THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



გრიგოლ აბაშიძე

ვარძია
იდგა,
ვით კლდეში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული,
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.
ათასი კიბით,
ათასი ხვრელით
ჟღერდა,
მღეროდა სიცოცხლე ქვიდან
და შემართული ოსტატის ხელი
მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.
კვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა,
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით
და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად
ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.
იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით -
ქალაქი კლდეში გამოქვაბული
და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს
ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული.
ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი
ჰყვაოდა
მართლა გასაოცრადა...
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი
და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.
თვით ემხობოდა
დამამხობელი,
ვინც საქართველოს
ორმოს უთხრიდა,
და გამარჯვების
მახარობელი
აქეთ მოჰქროდა
ოთხივ კუთხიდან.
იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

სიმღერა

გვიყვარს, როგორც იავნანა,
როგორც ტკბილი ზღაპარი,
საქართველოს ცა და მიწა,
საქართველოს მთა-ბარი!


იგი ქვეყნის თვალი არი,
ზურმუხტ-ლალი ჰფენია,
ალაგ - წითელ, ალაგ - ყვითელ,
ალაგ - ალისფერია!


ანკი როგორ არ გვიყვარდეს
ხალხი სახელგანთქმული,
ვაჟკაცების დედაენა,
დედაენა ქართული!


თუ მამებმა ააყვავეს
ველ-მინდვრები ბაღებით,
ჩვენც სამშობლოს ღირსეული
მემკვიდრენი გავხდებით!


რადგან ახლა ჩვენს მამულში
ხენიც, ქვანიც მღერიან...
ალაგ - წითელ, ალაგ - ყვითელ,
ალაგ - ალისფერია!


* * *

თვითონ არ ვიცი, ასე რად ხდება,
სადაც კი ვნახავ ლამაზ მთა-გორებს,
სადაც ლამაზი მთა-ბარი მხვდება,
ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს.


მისი ხატება, როგორც ლამპარი,
მინათებს გზას და თან დავატარებ,
თუ სადმე მხვდება ტურფა ბაღნარი,
ჩემი სამშობლოს მთა-ბარს ვადარებ.


და მეც არ მინდა სხვა ნეტარება,
თუნდ დავიარო მთელი სამყარო,
ალბათ ვერ ვპოვებ სხვა შედარებას,
მხარე ლამაზი რომ შევადარო!