THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გივი ჩიღვინაძე

ანბანთქება
               


აელვარებს ალიონი
ალაგ-ალაგ ღრუბლის ფენას,
არწივებმა ადრიანად
აღმა-აღმა იწყეს ფრენა.


               


ბაიები, ბარდი, ბალბა, -
ბიბინებდა მდელო ბაღთან,
ბუერებთან ნაკადულში
ბატი ჭუჭულებსა ბანდა.

                


გაგვიფრინდა გნოლის გუნდი,
გადაევლო გაღმა გორებს.
გვრიტი გედებს გასძახოდა,
გუგულებმა გაიგონეს.


                  დ


დედულეთში დედაბოძთან
დედამ დასვა დათო დიდხანს,
დედაენა წინ დაუდო
და ანბანი წაუკითხა.


                 


ეძებეს ეკამ და ელომ
ენძელა ტყეში იმ დილით,
ეშმაკს ამსგავსეს ხის კუძი,
ეზოს მოადგნენ სირბილით


                   ვ


ვაკეზე ვაზი ვახარეთ,
ვრცელი ზვარი გავაშენეთ,
ვენახს ვაზი, ვაზს მტევანი,
ვაჟკაცს შრომა დაამშვენებს.


                 


ზურმუხტოვანი ზაფხული,
ზღვის სანაპირო მზიანი,
ზედიზედ წყალში ხტებიან
ზაზა, ზეზვა და ზვიადი.


                  

თხილებთან თეთრი თიკნები
თითქოს თამაშით გართულან,
თან თრთოლვით უთვალთვალებენ
თამამად მყეფარ ბათურას.


                     ი


იფნების იქით იელი,
ირემი მშვიდი იერით
იჩქარის შორი ტყისაკენ,
იქ ნორჩი ნუკრი მიელის.


                 კ


კორდზე კერკეტმა კაკალმა
კარგად მოისხა ნაყოფი,
კოდი ავავსეთ, დავტოვეთ
კიდეც ციყვების სამყოფი.


                


ლაჟვარდი ლაღად ლივლივებს
ლამაზადა ფრენს მიმინო,
ლეღვის შტო ჩიტებს იფარავს,
ლოდთან ყვავილობს ღიღილო.


                       


მთები მწვანედ მოირთვება,
მოსცილდება მუხას მუმლი,
მტერი ვეღარ მოგვერევა,
მამულს კარგად თუ მოვუვლით.


                      


ნიკო, ნონა და ნოდარი
ნეტავი რას აკეთებენ
ნაირნაირ ნერგებს რგავენ
ნარ-ეკლიან ნაკვეთებზე.


                   


ოლეზე ორი ოფოფი
ონავარ ბარტყებს ზრდიდა,
ოთხმოცდაათ დღეს დასჭირდა
ორივეს საზრდოს ზიდვა.


                     


პატარ პატარა პეპლები
პირიმზეს თავს დაჰხარიან,
პაპუნამ ამ ლამაზ ყვავილს
პეშვით აპკურა წყალია.


                    
ჟამით ჟამამდე ჟინჟღლავდა,
ჟუჟუნა წვიმაც დიოდა,
ჟოლოზე ჟრუნი ჩიტუნა
ჟივჟივებდა და ჩიოდა.


                    რ


რა რხევაა რტოთა რიგის,
როგორი დგას რია-რია.
რცხილიანში რემა მირბის,
რაშთა რბოლა-გრიალია.


                    ს


საამო სიო სისინებს,
სათიბი თრთის და ღელავს,
სუყველას ლაღად აცეკვებს
სამყურას, სვიას, ლემას.


                   


ტაროებით ტენის ტომრებს
ტოლს არ უდებს ტატო ტოლებს
ტეხენ სიმინდს, ჭრიან ჩალას,
ტყემლის ძირას ყრიან კონებს.


                     უ


უჩას უზანგ-უნაგირით
ურჩი კვიცი შეუკაზმავს,
უცებ ზურგზე მოქცევია,
უკან შემოუსვამს ზაზა.


                     ფ


ფუტკრებს ფართი ფუღუროში
ფიჭა უდევთ ფენა-ფენა
ფერად ფერად ყვავილებზე
ფუსფუსებენ მინდორ-ველად.


                    


ქარში ქანოაბს ქორაფი,
ქარაფთან ქრიან ქორები,
ქედებზე თოვლი მოსულა,
ქათქათებს თეთრად გორები.


                  


ღვივის ღუნღულა ღრუბელი,
ღებავს დაისი ცის კიდეს,
ღობესთან მაღალ ტყემალზე
ღაბუა ჩიტი ჭიკჭიკებს.


                      ყ
ყელყელაობს ყვავილნარი,
ყანის პირას ყრია ძნა,
ყიყლიყოო, მამალაყინწამ
ყველა გამოაღვიძა.


                   


შავი შაშვების შვილებმა
შვრია აკენკეს ყანაში,
შინდის შტოებზე შეფრინდნენ
შექმნეს სიმღერა-თამაში.


                  


ციცქნა ციყვებმა ცაცხვებში
ცხრაკარა ბინა გამართეს,
ცხრაგვარი ხილით ავსებენ
ცარიელ გოდორ-კალათებს.


                           ძ


ძეწნების ძირას ძროხა ძოვს,
ძაღლს მიულულავს თვალები,
ძიძგილაობენ ლეკვები
ძვლის გამო ძილგამკრთალები.


                        


წამდაუწუმ წვრილად წვიმდა,
წიფლიანში მოცვი მწიფდა,
წყნარად იდგნენ წიფლის ხენი,
წვერი ცისთვის მიეწვდინათ


                    


ჭივჭავები ჭიკჭიკებენ,
ჭვავს კენკავენ ჭალაში,
ჭრიჭინებიც შეაშინეს
ჭინჭრებსა და ჩალაში.


                      


ხევგაღმა ხარობს ხეხილი
ხურმა, ხურტკმელი, ქლიავი...
ხან აწვიმს, ხან მზე დაჰნათის,
ხან აშრიალებს ნიავი.



                   


ჯიშიანი ჯიხვების ჯგრო
ჯიქურ ხტება კლდიდან კლდეზე,
ჯახაჯუხი ისმის რქების
ჯანღიანი მთების თხემზე.


                    ჰ


ჰერიოდა, ჰოოპუნა,
ჰარალე და ოროველა _
ჰანგებს ვმღერით ჰაეროვანს,
ჰარმონიის ისმის ჟღერა.