THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შოთა ნიშნიანიძე

ბავშვებს
სახლში თამაშობენ, კარში თამაშობენ,
რა ქნან, თამაშია მთავარი.
სიზმრებში ცხოვრობენ, ზღაპრებში ცხოვრობენ.
ცხოვრებაც ჰგონიათ ზღაპარი,
მხოლოდ ისინია, მხოლოდ ისინია
ჩვენი ხალისი და მიზნები.
ეზოში დარბიან, ხტიან, იცინიან
ჩვენი ახდენილი სიზმრები,
ფერადი ჩიტები, ფერადი აფრები,
როგორც სიზმარში და ზღაპარში,
მხოლოდ სიმღერები და მხოლოდ ზღაპარი
და მხოლოდ თამაში და თამაში,
და, გაიზარდონ, გაიგონ მთავარი,
გაიგონ რისი ვართ ყაბული.
თუმცაღა ცხოვრება არ არის ზღაპარი,
მაგრამ შესაძლოა გავხადოთ ზღაპრული.


ჩიორა ჩიტი ჩიოდა
ჩიორა ჩიტი ჩიოდა,
თვალებზე ცრემლი ეკიდა,
შვილები ვეღარ გავზარდე,
რაც მელა გადამეკიდა.
ჩიორა ჩიტის ჩივილზე
ქათამი გამოდიოდა,
დაო, მე ვერას გიშველი,
მეც შენებრ ცრემლი მდიოდა.
ჩიორა ჩიტი ჩიოდა,
თურმე ჩიტუნებს შიოდა,

დედა კი მელას შიშითა
მინდორში ვერ მიდიოდა.
ციოდა თივის ბუდეში,
ხის ფუღუროშიც ციოდა.
მელას ნუ მიმცემ, დედაო,
საწყალი ბარტყი ჟიოდა,
პატარა ბარტყის ჟივილზე
მამალი გამოდიოდა.
მამალი მედიდურად
ასწევდა წითელ ბიბილოს:
- სოფელში წავალ, იქნება
მურია გადავიბირო.
მურია მელაკუდასა
აუკრავს ნაბად-გუდასა.
მამალს ლოცავდა ჩიორა,
მამალს ლოცავდა თრითინა.

და “დედანის” ფურცლებზე
ყვინთავდა გიგლა ტიტინა.
ნახევარზღაპარი
აჩუ, აჩუ, ცხენოო, შე კუდმოსაჭრელოო
- ზურგზე შემასკუპდები, საით გაგაჭენოო
აჩა-ბაჩა ცხენი ვარ, ხან საწყალი წიქარა,
წუთისოფლის უღრან გზებს მეც წვალებით მივკვალავ.
- მამი, მამი, მგლის ხროვა რომ შემოგხვდეს ღამით,
უთოფოდ და უხანჯლოდ მოერევი, მამი?
სპილო თუ შეგხვედრია?
- შემხვედრია სპილოც.
- მამი, დათუნიაც?
- დათუნიაც, შვილო...
- შეგხვედრია ლომი, ვეფხვი, მგელი, დათვი,
მართლა არ გეშინია, მამიკონა, მათი?
- აი, შე ცუგრუმელა, შე მშიშარა, მართლა,
ნურავის გეშინია მელაკუდას გარდა.
სპილოს რაც შეეხება, პატივსა ვცემ სპილოს,
ლომებთან და ვეფხვებთან ვძმობილდები, შვილო;
მგლებისგან და დათვებისგან შორს გადგომას ვცდილობ.
- მამა ყველაზე ღონიერია, მამას ვერავინ ვერ მოერევა,
მამას რაც უნდა, იმას იყიდის, ყოვლისშემძლეა მამა
და ბედიერი ბავშვის კისკისი ამხელს ოცნებებს ლამაზს.
- შენს პირს შაქარი, სულ ასე გეთქვას, ამინ პატარავ, ამინ!
- დევს და ამირანს ორივეს ერთად, ვერ მოერევი, მამი?
- ვინაც დევი და ამირანია, ვინც არის ჩემი კბილა,
ჩემო გოგონა, დიდიხანია მესალმებიან ტკბილად...
გაიზრდებიან, შვილო, ბავშვები, ნახავენ ათას რამეს,
ჰოდა, მამებში აღმოაჩენენ მთლად ჩვეულებრივ მამებს...
ო, ჩემო გოგო, ვერ გაგაწბილებ, ვერ მოგატყუებ. ვერა,
ახლვე აცმევ ჩემს სიყმაწვილეს სასწაულმოქმედ პერანგს
მე უნდა შევძლო შეუძლებელი, ტოლი ზღაპრის და მითის,
შენს ბაშვურ რწმენას როგორც შეჰფერის სწორედ ისეთი დიდი...
***
ღმერთო, მომხედე და ნუ დამტოვებ მხოლოდ ზღაპრების გუდად,
ჩემს შვილთან ერთად თანატოლივით მზარდე და მზარდე მუდამ.