THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ცირა შალაშვილი

ლექსები

საბა


თვალებს ისე
აბრიალებს საბა,
მზეს ცისკარი
მალე ხელ-პირს დაბანს,
გადაიძრობს მიწა
ზამთრის საბანს,
მზე მიართმევს
ახლადახალ კაბას,
მოუყვება
ნაირნაირ ამბავს,
ააყვავებს
საქართველოს მთა-ბარს -
თვალებს ისე აბრიალებს საბა,
თვალებს ისე აბრიალებს საბა.



ღორმუცელა



პატარა გოგო
ნიაო,
სულ რომ იძახი მშიაო, -
ეგ შენი ტოლა ბიჭები,
არ იცი, რას იტყვიანო?



გაზაფხული


მამი, მამი,
მოდი, შეხე -
ერთი, ორი, სამი...…ხუთი...
ჩვენს ალუბალს
წუხელ ღამით,
მოუსხია
ბატი-ბუტი.





საბავშვო მგზავრული


მივდივართ და მივიმღერით -
აბა, დელი-დელია!
ეს ამერი, ეს იმერი
ყველაფერი ჩვენია,
აბა, დელი, ოვ-დელა,
ოდელია, დელია,
სხვა რა გვინდა,
საქართველო,
თუ შენი და ჩემია!


გუდა
ჭიანჭველას მოეკიდა
ათი თავისტოლა გუდა,
სახლში ისე იჩქაროდა,
გვერდზედაც არ შემობრუნდა.
აქეთ - გუდა,
იქით - გუდა,
სოროს პირზე
მიპაკუნდა,
კარში რომ ვერ შეეტია,
ჩამოჯდა და აბუზღუნდა.




ნინის ლექსი

მე ვარ ნინი,
ვერ მიცანით? -
დედაჩემის
თვალის ჩინი,
მამაჩემის
მზე და ლხინი,
ბებოების
კალთა თბილი.
ჩემს დობილებს
და ძმობილებს
გულში უდევთ
ნატვრისთვალი.
გზა მოგვეცით,
მობრძანდება
საქართველოს მომავალი.