THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შიო მღვიმელი

დედის სიყვარული

ნურავინ მეტყვით
ნურც შინ, ნურც გარეთ,
გინდ ვიცინოდე,
გინდ ვკვნესდე მწარედ,
რომ ქვეყანაზე
დედაზე ტკბილი,
გრძნობით მხურვალე
და გულით თბილი
სხვა ვინმე იყვეს.
თუმცა შორსა მყავს,
მაგრამ დედის გულს,
იმის ტკბილ ალერსს,
იმის სიყვარულს
და გულით ნათქვამს
სევდიან ნანას,
მარტო მაუფლოს
გინდ მთელ ქვეყანას,
რა დამავიწყებს!
დღისით თუ ღამით,
ცხადად თუ ძილში,
მწარე მოთქმაში,
გინდა ღიმილში,
მის წმინდა ალერსს
გულით ვატარებ,
მის ნათელ სახეს
თვით მზეს ვადარებ

ყაყაჩო
ყაყაჩო მქვია სახელად,
მეც ყვავილი ვარ ველისა;
მიყვარს წითელი სამოსი,
კოხტად დაჭერა ყელისა.


თან მოვდევ გაზაფხულობით
ენძელასა და იასა;
ისე შევხარი მინდორსა,
როგორც ყმაწვილი ძიასა.


რაწამს გავჩნდები, ბალღები
სიმღერით მეგებებიან;
მათი სოცოცხლე მახარებს,
ისინი ჩემით ტკბებიან.


მაგრამ ეს კია, დღემოკლეს
დიდხანს არ მედგომინება;
ხომ არ დავიწყებ ტირილსა,
ბუნებამ ასე ინება.


მე მოვკვდე, როგორც შიკრიკი
გაზაფხულისა პირისა,
უარმყოფელი ზამთრისა,
მისგან მომდგარი ჭირისა.


და სხვამ იხაროს ჩემს შემდეგ,
უფრო ძლიერმა ყვავილმა,
რომ ვერაფერი დააკლოს
ყვავ-ყორნებისა ჩხავილმა.


მან და-ძმებს გადაულოცოს
ზეაღმართული ალამი,
ახლა მათ მისცენ გაზაფხულს
გამარჯვებული სალამი...


ყაყაჩო მქვია სახელად,
ველია ჩემი მშობელი,
მე მისი პირმშო შვილი ვარ,
მის გულის შემამკობელი.


მერცხალი

მერცხალო, მახარობელო
კეკლუცო გაზაფხულისა,
მორბედო ია-ვარდისა,
გამხარებელო გულისა!

შენ გენაცვალე, ფრთაცქვიტო
მალხაზო, ჭიკჭიკხმიანო,
გული ფანცქალით მოგელი,
ვინძლო არ დაიგვიანო.

მოფრინდი, მითხარ: ზამთარი
მოკვდა, აწ გაზაფხულდება!
გულს მაშინ მივცემ სილაღეს
და ნატვრაც ამისრულდება.

ოცნების ზღვაში შევცურავ
ლაჟვარდში ავცქრიალდები,
ხან წყალთა სარკეს დავეკვრი,
ფრთაწურვით გავსრიალდები.


მივივლ-მოვივლი კიდეებს,
უკანვე მოვალ ფრენითა,
მოგესალმები, ხმატკბილო,
მეც ჩემებულის ენითა...


შენი ჭირიმე, მერცხალო,
შავთვალა გიშრისფრთიანო,
შორს წამსვლელს ვინძლო სალამი
იქაც არ დამიგვიანო!


ზაფხული
აგერა დადგა ზაფხულიც,
გადაოქროვდნენ ველები;
შემოსულ ქერს და ბალახსა
მოუღერიათ ყელები.


სათიბში ალმასებივით
დასრიალებენ ცელები,
გადააქვთ გვერძე ბალახი,
ზვინებად დასადგმელები.


სუყველა მხნეობს… ფუტკარიც
გამოფენილა კარზედა,
დაბზუის, სწუწნის ყვავილებს,
დაფრინავს საშოვარზედა.


პატარა მწყემსსაც კომბალი
გადაუდვია მხარზედა,
ჯიქადაცლილი ძროხები
მიუდის საძოვარზედა.


მიუდის დინჯად, ნელ-ნელა,
გზა-გზა ბალახის ჭამითა,
აქ იყოლიბს, ვიდრე დღე
შეიცვლებოდეს ღამითა.

მაისი
იას გაუცვდა სამოსი,
ენძელამ ჩაიყოლა,
მაისის დალის მზის სხივი
ვარდებში ჩამოქსოვილა.


გალობს და გალობს ბულბული
სამშობლოს სიყვარულითა,
ცა იცრემლება საამოდ
უზომო სიხარულითა.


გარშემო ურბენს ნიავი
წელში ამართულს ყანასა,
ხან ააღელვებს ზღვასავით,
ხან ტკბილად ეტყვის ნანასა.


მწვანე ხავერდში ჩამჯდარა
ხშირი ტყე, ფარტო ველიო.
ამათ კალთებზე ღიღინებს
მუშა, ნამისგან სველიო…


ეს ჩვენი ტურფა ქვეყანა__
ურიცხვი მთა და ღელეო,
სალხინოდ არის მორთული,
ბუნებავ, გვიდღეგრძელეო!


იის ნაამბობი
ყელყელა გუგულის კაბამ
ძეძვში ამოსულ იასა
ამაყად ჰკითხა ნაზსა და
მორცხვად საყელოღიასა:


__ჩემო დაიავ, რადა ხარ?
მუდამ თავჩაღუნულიო?

რა მიზეზია, რომ აგრე
თალხით ხარ დაბურულიო?


__ყური დამიგდე, დობილო,__
ვიშით მიუგო იამა,__

თუ ჩემი თალხი საცმელი
შენ არაფერსი გიამა,


ხომ იცი, როგორ მოელის
გაზაფხულს ჩვენი გვარია,
ვისწრაფით სამზეოსაკენ,
სადაც სითბო და დარია.


მეც ტურფავ, მდელოს იმედით
ამოსვლა მოვიწადინე.
დახე ბედსა და იღბალსა,
მოდი, ცრემლები მადინე!


სრულებით მოულოდნელაად,
აი, სად მექნა ბინაო,
სხვა რომელია, რომ ძეძვში
ყოფნა არ მოიქყინაო?


რა ვნახე, ყოველმხრიდანა
ეკლები მეღირებიან,
თავი დავხარე, დავღონდი,
მუდმისად მეტირებიან…


მზეს ვერ ვუცქერი, იმიტომ
თალხი მაცვია ტანზედა.
იმას თავს შემოვევლები,
ვინც შემახედებს ცაზედა.


გაზაფხული
გაზაფხულდა, გაზაფხულდა
და მერცალსაც მალე ველი,
მომივა და მაშინ სულ მთლად
ამწვანდება მთა და ველი.

ნაზი ია სალამს მოგვცემს,
გაიშლება წითლად ვარდი,
და დილ-დილით ნამს გააფრქვევს
მათ მაღლიდან ცა ლაჟვარდი.

შოშიაც ხომ მოფრინდება,
გაიახლებს ყოფილ ბუდეს,
თავქოჩორა ტოროლას ხმაც
გააღვიძებს ცისა ზღუდეს.

ზამთრის სუსხის მოგონება
ჩემს გულს ვეღარ დააღონებს,
გავალ მინდვრად, ტოლ-ბიჭებთან
ყვავილების შევკრავ კონებს.

ია და მზე
მთის დაბლა, ვიწრო ღელეში
ია მოთქვამდა, ჩიოდა,
კურცხალ-კურცხალი ცრემლები
თვალებზე გადმოსდიოდა.


ნიავს ვერ გალაღებოდა
საბრალო თავის ენაზე,
ვერც მზე-მთვარისთვის დაეკრა
თვალი ცის დატანებაზე.


სად იყო მისთვის ცვარ-ნამი,
ციდან ნამცვრევი დილისა,
ან საამური რაკრაკი
ბულბულის, ენა ტკბილისა!


ყველა ესენი შორს იყვნენ,
ის ყველას დაშორებოდა,
მისი ლამაზი ფოთლები
დღითი დღე უფრო ჭკნებოდა.


ზვავს მოეგლიჯა მის არე
სულ მთლად ძირ-ფესვიანადა
და ჩაეტანა ღელეში
მეზობელ-მტრებიანადა.


ზედ ძეძვი გადაჰფაროდა,
მზე არსაიდან სწვდებოდა,
ხელს მაინც მისკენ იშვერდა
და გულით ევედრებოდა:


__მზეო, მომხედე, მიშველე,
გამათბე შენი სხივითა,
ცა მოჭედილი მაჩვენე
ელვარე ვარსკვლავ-მძივითა.

ტირილით გემუდარები,
ცრემლი ვერ მომიწვდენია,
უკანასკნელად დამიტკბე
სიცოცხლე, რაცა მშთენია!


_ იავ, ხომ იცი, მწადია
შენი გათბობა გულითა,
რახანი არის ვივსები
მეც შენი სიბრალულითა.


მაგრამ როდესაც სხივები
შენის გზით ამოკრთებიან,
მაშინვე შავი ღრუბლები
ზედ ნაბდად ეფარებიან.


შენ ძეძვი გფარავს, მე ნისლი,
ზღვიდან ღრუბლებად წვეული,
და ვეღარ ატანს შენამდის
ჩემი სხივების შვეული.


მერცხალი და ბავშვი
მითხარი, ჩემო მერცხალო,
ფრთაცქვიტო, ალერსიანო,
სად მიხვალ, სად იმალები
ზამთრობით, ჭიკჭიკხმიანო?!

აქ ბუდეს აგებ ხალისით,
კოპწიად, სუფთად, რჩეულად,
მთელ ზაფხულს ბუდობ, მერე კი
სტოვებ მას ანაზდეულად.

_ მივალ იქ, სადაც არ იცის
არც მკაცრი ყინვა, არც ქარი,
სადაც მზე მუდამ ანათებს
და გაზაფხულს ჰგავს ზამთარი.

ზღვებს იქით არის ის კუთხე,
მეტად შორს, შორსა მხარესა,
მწვანედ გაუდის ბიბინი
იქ ზამთარ-ზაფხულ არესა.

როცა აქ მიწას გაყინავს
და თოვლი ჰფარავს არესა,
საზრდო ილევა უეცრად
მინდვრებში ყოველ მხარესა.

იქ კი ბაღებს და ტყე-ველში
მე მუდამ საზრდოს ვშოულობ,
ხანა ვჭამ მარცვლეულობას,
ხან ჭიაღუას ვპოულობ.

თუ არ დამიშლი შენ ბუდეს
და თუ არ მომცემ წყენასა,
კვლავ მოვფრინდები ჭიკჭიკით,
ბევრჯერ დაგიტკბობ სმენასა.


პაწია მერცხალი
მე პაწია მერცხალი ვარ,
მოჭიკჭიკე მოალერსე;
ნეტავი რა დაგიშავე,
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!


სიყვარულით, სიხარულით
მთები, ზღვები გადმოვლესე,
სანამ შენთან მოვიდოდი,
ერთხელაც არ დავიკვნესე.


შორით თვალებს გიკოცნიდი,
ცის ლაჟვარდში ვსრიალებდი,
ვჭიკჭიკობდი, შეგამკობდი,
სულ შენ შემოგტრფიალებდი.


ცხრამთა გზიდან მომავალი,
მოქანცული, მოღალული
დაბლა- დაბლა ვეშვებოდი,
შენ გეძებდა ჩემი გული.


აი, მოველ, დაგინახე,
გულში ია-ვარდი ვთესე,
ავჭიკჭიკდი უფრო ტკბილად,
ხმები გავიუკეთესე.


გეფიცები და-ძმობასა,
მხოლოდ ახლა დავიკვნესე.
არ გრცხვენია, უმიზეზოდ
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!


ია
ველში ია ამოვიდა,
მიიხედა, მოიხედა,
_ მწყურიაო! _ ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.



ზღვის ორთქლი და ოხშივარი,
რაც ცას დღისით აეწურა,
ცვარ-ნამებად გარდაქმნილი
იას გულზე დაეპკურა.


გაზაფხულის კოხტა ყვავილს
გულს სიამე მოეფინა,
ველს სალამი მისთავაზა
და მადლობით ცას შესცინა.


კოპწიას და ჩანასკულსა,
ლურჯქათიბა-კაბიანსა
მთაც ნაკადულს უგზავნიდა
ცივწინწკლება-ქაფიანსა.


და უთვლიდა გამარჯვებას,
ცხონდა თქვენი მშობელიო,
აქ ეს არის, მანდ შენა ხარ
გაზაფხულის მთხრობელიო. . .

ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა. . .


ენძელა
როცა მზე შემოიმაღლებს,
მთვარე კი დაბლა ცურდება,
თოვლი და ყინვა ფერს კარგავს
და დედამიწა ფუვდება,


ყველანი გულის ფანცქალით
წამისწამ მელოდებიან,
რაკი გავჩნდები, ბალღები
ცას სიხარულით სწვდებიან.


_ დედა არ მომიკვდებაო,_
ხშირდება კვეხნა-ფიცილი:
_ უწინ მე გავიგონეო
ენძელას ტკბილი სიცილი.


აქ კინკლაობენ ბიჭები,
იქ პაწა გოგო_ქალები,
და ყველას გაფაციცებით
ჩემკენ უჭირავთ თვალები.


მკრეფენ და მისახარებლად
ერთმანეთს ეცილებიან,
_ ახლა კი გაზაფხულდაო,_
გაიძახიან, ტკბებიან.


ლოცავენ, მადლსა სწირავენ
მიწას, ჩემს დედა_მშობელსა
და სოფლად მიმაქროლებენ,
ვით პირველ მახარობელსა.


წინ_წინ მე მოვალ ყველაზე,
როცა კი გაზაფხულდება,
მაგრამ... ვაგლახ მე... დღე ჩემი
ისევე მალე სრულდება.


არც ისე ვჩივი, კაცმა თქვას,
ამას არ უნდა ფიცილი,
რადგან თან მიმდევს ღიმილით
გამარჯვებულთა სიცილი.


ვარდი
როდესაც ფერი შემწევდა
და კარგი მქონდა სუნიცა,
ყველა მე შემომხაროდა_
კაციც და მაიმუნიცა!

გრძნობადამთვრალი ბულბული
დამღერდა, დამფარფატებდა,
ათასნაირად გალობდა,
ღამით სიცოცხლეს ბადებდა.


მელა რა არის, ისიც კი
ფარულად მოცანცალებდა,
თან ჩემი სუნით ტკბებოდა,
თან ბულბულს უთვალთვალებდა:


_ იქნება ეშხით დაითროს,
უცბად ძირს ჩამოვარდესო,
გულწასულს პირი დავტაცო,
ვარდი არ გამიჯავრდესო.


რომ არ დავეწვი ალერსით
მზეს, თუნდაც ერთის სხივითა,
ღრუბელი მეფარებოდა
ფურცლებზე ნაბადივითა.


სუყველა როგორ მოვთვალო,
რომელი ერთი ფრთიანი,
ლამაზი, გინდა მახინჯი,
მხეცი თუ ადამიანი...


ყველა მე შემომცინოდა,
უზომოდ შემომხაროდა,
ყველასთვის ტურფა ვიყავი,
სანამდის დარი დარობდა.


როდესაც ფერი დავკარგე,
გამომელია სუნიცა,
სუყველა ერთად შემომწყრა_
კაციც და მაიმუნიცა!


მერცხლის სიმღერა
კუდმაკრატელა მერცხალი
მოფრინდა შორის მხრიდანა
და ჩამოსძახა ჭიკჭიკით
მარტს და თებერვალს ციდანა:
_ რაც გინდ ითოვლოთ, იწვიმოთ,
ჟინიც მოიკლათ გულისა,
მაინც ვერაფერს დაგვაკლებთ,
მადლი ჩანს გაზაფხულისა!


გაზაფხული
მარტი გავიდა, გათბა დღე,
დარები დგება მზიანი,
მიწა გაფუვდა, ბუჩქებში
ამოჩენილან იანი.

მოფრინდა გვრიტი, შოშია,
ოფოფი სავარცხლიანი;
მწვანედ ბიბინებს მინდორი,
ოლე და ველი ცვრიანი.

ჭუკჭუკებს დილა-საღამოს
ახლად მოსული მწყერია,
თავს ძლივს იმალავს ჯეჯილში
ჭიაღუების მტერია.

დილაადრიან მერცხალმაც
გამოაღვიძეს სიფელი:
__გაზაფხულდაო,__ დაგვძახის
პირველი მახარობელი.

შინ მოჩვეული კურდღლებიც
გამოფენილან ველადა,
დარბიან ცვარით დანამულ
ბალახის გასათელადა.

ზოგი ხტის, ზოგი ყურსაცქვეტს,
ზოგი ძირს განაბულია.
იქვე მჯდომარე პატარას
სიამით უცემს გულია.

მინდვრად გავიდეთ, ბიჭებო,
დროა, დავიფრთხოთ ძილია,
სუნს მოგვფრენს,
ყნოსვას დაგვიტკბობს
ია მკერდგადაშლილია!

დროა, ჩვენც მამაპაპურად
ხელი მოვკიდოთ შრომასა,_
მინდვრად სჯობია მხნეობა
სახლში უსაქმოდ ჯდომასა!


ადრეული ყვავილი

ადრიან გაზაფხულზედა
თებერვლის მზიან დღეშია,
ყვავილმა გამოიხედა
განაპირებულს ტყეშია.

ყვავილი იყო ლამაზი,
სურნელი, ნამებ-ცვრიანი,
გეგონებოდათ: ერთადა
შეყრილან ვარდნი, იანი.

გადაიშალა ტურფადა,
უხვად დაიწყო ფშვინვაო,
მზე უგზავნიდა სხივებსა,
რას დააკლებდა ყინვაო!

გაშალა ნაზი ფურცელი,
რაკი მზემ გამიცინაო,
აღარ ფიქრობდა საბრალო,
თუ მარტი მისდევს წინაო.

მარტი ჩამოდგა, გაჯავრდა,
ცას წარბი შეაკვრევინა
და ნაღვლიანსა ცრემლები
მიწაზე დააღვრევინა.

დაადო თოვლი საწყალსა,
ზედაც დასწვიმა კიდევა…
თუ სეუყვანა დაზრება__
ყვავილი ელდით ილევა.

თრთის, თანაც ნატრობს შერცენას,
თუნდაღა ერთის ღერისას.
არ ჩივის ფურცელთ დაცვივნას,
გაალქატებას ფერისას.

უძლო და იღონღიალა…
მარტი უფრორე სწყრებოდა,
ყვავილი მიდგა ყუაზე,
ის იყო, სული ხდებოდა!

იღბალზე, მარტი გავიდა,
სუსხიც თან მოჰყვა ტიალი,
მზემ ძალა გამოიჩინა,
წაღმა დაიწყო ტრიალი.

დღეები გათბა, გაცოცხლდა
მიდამო მრავალფრთიანი,
ენძელამ თავი ამოჰყო,
ბუჩქში აჰყვავდნენ იანი.

ყველგან გაისმა სიმღერა,
გალობა ათასნაირი,
უღელზე მეხრის ღიღინი,
მეძროხეების შაირი.

ამოჩდნენ ახლო-მახლოსა
ყვავილის ნათესაობა,
იმათ საბურავ-საცმელსა
ეტყობა სხვადასხვაობა…

თუმც ყვავილს სითბო იამა,
მაგრამ დაწყლულდა გულშია,
ვაი-ვაგლახით სულდგმულობს
მზის ალერს-სიყვარულშია.


დამზრალსა, შეცივებულსა
სწყენს სითბო, მზისა სხივები,
მზე კი კვეხულობს:__ გავათბე
დამზრალი, შენაცივები!


პირველი გაზაფხული

პირველი გაზაფხულია,
ბიჭო გავიდეთ ველადა,
მინდორი ამწვანებულა,
ბიბინებს სანატრელადა.


მზე გამოფოთლილ ჭალა-ტყეს
დაჰყურებს ცხარე თვალითა,
აქ-იქ ქურდულად დარჩენილს
თოვლს ანადგურებს ძალითა.

ბუჩქების ძირში ჯგუფ-ჯგუფად
ამოფეთქილან იანი,
იქვე ფარფატებს პეპელა,
ნაზი, ფრთა-წინწკლებიანი.


მერცხლებიც დანავარდბენ,
სამშობლოს ნახვით ტკბებიან,
ია ხომ აყვავებულა,
ვარდებიც გაიშლებიან!

გაზაფხულდა
ზამთარმა ჭირი მოგვჭამა,
ფერი გვცემს გაზაფხულისა,
ენძელა ამოჩენილა,
შენი გულისა, სულისა!


სხვა ყვავილებიც მოდიან,
ლამაზნი, მოსაწონები,
წავალ და ყველას ფოთლებზე
სათუთად დავეკონები.


ჩემო პატარა გოგიავ,
აბა, ჩაიცვი ქალმები,
მინდვრის ყვავილებს, გენაცვა,
შენ კი არ მიესალმები?!

შენც ხომ იმათი დარი ხარ,
წმინდა, უმანკო გულითა;
იმათთან ერთად დავტკბები
კვლავ შენი სიყვარულითა!

თქვენ შემოგევლეთ თავზედა,
ტურფანო, დაქარგულებო,
წყარონი ჩემი სიცოცხლის,
პირველო გაზაფხულებო!

ენაჟღურტულა მერცხალო,
მალე მოფრინდი შენცაო,
რომ შენს ჭიკჭიკთან პაწიამ
ფეხიც აიდგას, ენაცა.