THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლელა ცუცქირიძე

შავი ზღვა

გამიგია, ზღვა ლურჯია
და ყოველთვის ლურჯად ვხატავ,
მამიკომ კი წუხელ გვითხრა:
- ვესტუმრებით მალე შავ ზღვას.


რატომ არის ნეტავ შავი,
როგორც იქნა, მივხვდი ახლა,
ალბათ მზეზე დიდხანს ყოფნით
დაიწვა და სულ გაშავდა.


სამყურა
პატარა სამყურავ, თეთრმაქმანიანო,
ამბავი მითხარი მზისა,
ან ცა რომ იძინებს ვარსკვლავთა აკვანში,
მითხარი, რას ხედავს სიზმრად?

ანდა ცისარტყელა რად არის შვიდფერი,
ან წვიმა რას მღერის ჩუმად,
ანდა მომიყევი, თეთრი გვირილები
რატომ მკითხაობენ მუდამ.


ვისთან მიფრინავენ ბაბუაწვერები,
პეპელა რას ფიქრობს ჭრელი,
რატომ აქვს დედიკოს ყველაზე თბილი და
ყველაზე სათუთი ხელი?


ან მზესუმზირები სულ მზეს რომ უმზერენ,
თვალები არ ეწვით ნეტავ?
ვისთან გაიპარა პატარა ბილიკი,
მთებთან თუ ხასხასა ტყესთან?


ამდენი კითხვებით იმიტომ გაწუხებ,
მეც მინდა, გავიგო რაღაც,
მესამე ყური გაქვს, ახალი ამბები
შენ იცი ყველაზე კარგად.


ონავარი მაშიკო
რა ყოფილა ეს მაშიკო,
ცელქი, ცელქი, თანაც ურჩი,
კრუხ-წიწილას დაერია,
ჩოჩორს აუწია ყური.


კვიცი წითლად გადაღება,
ცუგას კუდზე ქვა მიაბა,
გამოუდგა ცოცხით თიკანს,
ხბოს საჭმელი ააცალა.


ჭის ვედროში ჩასვა გოჭი,
დააგორა გოდრით კატა,
ეს რა არის, ბოსლის კარი
ბებოს ჩუმად ჩაურაზა!


- ახლა კაკალს ჩამოვბერტყავ, -
თქვა და კაკლის ხეზე აძვრა,
მაგრამ მტრისას, რაც მაშიკოს
ჩამოსვლისას დაემართა!

გაიჭედა ხის ტოტებში,
- მიშველეო, ბებო, - ყვირის,
აბა, ბებო რას უშველის,
ბოსელშია ჩაკეტილი.


ასე იცის, ჩემო მაშო,
ურჩობამ და ონავრობამ,
მანდ იყავი, სანამ მამა
თბილისიდან არ ჩამოვა.


აი ია
- აი ია, აი თითი, -
კითხვას ვსწავლობ, დღეებს ვითვლი,
მინდა, მალე წავიკითხო
ჩემი საყვარელი წიგნი.


დედიკომ თქვა: - დავიღალე
ზღაპრების და ლექსის კითხვით,
მე კი ისე ვერ ვიძინებ,
თუ არ წავიკითხე წიგნი.


აი ია, აი თითი,
უკვე ცოტა წერაც ვიცი,
თეთრ ფურცელზე დავასკუპე
სიტყვა - ონავარი ჩიტი.


აი ია, აი თითა,
ლექსს დავუწერ, ვინც კი მიყვარს,
და ძილის წინ ჩემს თოჯინას
ზღაპრის ნაცვლად წავუკითხავ.


საფრთხობელა
ბებომ მთხოვა, ჩვენს ეზოში
საფრთხობელა ჩამედგა,
ჩიტებს შეეშინდებათო,
მოიშლიან ბლის კენკვას.


შემეცოდა საფრთხობელა,
შემოსილი ძონძებით,
გავუკეთე მზის სათვალე,
ავუწითლე ლოყები.


ჩავუწანი ჩალის თმები,
დავუბნიე წკაპები,
გადავაცვი ჩემი კაბა,
ფურფუშელა ბაფთებით.


ისე კოხტად გამოვაწყვე,
რომ შეხედოთ შორიდან,
გაპრანჭული საფრთხობელა
გეგონებათ თოჯინა


ეს რა არის, ერთმა ჩიტმა
სიყვარულიც აუხსნა,
ბლის წითელი კუნწულები
მიუტანა საჩუქრად.


ბებიკოს კი მე ვეგონე,
ჯამზე ფაფა დაასხა
და გაპრანჭულ საფრთხობელას
ჩემს მაგივრად აჭამა!


შეყვარებული მელია
- დელია, დელა, დელია, -
მღერის გრძელკუდა მელია,
- ეს ყვავილები მინდორში
სულ ჩემი დასაკრეფია.


აღარც ვარიკებს ვიპარავ,
აღარ ვარ მათი მტერია,
ლამაზ თაიგულს მივართმევ
ერთ პაწაწინა ფერიას.


ეს რა მოსვლია მელიას,
ასე რომ გადაგვერია?
ხელ-პირიც დაუბანია,
ტყუილსაც გადაჩვევია.


დელია, დელა, დელია,
ელენე შეჰყვარებია!


ჭრელი ქოლგა
წკუპ-წკაპ, წკუპ-წკაპ,
მოწკაპუნობს წვიმა,
კიბეებზე ჭრელი ქოლგა
მოხტის ასკინკილა,

- სად მიდიხარ, ჭრელო ქოლგავ,
საით მიგეჩქარება?
- სამუშაოდ გამოვედი,
წვიმა მოდის, ვერ ხედავ?


აქეთ ლეკვი გალუმპულა,
უნდა გადავეფარო,
იქით კნავის შავი ფისო,
ლეკვის მერე მე ვარო


ჰოდა, ძლიერ მეჩქარება,
სად მცალია საჭორაოდ?
სანამ წვიმა გადაიღებს,
ბევრი უნდა ვიმუშაო.


***
დილით ბებომ გააღვიძა
მატრაკვეცა სოფიკო,
- მოდი, ნახე, ჩვენმა ძროხამ
როგორი ხბო მოიგო!


თვალებს იფშვნეტს სოფიკო,
ვერ გაიგო, რა ხდება:
- ბებო, ალბათ მატყუებ,
ანდა რაღაც გეშლება.


ხბოს როგორ მოიგებდა
ჩვენი ძროხა გუშინღამ,
ლატარიის ბილეთი
ვასო ბაბუმ უყიდა?!


ღორმუცელა ფისო
- ალო, ალო, სასწრაფოა?
მაპატიეთ, გაწუხებთ,
ჩემი ფისო ავად გახდა,
ვეღარ დასდევს თაგუნებს.


- რატომ, დღეს რა მიირთვა?
- რა და რძის შეჭამანდი,
მერე ტკბილი ნამცხვარი,
მერე ლიმონათი -
ვებერთელა ჯამით!

მერე ვაშლი დააყოლა
და ხის ძირას გადაგორდა.
- ახლა რას აკეთებს?
- ახლა ისევ გორავს,
იმედია, უშველით,
როცა ჩემთან მოხვალთ.
- ჩვენი მოსვლა რად გინდა,
გიკარნახებთ რეცეპტს,
ერთ კვირაში შენი ფისო
წამოხტება ფეხზე.
- კარგი, მაშინ ჩავიწერ,
- არც ჩაწერა გჭირდება,

ფისოს დაენიშნება
უუმკაცრესი დიეტა.
- როგორ?
- აი, ასე,
დღეს, ხვალ ზეგ და მაზეგ,
არაფერი აჭამო ღორმუცელა ფისოს,
მალე აახამხამებს
იმ ფახულა თვალებს,
მერე მართლა კატურად
დაერევა თაგვებს.


წვიმა
წვიმა მოდის ტყაპა-ტყუპით,
გუბეებში ვარდება,
ჩვენს ეზოში ყველაფერი
ერთიანად დასველდა.
შიო მაინც გამოსულა
და ჩაუცვამს ბოტები:
- წვიმავ, არ დამასველო,
სათამაშოდ მოვედი!
გამოაღო ფანჯრები
მეტიჩარა ელენემ,
ონავარი წვეთები
დაასკუპდნენ ხელებზე.
- შიო, შენი ბოტები
ხელზე არ მომერგება?
მათხოვე და თითები
აღარ დამისველდება.


ლიზი და ბატის ჭუკი
ბუტი-ბუტი, ბუტი-ბუტი, -
გაიბუტა ბატის ჭუკი,
იბუტბუტა, იჭუჭყუნა,
შეაქცია ყველას ზურგი.

- მარტო ლიზის რომ უყიდეთ,
მეც კი მინდა ბოტები,
გავიდოდი ეზოში,
წყალში გავაბოტებდი.

შეეცოდა ლიზის ჭუკი,
გაფუყული, როგორც ბუშტი,
ეფერება, კოცნის, კოცნის:
- მიჩუქნია ცალი ბოტი.

გამოვიდნენ ერთად გარეთ,
ბოტებს გააქვთ ჭრაჭი-ჭრუჭი,
ცალი ბოტით დადის ლიზი,
ცალი ბოტით - ბატის ჭუკი.


უჭიშკრო ღობე
- ღრუტ, ღრუტ, როგორ დავიღალე! -
დაიჩივლა დედა ღორმა.
ხუმრობაა? მთელი ღამე
იმუშავა, ღობე ღობა:

- ონავარი მეცხრე გოჭი
უსაშველოდ არის ცელქი,
უკითხავად იპარება,
რკოს დაეძებს უღრან ტყეში.

გაიღვიძეს გოჭუნებმა,
უკვირთ: უი, ეს რა მოხდა?
ღობის აქეთ ლეღვის ხეა,
ღობის იქით ღელე მოსჩანს.

- აბა, ახლა გაიპარეთ,
აბა, ახლა წადით ტყეში! -
კმაყოფილი დედა ღორი
ღობესთან დგას წკეპლით ხელში.

ახითხითდნენ გოჭუნები,
გადაგორდნენ სილაში:
- დედი, გარეთ ვერც შენ გახვალ!
დედი, ერთი გვითხარი,

ეზო რომ შემოგიღობავს,
დაგავიწყდა ჭიშკარი?!


ლოკოკინა კინა-კინა


ლოკოკინა კინა-კინა
მისეირნობს გზაზე მშვიდად,
მიიმღერის:
- რა კარგი ვარ,
პატარა და კოკროჭინა.
დღეს ხომ ჩემი დღეობაა,
დავპატიჟე სტუმრად ყველა,
გამოვაცხვე ნამცხვრები და
მოვრთე ტორტი ვებერთელა
ახლა ჩემი ნიჟარა
ყველასათვის ღიაა!
ჯერ მობრძანდა კალია,
ხტუნია და ბაქია;
მერე? მერე კურდღელი,
ყურპარტყუნა, სულელი;
მერე? მერე თრითინა,
იხითხითა, იცინა;
მერე? მერე კაჭკაჭი,
ხილით სავსე კალათით;
ბოლოს? ბოლოს დათვი,
თაფლის დიდი კასრით.
როგორ ფიქრობთ, ამდენ სტუმარს
დაიტევდა ნიჟარა?
თქვენც ხომ იცით, რომ ნიჟარა
პაწაწინა ბინაა.
ჰოდა, რასაც ახლა გეტყვით,
გინდ გჯეროდეთ, გინდ არა:
გარეთ დარჩა კინა-კინა,
მეტიჩარა, კოკროჭინა.
ვეღარც ტორტი მიირთვა და
ვერც სიმღერა მოისმინა.
მოუვიდა გული, დაიხურა ქუდი,
არც საჩუქრებს დაელოდა,
ისე ძლიერ გაბრაზდა,
თავის დაბადების დღეზე
სტუმრად სხვასთან წაბრძანდა!


ბახალა ბახვა
ბახვა, ბახვა, ბახვალაო,
ყვავის შავი ბახალაო.
არ სცოდნია ფრენა, პატარაა ჯერაც,
ასეირნებს ეტლით მეზობელი ძერა.
ვერ ისვენებს, ცქმუტავს ეტლში,
ფრენა უნდა, ან რას ერჩით?!
გადმოფოფხდა, გაბაჯბაჯდა,
ამ დროს გზაზე მოდის ზღარბი,

ძერა მისდევს: "არ დამღუპო,
ჩამაბარეს შენი თავი".
დაეჯახა ბახვა ზღარბს და
ერთი-ორი, ერთი-ორი,
ეკლებით ხომ დაიჩხვლიტა,
შუბლზეც დაასკუპდა კოპი!
რაო, ბახვა, ბახვალაო,
ზღარბმა კოპი დაგასვაო?
ძერა ზის და ნისკარტს იკვნეტს:
- რაღა ვუთხრა ბახვას დედას?
ქალმა ბავშვი ჩამაბარა,
"მძივს გაჩუქებ, თუ მიხედავ".
ბახვას - შუბლზე დიდი კოპი,
ძერას მძივის ნაცვლად - ჯოხი!


თივის ბულული
ბაბული-ბუბული და
თივის ბულული,
მუხლუხო მოხოხავს
ხვნეშით და კრუსუნით:
- მძიმეა ძალიან
ეს თივის ბულული,
ჩემს მეტი ვინ დაძრავს?
ბაბული-ბუბული.
კარგი, რა, მუხლუხო,
გეყოფა კრუსუნი,
ზვინი ხომ არ არის
პატარა ბულული?!
... და უცებ ბეღურამ
ნისკარტით ბუდისთვის
მუხლუხოს მოსტაცა...
ჰო, თივის ბულული!
განა მძიმე იყო?
უბრალოდ, მუხლუხოს
ძალიან უყვარდა
ოხვრა და კრუსუნი.
ახლა კი, რას იზამს?
რაღაზე იკვნესებს?
აღარ აქვს ბულული,
ბაბული-ბუბული.


ჭიკჭიკელა მერცხლები
გაზაფხული ნისკარტით
მოიტანეს მერცხლებმა,
ვარდისფერი მძივები
დაიქარგეს ხეებმა.
ჭიკჭიკელა მერცხლებო,
შემოფრინდით შორიდან,
გავიგე, რომ კუდებად
მაკრატლები გქონიათ.
ვიცი, ჯერ არ გცალიათ,
დაიღალეთ ფრენისგან,
პაწაწინა ბარტყებიც
მოუთმენლად გელიან.
მე კი მალე სცენაზე
შევასრულებ სიმღერას,
ამიტომაც ახალი
თეთრი კაბა მჭირდება.
ჭიკჭიკელა მერცხლებო,
მარტო თქვენ თუ მიშველით,
მაკრატელა კუდებით
კაბა გამომიჭერით.


მფრინავი ცუგა
სანსლი-სუნსლი, სანსლი-სუნსლი,
გადასანსლა ცუგამ ბუშტი,
ბუშტი იყო გაბერილი!
თქვენ გეგონათ დაჩუტული?
სულ ერთ წამში, ჩვენი ცუგა
კარუსელს და ეზოს აცდა,
და წითელი ბუშტის ნაცვლად
მაღლა-მაღლა აფარფატდა!
ჯერ აივანს წამოედო,
ანას ბებო ფენდა სარეცხს,
წაუვიდა ლამის გული
საწყალს ცუგას დანახვაზე.
მერე ღია ფანჯარაში
შეფრინდა და გაიჭედა,
დაინახა ლუკას დედამ,
მაგრამ არც კი დაიჯერა!
მერე ხისკენ გადაფრინდა
ყვავის ბუდეს გადახედა,
შიშისაგან შავი ყვავი
სულ თოვლივით გადათეთრდა!
მერე მოხვდა სახურავზე,
ესღა აკლდათ ახლა კატებს!
ცუგა ფრენსო და ელდისგან
ქათმებივით აკაკანდნენ.
მერე ცისკენ აიწია
ჩიტებს გვერდი აუარა,
ჩიტს ეგონა დიდი კოღო
და ნისკარტი მარდად ჩაჰკრა.
ჩაიფუშა ჩვენი ცუგა
და ეზოში ჩამოვარდა,
იმედია, ამის მერე
ბუშტებს აღარ გადაყლაპავს!

ზღარბი ტიტიკო
ტიტი, ტიტი, ტიტიკოკოს
მოეწონა ზღარბი გოგო,
თვითონაც ხომ ზღარბია,
ეკლის ჩოხა აცვია.
მიბრძანდება პაემანზე,
დაგორაობს ბაღში,
რომ მიართვას ზღარბუნას
ატამი და ვაშლი.
დაიღალა ტიტიკო,
შორი გზა აქვს სავალი,

ხილი გვერდით მოიწყო,
წამოგორდა ჰამაკში.
თან მოშივდა ტიტიკოს,
მსუნაგია, რა ქნას,
ატამიც და ვაშლიც
წამში გადასანსლა.
მერე შერცხვა გოგოსთან
უსაჩუქროდ წასვლა,
წაჩანჩალდა სახლში
პაემანის ნაცვლად.


კუკნა კუ


ჩემმა კარგმა მამამ
მომიყვანა კუ,
ბაკანზე აქვს ბაფთა,
პატარაა სულ.
კუს დავარქვი კუკნა,
სახელი ხომ უნდა?!
ჩემი სოფლის ეზოში,
კუ გავუშვი ჩეროში.
ხან ვპოულობ, ხან ვერა,
ვერ გავიგე, რა ხდება.
დავჯექი და ვიტირე,
დავისიე თვალები,
ჩემი კუკნას გარეშე
სოფლად არ ვარ დამრჩენი!
ნეტავ რას მემალება,
რატომ არის ნაწყენი?
რა ვქნა, ხილიც ვაჭამე,
ჯოხიანი კამფეტიც!
მამამ მითხრა: - ლიზიკო,
- ნუ სულელობ რაღაცას,
კუკნა გეთამაშება
კუ-კუ-და-მა-ლო-ბა-ნას!


ერთი ბეწო წვეთი
ცხრათვალა მზეს დაბადების დღე აქვს,
ხუმრობაა? გახდა დიდი გოგო,
გამოუცხო ცამ ნისლების ტორტი
და ღრუბლების ბეზეებით მორთო.
მოშხაპუნდა ქალბატონი წვიმა,
მოიყვანა ერთი ბეწო წვეთი,
შემოუსხდნენ მეგობრები სუფრას,
მზე ხალისობს, მზე იცინის, მღერის.
ვერ ისვენებს ერთი ბეწო წვეთი,
ტკბილეულსაც ვერ აშორებს თვალებს,
სულ შესანსლა ღრუბლის ბეზეები
სანამ ტორტზე დაანთებდნენ სანთლებს.


ღრუბლები
თამაშობენ ღრუბლები,
ონავარი ტყუპები,
გორაობენ ცაში,
ცაა მათი სახლი.
ქუხქუხებენ, ჭექენ,
და ქვეყანა შეძრეს.
ამ დროს დედაც მოვიდა,
ბრაზისაგან იკივლა,
ონავარი ტყუპები
ელვის ჯოხით მიტყიპა.
წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ,
წვეთები ეცემიან გუბეში,
თქვენ გგონიათ, გაწვიმდა?
ღრიალებენ ღრუბლები.
იღრიალეს, იტირეს,
მერე დედამ იდარდა,
მიეფერა ღრუბლებს და
უცებ გამოიდარა.

პა-დე-დე
პა-დე-დე,
პა-დე-დე,
სპილო დადის ბალეტზე.
შეუკერეს პუანტები,
გაფშეკილი კაბაც,
პრემიერა ახლოვდება,
არიგებენ: იცეკვეო ნაზად.
პა-დე-დე,
პა-დე-დე,
სპილო დადის ბალეტზე.
დაბზრიალდა სცენაზე
იატაკი ჩატყდა,
ალბათ სულ დაავიწყდა,
რომ ეცეკვა ნაზად.
პა-დე-დე,
პა-დე-დე,
სპილო დადის ბალეტზე.
დაუნიშნეს დიეტა,
რომ იცეკვოს ნაზად,
ის კი მაინც კაბის ქვეშ
ტორტის ნაჭერს მალავს.
რა ქნას, უყვარს ძალიან,
გემრიელი ჭამა.
პა-დე-დე,
პა-დე-დე,
სპილო დადის ბალეტზე.


კაჭკაჭები
სუფრას შლიან კაჭკაჭები,
დაუცხვიათ მაჭკატები.
მგონი, გოგოს ათხოვებენ,
გამოუჩნდათ მაჭანკლები.
_ რა ნისკარტი, ან რა თვალი,
ყურთან მშვენიერი ხალი! _
მოიწონეს მაჭანკლებმა
გაპრანჭული კაჭკაჭელა.
გაშლილ სუფრას შემოუსხდნენ,
სადღა არის მაჭკატები?!
- ამ ქალბატონს შეუსანსლავს,-
მყისვე მიხვდნენ კაჭკაჭები.
- ვის რად უნდა ღორმუცელა?-
აბობოქრდნენ მაჭანკლები.
სულ არ დარდობს კაჭკაჭელა,
ხომ მიირთვა მაჭკატები?!


ნეკი-ნეკისაო...
ნეკი ნეკისაო,
შერიგებისაო,
თეთრი ფისო სახურავზე
მზეს მიეფიცხაო.
მიუსკუპდა შავი ლეკვი,
მიუტანა კამფეტები:
ტოფიტა და ბონი-ბონი,
ირისი და კარამელი.
ფთილასავით თეთრი ფისო
იპრანჭება, იცინისო:
- ლეკვს რომ ფისო შეუყვარდეს,
გაუგია ნეტავ ვისო.
სხვა რა უნდა გავიფიქრო,
ეს ისედაც ცხადიაო,
კამფეტების ჩუქება ხომ
სიყვარულის ბრალიაო.
ნეკი ნეკისაო,
ეს რა გვეღირსაო,
შავი ლეკვი ფისუნიას
შერიგებიაო.


მტირალა კვირტები
შხაპი-შხუპი, სველდება
ბაღები და მინდვრები,
ატმის ხეებს წვიმისგან
აუტირდათ კვირტები.
ვარდისფერი კვირტები,
პატარა ბაიები,
რა უბრჭყვინავთ თვალებზე,
ცრემლები თუ მძივები?
რა გატირებთ, კვირტებო,
საწოვარას ჩაგიდებთ,
ისე მოგეწონებათ,
გაჩუმდებით მაშინვე.
თქვენნაირი მტირალა
დაიკო მყავს პატარა,
საწოვარით ვაჩუმებ,
როცა სხვა გზა აღარ მაქვს.


გაზაფხულის კარუსელი
ხალისით და ჟრიამულით
შემობრძანდა გაზაფხული.
ეს რა ხდება ჭრელ მინდორში,
რა გნიასი, რა ხმაური?
ხოჭო ბერავს ფერად ბუშტებს,
კუ ამზადებს ბამბის ნაყინს
და სიცილის ოთახს აწყობს
ლოკოკინა ნიჟარაში.
მუხლუხოზე შემომსხდარან
ჭია-ჭიამარიები,
ბალახების სასრიალოს
აკეთებენ კალიები.
ჭრიჭინებმა სახლთან ჩადგეს
აიწონა-დაიწონა,
ერთი ბეწო ჭიანჭველამ
ხარაბუზა გადაწონა.
ხვლიკი უკრავს ტუჩის გარმონს,
პეპელა კი ცეკვავს ბალეტს,
წრუწუნები იკერავენ
ყვავილების ფერად კაბებს.
საქანელით ერთობიან
ღიპიანი ზაზუნები,
დატრიალდა ჭრელ მინდორში
გაზაფხულის კარუსელი.


თოვლის ბებო
ზამთარია, ვერცხლის ზარებს უკრავს ქარი,
ციდან ცეკვით ფანტელები წამოვიდა,
თოვლის ბებომ ამოავლო ლოლუები,
გასაშრობად სახურავზე ჩამოჰკიდა.
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი...
გაირბინეს დღეებმა და კვირეებმა,
არ უნდოდა, მაგრამ ტკბილად დააძინეს
თოვლის ბებო საახალწლო სიმღერებმა.
მალე მინდვრებს დაეფინა ყოჩივარდა,
თოვლის ბებოს ფანტელებში ტკბილად სძინავს,
მიეპარა სახურავებს გაზაფხული,
ლოლუებით პირი ჩაიკოკლოზინა.


თოვლი მოდის
თოვლი მოდის, სასეირნოდ
გამიყვანა ბებუკამ,
- უი, არ გაცივდეო და
იცით, როგორ შემფუთა?
ტანზე - თბილი ქურთუკი,
თავზე - ქუდი ყურებით,
ფეხზე - ჩექმა მუხლამდე,
პირზე - კაშნე ბურთებით,
რა თქმა უნდა, ხელთათმანიც,
აღარ დვჩანვარ სრულებით!
... თოვლის ფაფუკ ფანტელს კი
სურდა ჩემი გაცნობა,

მაგრამ რადგან არ მიჩანდა
არც შუბლი და არც ლოყა,
როგორ ფიქრობთ, რა ქნა ფიფქმა?
ცხვირის წვერზე მა-კო-ცა!


ჩიჩილაკი
მასპინძელი ოდა სახლის,
ულვაშს იგრეხს ჩიჩილაკი,
დაიხურა თავზე ვაშლი,
ტანთ ჩაიცვა კამფეტები:
- შემოსულა კალანდაო,
თოვლითა და თაფლკვერებით.
საშობაო ღვეზელს აცხობს:
- ხვავი შენ და ხვავი სტუმარს,
მდიდარი თუ მათხოვარი
შემობრძანდეს, ვისაც უნდა!
ჩიჩილაკო, ჩოხოსანო,
ბედის კვერი მოგორავსო.
მოუტეხე გაჭირვებულს,

მოხუცსა თუ ბავშვსა,
მთელ წელიწადს ნუ მოაკლებ
მაგ შენს ქართულ მადლსა.


თოვლის ბაბუს
არც დედიკო მიჯერებს,
არ მიჯერებს მამიკოც,
თოვლის ბაბუ, შენ მაინც
მომიყვანე დაიკო.
პირობას ვდებ, ყოველდღე
გამოვუცვლი პამპერსებს,
ფაფას ვაჭმევ დილიდან,
ვუწილადებ კამფეტებს.
სათამაშოდ არ მივცემ
არც ნუკას, არც მარიკოს,
ბარბის სახლში არ შესვან,
არაფერი ატკინონ.
თმებსაც არ გავუწეწავ,
არ დავუხევ კაბასაც,
არც ელენეს ვაჩუქებ,
სულელი ხომ არა ვარ?!
თოვლის ბაბუ, საჩუქრად
მეტს არაფერს არ ვითხოვ,
ნაძვის ხის ქვეშ დამისვი
ღამით ერთი დაიკო.


ტყის ნობათი
თოვლი მოდის წმინდა, წმინდა,
თოვლის ბებო მოქსოვს წინდას,
ამოუქსოვს ორნამენტად
ფანტელებს და ნაძვის გირჩას.
თხილს მიუტანს ციყვი ბებოს,
დათუნია მისცემს ფიჭას,
ბაჭიები კუნელს, მოცხარს,
ზღარბი სოკოს მიუზიდავს.
თაგუნიას თეთრი გუდა
აუვსია წიწიბოთი,
ძაფზე ასხმულ წაბლს და კაკალს
ბებოს ჩუქნის მიკიოტიც.
თოვლი მოდის წმინდა, წმინდა,
ტყის ნობათით სავსე წინდებს
თოვლის ბებო ამ საღამოს
ჩვენს ბუხართან ჩამოკიდებს.


ჯადოსნური მუთაქები
ნაკუწებით: ღრუბლების,
უთეთრესი ფიფქების,
გამჭვირვალე ყინულის,
ვერცხლისფერი ნისლების...
უზარმაზარ მუთაქებს
ბებო კერავს დილიდან,
აბრეშუმის თეთრი ძაფით
კიდე მოუგვირისტა.
ერთს აჩუქებს დათუნიას,
ერთს აჩუქებს ბაჭიას,
მგლის ლეკვებსაც მიუტანს,
რა ჰქნას, დიდი მადლია.
ერთ პატარა სახლში
ტკბილად სძინავთ ბავშვებს,
თოვლის ბებო მუთაქებს
ამოუდებს თავქვეშ.
ნაკუწ-ნაკუწ შეკერილი,
საახალწლო მუთაქები,
ყველას სიზმრებს აავსებენ
ჯადოსნური სურათებით.

ველოდები ახალ წელს
ველოდები ახალ წელს,
უკვე ვითვლი წამებს,
მალე თოვლის ბაბუა
შემოაღებს კარებს.


თოვლის ბაბუ, რაღაცა
შეგახსენო, მინდა:
სირცხვილია ბავშვებთან
უსაჩუქროდ მისვლა.

ასე ამბობს დედიკო,
რომ მივდივართ სტუმრად,
დედიკო კი, ხომ იცი,
მართალია მუდამ!