THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



თეიმურაზ აბულაძე

გოშია
ჯერ სულ პაწაწინაა,
ჯერ მიწას არ აჩნია
და ნამლევა გოშია
ხედავთ რა ამბავშია? —


დაერევა წიწილებს
დაერევა კატუნებს,
მერე მივა ბებოსთან
და თავს მოიკატუნებს.


წიწილები, კნუტები
დააღონეს ფიქრებმა:
ეს რომ წამოიზრდება,
მერე რაღა იქნება!


მამუკა
თურმე, ნუ იტყვით, მამუკას
ხელ-პირის ბანა არ უყვარს.
დილით სველ ხელებს სახეზე
ერთს მოისვამს და ჰაიდა! -

სადღაა ჩვენი მამუკა -
სოფლის ბოლოში გავიდა.
პატარა გოგომ, დიდგულამ,
ხალხში დასცინა ბიჭუნას:

- ერთი შეხედეთ მამუკას,
შეხედეთ, სახე რას უგავს! -
გოგონამ თვალებციმციმამ
იცინა, დიდხანს იცინა.

ბიჭი სირცხვილში ჩააგდო
ნამლევა გოგოს ტიტინმა.
სახლში გაიქცა და საპნით
ხელ-პირი დაიგვრიტინა.