THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მუხრან მაჭავარიანი

აცივდა
აცივდა, უკვე აცივდა
და უკვე ჩვენთვის არ სცხელა
არც მერცხალს, კუდმაკრატელას,
არც ოფოფს თავსავარცხელას.
მზე ღრუბლის მონა გამხდარა, _
ანათებს,
ვეღარც ანათებს...
საცაა მოვა ზამთარი,
მოვა და მოიკალათებს.
ვინც იყო, იგი რომ არა...



პატარა ვანოს

დრო არი, ჩემო პატარავ,
იცოდე ერთი ამბავი:
ედემის როა ბადალი -
დღეს საქართველოს მთა-ბარი.



ბეღელში როა ხორბალი,
ღელეზე როა წანწალა,
ბრუნვით წისქვილის ბორბალი
რომ იხვითქება საწყალი.



მზე რომ ამოდის წითელი,
ტყიდან რომ გვიხმობს ძახველი,
რომ ჟღუტულებენ ჩიტები, -
ზამთრობით მოცახცახენი...



და, წყალია თუ დანდური,
და, ხიდია თუ ძახველი,
რაც მთავარია, ქართული
დღესაც რომ გქვია სახელი.



კვლავაც რომ იკვრის ფანდური,
კვლავაც რომ ილხენს ქალ-რძალი,
რომ ლაპარაკობ ქართულად -
ქართულ სკოლაში ნასწავლი.



კარგს რომ გვიქადის მომავალს, -
შენი ბეჯითი გარჯანი! -
ვინც იყო! -
იგი, რომ არა! -
არ იქნებოდა, -
რაც არი!



ფარნავაზ მეფე რომ არა, -
ვინც ჩვენი სრულყო ანბანი.
შოთა რუსთველი რომ არა, -
ვინც არი ჩვენი ლამპარი.



მოციქულთ სწორი რომ არა, -
ოთხგან აღმართა მან ჯვარი.
მღვდელი თევდორე რომ არა,
(მტერმა აკუწა საწყალი).



ორბელიანი რომ არა, -
საქართველოსთვის დამწვარი.
პატარა კახი რომ არა, -
ყველა მომხდურის თავზარი.



მეფე დიმიტრი რომ არა!
ძმანი რომ არა! -
ცხრა ძმანი!
მოკლედ: -
სისხლის ღვრა რომ არა! -
არ იქნებოდა, -
რაც არი!



კვლავაც თუ გვინდა ქართველი
ლაპარაკობდეს ქართულად,
თუ გვინდა, იყოს კვლავ ჩვენი
ეს არემარე ხატულა.



თუ გვინდა, მხარეს მშვენიერს
კვლავ ჩვენი ერქვას სახელი,
თუ არ გვსურს, ძენი ჩვენივე
ჩვენი რომ გახდნენ მძრახველნი.



უნდა უკვირდეს მტერს ჩვენიც,
ვით პაპის სიმხნე უკვირდა,
თუ გვინდა, -
გვერქვას ქართველი!
რაც უნდა გვსურდეს!
თუ გვინდა!




ჰოი, დედანო!
სამაგალითო ვისთვისაც
რუდუნებაა საბასი,
სამაგალითო ვისთვისაც
არაგველია სამასი,


სამაგალითო ვისთვისაც
თევდორესია სიკვდილი,
სამაგალითო ვისთვისაც
იესოსია გვირგვინი, -


დედანო, მენა, - ის კაცი, -
ქებისად იმ ქალს ვთვლი ღირსად, -
დედაა თეიმურაზის
სამაგალითო ვისთვისაც,


ცოლია სოლომონისა
სამაგალითო ვისთვისაც,
მტლედ დაედება რომელიც
მიწას, - მაძღარსა სისხლითა.


სიცოცხლეს ხანგრძლივს გისურვებთ,
სიბერეს, - ნაგვიანებსა,
სევდა სიამით ეძლიოს
თქვენს შორის ნაღვლიანებსა.

დედა

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.