THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



იოსებ აფციაური

დედას
დედის თვალებში მზე არი,
დამიღამდება აროდეს,
მიმიყვანს ნათელდღიანი
უკვდავებისა წყარომდე.


მერცხალი ბუდეს უგალობს,
დარდს დარდი გაეკიდება,
გზებს, დედის ცრემლით დაბანილთ,
ცეცხლი არ წაეკიდება.


რა სანახავი აჯობებს,
მთის თავზე ნისლის წოლასა,
რა განძი დაედარება
დედის გულს, აუწონავსა.


დედას
ვერ იცი მზეო, სიცილი,
ჩემმა რო იცის დედამა,
ზღვაში ჩაძირა სიკვდილი
მის ერთმა შემოხედვამა.


ტყეში დაღლილო ნიავო,
ნუკრის თვალივით კეთილო,
ვერ გისწავლია ალერსი,
ჩემმა რო იცის დედილომ.


მარგალიტებით მოქარგეს
მდელო ღამემ და დილამა,
ვინ მოჰქსოვს, მე რომ ჩამაცვა
წინდები ჩემ დედილამა?


შავი შაშვი და ბულბული
ყელს მოიღერენ ლამაზად
სად ნახავთ ისეთ მგალობელს,
დედა რომ არის, აბა, სად?


დედაშვილობის გამჩენო,
ვარდი რო ნამში ვნახეო
სიცოცხლე დედაჩემისა
იმ ყოფით შემინახეო.