THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მაყვალა მრევლიშვილი

აჩუ
აჩუ, აჩუ, ცხენო,
პაპას ყავარჯენო,
ლაგამ-აბჯარ უნაგირით
უნდა გაგაჭენო.
უკან დათვი შემოვისვი,
აქ არ დავარჩენო.


ყიყლიყო
გადმოფრინდა
რაინდი,
დაიყივლა:
ყიყლიყო!
ფრთები
ააფათქუნა
გამოიცან —
ვინ იყო?

კოპი
კოპი, კოპი, ტელესკოპი,
რატომ აზით ბელებს კოპი?
წაიჩხუბნენ სულელები,
ვაშლი ჰქონდათ ერთადერთი:


“არა მე დ არა მეო! “
გაულახავთ ერთმანეთი.
მაგას ჰქვია დათვობა,
არ იციან დათმობა!


კუნწულა
ერთი ბალი, ორი ბალი,
ბევრი ბალი — კუნწულა!
ჩიტუნიამ დაკრიფა,
ჩვენთან მოაცუნცულა.


ანაო
— ანაო, ანა-ბანაო,
არ მინდა პირის ბანაო.
— თუ პირის ბანა არ გინდა,
ვერ წახვალ
ბებოსთანაო!


მიაბოტებს
დიდი თოვლი მოვიდა,
სპილო იცვამს ბოტებს,
ორი ბოტი არ ყოფნის
ოთხით მიაბოტებს.


კიკლი კიკლი
კიკლი, კიკლი კიბესა,
ყურცქვიტების ციხესა
ბაჭიები სკუპიან,
მელა კბილებს ილესავს:
— სტაფილო მაქვს
ჩანთითო,
აქეთ ჩამობრძანდითო.
— არ ჩამოვალთ, არაო,
მელა, მატყუარაო!


საწყალი კურდღელი
ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა,
არც სტაფილო ეამა,
ჩამოდნა და გაგვიხდა.


შუბლზე ტილო დავადეთ,
ამოვუგეთ საბანი,
კოვზით გადავაყლაპეთ
უებარი წამალი.


ახლა მალე მორჩები,
არ გაინძრე საბანში;
გელოდებით, უშენოდ
სულ არ გვინდა თამაში...


ხელისგულზე
- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.


ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.


ხელისგულზე ერბო-ვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.


მე და დედა
მე და დედა რატომ ვართ
მეგობრები, არ იცით?
იმიტომ, ორმ ერთმანეთს
ვეხმარებით ხალისით.


შველა მინდა? _- მიშველის.
არც მე ვყავარ ურგები,
ავიფარებ წინსაფარს,
მხარში ამოვუდგები.


შველა უნდა? - ვუშველი,
მოვუჯდები სუფრაზე
და დედიკოს ნახელავს
მადიანად ვუფასებ...


ლოყებგამოტენილი
ღლაპსა ვგავარ ასაფრენს!
ესეც მიხმარებაა -
არ ვუწუნებ არაფერს.


ჩემს დედიკოს ვუყვარვარ
თავის ორთავ თვალივით,
იმიტომაც შემარქვეს
დედის გულის ყვავილი.

ციგაობა

გაჰკრა ბაბუა ზამთარმა,
ზეცა გაფხრიწა ნეკითა,
დაეშვა თოვლის ფანტელი,
ერთმანეთს გამოეკიდა.


მეცნო მრავალი შრიალა,
მსუბუქი ფრთების ფარფატი.
დაიგო თეთრი ფთილების
მოუთელავი ნაბადი.


აბა, გიყვარდეს სრიალი!
სამ-სამი ერთად ვეშვებით.
მაღლიდან გუნდებს გვაყრიან
ნაძვები სავსე პეშვებით.


რტოდან ჩიტუნას აფრენით
თოვლის ბზე ჩამოგვეყარა,
ამ აღმა-დაღმა სრიალში
ჩემი მგონია ქვეყანა!