THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გაზაფხული

თამაზ მეტრეველი        

პიესა

               
სცენაზე ყვავილებს სძინავთ. შემოდის გაზაფხული.
გაზაფხული: ბავშვებო, იცით მე ვინა ვარ? ალბათ, არა, ხომ? მე გაზაფხული ვარ, დრო რომელიც ზამთრის მერე დგება. იცით, როგორ მოდის გაზაფხული? ყვავილებით, ფრინველების ჟრიამულით, დიახ, მე ზამთარში მიძინებულ დედამიწას ვაღვიძებ. აი, ნახეთ. (შემოდის მზის სხივი, მზის სხივს ხელში პატარა ფანარი უჭირავს, დადის ყვავილებს შორის და რომელსაც მიანათებს ის ყვავილი იღვიძებს) აი, ეს მზის სხივია. მზეს უკვე დიდი ძალა აქვს, ათბობს და აღვიძებს დედამიწას..
მზის სხივი:
მზის სხივი ვარ, მიწას ვათბობ,
ყინვა-თოვლის მტერი,
რომ აყვავდეს გაზაფხულზე
მინდორი და ველი.
რომ ტყემ ისევ ამოიდგას
ძველებურად ენა,
რომ ისმოდეს ფრინველების
გალობა და სტვენა.
ყვავილები იღვიძებენ, იზმორებიან, ამთქნარებენ.
გაზაფხული: დიახ, გაზაფხულზე, როგორც კი მზე ძალას მოიკრებს, ხეებს კვირტებიამოსდით და მწვანით იმოსებიან. იღვიძებენ ყვავილები. აი, ხედავთ? მგონი, იამ უკვე გაიღვიძა. მოდით, მე ამ ბაღს მზის სხივს დავუთმობ, მე კი წავალ და სხვა ბაღებსაც შემოვივლი (გადის).
ია:  
გაზაფხულზე, როცა თოვლი
დადნება და გაქრება,
სულ პირველი მე მოვდივარ,
ია მქვია სახელად.
ნორჩ, ხასხასა ფოთლებიანს
პეპლის კაბა მაცვია,
მე ყველაზე ლამაზი ვარ
და ყველაზე პაწია.
ყოჩივარდა: 
ნიავი ნელი სრიალით შემოდის.
ნიავი: 
მე მსუბუქი ნიავი ვარ,
დავქრი, როგორც მინდა,
მე თქვენს ბაღში სულ უეცრად
ჩამოვვარდი ციდან.
სამივენი კარგები ხართ,
თუმცა ერთი ციდები,
ახლა უნდა დაგიქროლოთ
მაგრამ ნუ შეშინდებით!იწყებს ყვავილებს შორის სირბილს, ყვავილები ირხევიან. ნიავი ერთი-ორს თავზეც წამოჰკრავს დაქრიი, ქრიის... _ იძახის. შემორბის ნაკადული და ნიავს გადაუდგება.
ნაკადული: 
აბა, დროზე, იქით გადი,
გამეცალე ნიავო,
მე პატარა, მორაკრაკე,
ნაკადული მქვიაო.
გაზაფხულზე ვჩნდები უცბად
როცა თოვლი დადნება,
ყვავილები უნდა მოვრწყა
სანამ დამიღამდება.

ნიავი: 
ირაკრაკე, როგორც გინდა,
მე რას გიშლი განა,
რომ გავჩერდე, ხომ გავქრები,
ხომ დავკარგე ძალა.
აი, ვქრები, აი, ნახეთ, გავჩერდი და გავქრი.
ნიავი ჩაჯდება და დაღონებული ხელს ნიკაპზე შემოიდებს.
ნაკადული: კი არ გაქრა, ჩადგა, ესეც კი არ იცის. საღამოს კი, მზე რომ გადავა,  თუ მოუნდა, ისევ ამოვარდება და დაუქროლებს. მე კი, აი, აქ, ბოლოში დავგუბდები. (დატრიალდება და სადმე ბოლოში მიწვება).
ამოდის ვარდი, მაგრად იპრანჭება და ყველას ზემოდან დაჰყურებს.ია: ეს ვინღაა, ნეტა, აუ როგორ იპრანჭება, არა?
ყოჩივარდა: ცოტათი მგაავს, იცით?
ვარდი: ჰმ... ეს შენ მგავხარ მე ცოტათი, და არა, მე შენ...
ენძელა: დიდი რამე, შენც ისეთივე ყვავილი ხარ, როგორც ჩვენ.
ვარდი: გეგონოთ. მე, იცით, რა მქვია?
ყოჩივარდა: მაინც?
ვარდი: მე ვარდი ვარ, ყვავილების ნამდვილი დედოფალი. (მღერის):
ეს მე ვმატებ სილამაზეს
ბაღებს, ქუჩებს, მოედნებს...
მე ვუყვარვარ სხვებზე მეტად:
მხატვრებს, მგოსნებს, პოეტებს.
გავიშლები, გავლაღდები,
დედოფალი ბაღების,
ვის არ ატკბობს სურნელება,
გაფურჩქნილი ვარდების.
ამიტაცებს, გამიტაცებს,
სტვენით ცაში ბულბული.
მე ვარდი ვარ, თქვენი ვარდი,
აზი, გადაფურჩქნილი.
შემორბიან ბავშვები: მზია და ოთო.
მზია: ვაი, ეს როგორ გაყვავებულა ჩვენი ბაღი?
ოთო: აუ, ეს რა ლამაზია.
მზია: ეგ იაა. ყველაზე ნაზი და პატარა.
ოთო: ეს?
მზია: ეგ ენძელაა, გაზაფხულის მახარობელი.
ოთო: ეს?
მზია: ეგ? ეგ ყოჩივარდაა, გზისპირებს რომ მოედება ხოლმე გაზაფხულზე.
ოთო: ეს ვიცი, ეს ვარდია, ყველაზე ლამაზი და სურნელოვანი. მოდი დავკრიფოთ და დედას გაზაფხულის თაიგული ვაჩუქოთ.
ნიავი წამოხტება და ბავშვებს წინ გაუქროლ-გამოუქროლებთ.
ნიავი: არ დაკრიფოთ, არა, ყვავილები ისედაც დიდხანს ვერ ძლებენ. ისედაც მალე ჭკნებიან და ხმებიან. არ გებრალებათ? ეგენი რომ არ იყვნენ, სად უნდა ვინავარდო,ცარიელ ბაღებში?
ნაკადული: მართალია, მაშინ მე ვიღას ვერაკრაკო, ცარიელ მიწას?
მზია: არა, არა, ნაკადულო, ნიავო, ნუ გეშინიათ, ჩვენ ყვავილებს ხელს არ ვახლებთ, დედას ეწყინება კიდეც, რომ დავკრიფოთ. ასე არაა, ოთო?
ოთო: ჰო, ალბათ, ეწყინება.
მზია: ალბათ კი არა, ნამდვილად ეწყინება.
შემოდის გაზაფხული.
ოთო: აუ, ეს რა ლამაზია, ეს ვინ არის?
გაზაფხული: მე? მე გაზაფხული ვარ, ესენი კი ჩემი ყვავილები არიან, ჩემი პაწაწები, ჩემი ლამაზები, ჩემი სიყვარულები.
ყველანი მღერიან:

გაზაფხულდა, გაზაფხულდა,
მზის სხივებმა გვახარეს...
ყვავილებმა ჭრელი ფთილა
მიწას მიმოაფარეს.
არაკრაკდა ნაკადული
აშრიალდა ტყეები,
თოვლი გაქრა, ყინვა გადნა,
დადგა თბილი დღეები.
მივულოცოთ ყველას, ყველას
დიდებსა და პატარებს,
ვისაც ქვეყნად გაზაფხულის
მოსვლა ასე ახარებს.