THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



შურიანი მეფე

ირმა კეკელიძე


ერთ სოფელში კეთილი მეპატრონე და ერთგული მოჯამაგირე ცხოვრობდნენ. ყოველ კვირა დღეს ქალაქში ერთად მიდიოდნენ.... მეპატრონე ჯერ მოჯამაგირის ცოლ-შვილს უყიდდა ჩასაცმელს, მერე კი თავისას... ერთ კვირა დღეს , როდესაც მეპატრონე მოჯამაგირესთან ერთად ქალაქში მიდიოდა, გზად ჭას წააწყდნენ. მეპატრონემ ჭიდან წყლის ამოღება მოინდომა, მაგრამ წყლის ამოსაღები ჭურჭელი ისე დამძიმდა, რომ ძვრაც ვერ უყო და მოჯამაგირეს დაუძახა. მოეჭიდნენ ორივენი და ჭიდან წყალს ზევით ეწევიან. როგორც იქნა, ამოსწიეს და დაინახეს, რომ წყლის ჭურჭელს ბოლოზე წვერიანი მოხუცი მოსჭიდებოდა. მოხუცი ტანად პატარა იყო, მაგრამ ორმა კაცმა ძლივს ამოათრია. მეპატრონე და მოჯამაგირე პირველად შეშინდნენ და მოხუცს ისევ ჭაში ჩაგდება დაუპირეს, მაგრამ მოხუცი შეეხვეწა, რაკი ამომიყვანეთ, უკან ნუღარ ჩამაგდებთო, თან შეჰპირდა, ვალში არც მე დაგრჩებითო. მათაც შეეცოდათ და მოხუცი ამოიყვანეს. მოხუცმა უბიდან რკინის სახნისი ამოიღო და მეპატრონეს მისცა, მოჯამაგირეს კი ცული მიაწოდა და უთხრა, დურგლობა დაიწყეო.
მეორე დღეს მეპატრონემ ახალი სახნისით დაიწყო ხვნა. არც ცხენს უჭირდა, არც პატრონს, მიწაც მსუბუქი გახდა, თესლიც წამსვე ღვივდებოდა. შემოდგომაზე მეპატრონემ არნახული მოსავალი მოიწია. ასე გაგრძელდა ოთხი შემოდგომა. მეპატრონე ძალიან გამდიდრდა.
ახალმა ცულმა მოჯამაგირესაც გაუადვილა მუშაობა. ყველაფერს სწრაფად აკეთებდა. მოჯამაგირეობას თავი დაანება, სახლი აიშენა და დაიწყო უდარდელი ცხოვრება.
სასწაულმოქმედ სახნისს და ცულს შორს გაუვარდა სახელი. ამ ხმამ მეფის ყურამდეც მიაღწია. შეშურდა მეფეს სხვისი ბედნიერება, დაიბარა ორივე და ერთს ცული წაართვა, მეორეს-სახნისი. მაგრამ სასწაულმოქმედმა სახნისმა და ცულმა მეფის მიწაზე არ ივარგა. სახნისმა მიწა ოდნავ აჩიჩქნა, ასეთ ნახნავში თესლი რიგიანად ვერ გაღვივდა და ყანამ ფუყე თავთავი მოისხა. შემოდგომაზე მეფის ბეღლებს არაფერი შემატებია. არც ჯადოსნურმა ცულმა დააყარა სიკეთე მეფის დურგალს...იმით გაკეთებული ყველაფერი უხეირო და უვარგისი გამოდგა.
მეფე გაბრაზდა და რაკი ცულისა და სახნისს ვერაფერს გამორჩა, ჯავრი ისევ მეპატრონესა და მოჯამაგირეზე იყარა. მოაყვანინა სასახლეში და საპყრობილეში ჩაამწყვდევინა, - ცული და სახნისი რატომ არ გამომადგაო. ღამით საპყრობილეში დამწყვდეულებთან ჭიდან ამოსული მოხუცი მივიდა, ორივენი გაათავისუფლა და ერთს სახნისი დაუბრუნა, მეორეს კი- ცული.
იმავე ღამეს მეფე ავად გახდა და აღარც სხვისი ბედნიერება შეშურებია, -თქვენი ჭირი წაიღო.
მეპატრონემ და მოჯამაგირემ კი ისევ ბედნიერი ცხოვრება დაიწყეს და ასე გალიეს წუთისოფელი. მათი სიკვდილის შემდეგ ჯადოსნური სახნისი და ცული აღარავის უნახავს.