შემზარავი გრიალით აიქროლაჩაიქროლა, ყველაფერი მიანგრ-მოანგრია და თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი გამთენიისას იქაურობას გაეცალა.
დილით ბაბუაწვერამ გამოიღვიძა, გაიზმორა, - “უჰ, რა საშინელი ღამე იყოო...” - გაიფიქრა და როგორც სჩვეოდა, წყალში ჩაიხედა. ჩაიხედა და.... გაშრა.... - არა, ეს შეუძლებელია! ეტყობა, ჯერ კიდევ მძინავს! - წამოიძახა შეშინებულმა და თვალები ისევ დახუჭა. მერე ნელ-ნელა გაახილა, თან წყლისკენ დაიხარა.....
არა, არ ეძინა! მაგრამ ნეტავ მართლა სძინებოდა!...
თმა აღარ ჰქონდა!... მისი მშვენიერი, ფაფუკი თმა ქარს წაეღო!... მიშველეთ!.. მიშველეთ!... უნდოდა ეყვირა, მაგრამ შერცხვა, თავი ჩაღუნა და მწარედ ატირდა.
ამის შემდეგ ბაბუაწვერა დადუმდა. იშვიათად თუ ვინმეს გამოელაპარაკებოდა, შეკითხვაზე თუ უპასუხებდა და მერე ისევ თავის ფიქრებს მიეცემოდა.
სხვა ყვავილები თანაგრძნობით გადახედავდნენ ხოლმე, მაგრამ ეს თანაგრძნობა არ ეამებოდა, პირიქით, დარდს უძლიერებდა, გულს უკლავდა.
და აი, ერთ მშვენიერ დღეს, გაბერილი, ბებერი ხოჭო მიადგა.
- გამარჯობა ლამაზო! - უთხრა და ულვაშები დიდკაცურად შეათამაშა.
- გამარჯობა, - თავი დახარა ბაბუაწვერამ.
- დიდი ხანია მინდოდა მეთქვა, რომ მოხიბლული ვარ თქვენი სილამაზით.
- მართლა? - ბაბუაწვერამ გაოცებულმა ახედა.
- დიახ, თქვენ მშვენიერ ხოჭოს მაგონებთ, სწორედ ისეთს, როგორზედაც ვოცნებობდი!
- კი, მაგრამ, მე ხომ ყვავილი ვარ?
- მერე რა, რითი ხარ ნაკლები?! გამომყევი ცოლად! არ ინანებ! მდიდარი ვარ და ფუფუნებით გაცხოვრებ! - ამ სიტყვებით მან ძვირფასთვლიანი ოქროს ბეჭედი გაუწოდა.
ბაბუაწვერა შეცბა, ჯერ შეყოყმანდა, მერე კი გაიფიქრა: “რა ვუყოთ რომ ხოჭოა?! მართალია უშნოა და გაბღენძილი, მაგრამ სამაგიეროდ მდიდარია, თანაც ხელგაშლილი, მასთან ცხოვრება ურიგო არ იქნება. უფლისწული კი... ვინ იცის, არსებობს მართლა ყვავილთა უფლისწული? ანდა სად არის მისი მშვენიერი ქვეყანა?...” - გაიფიქრა და ბეჭედი მორცხვი ღიმილით ჩამოართვა.