THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ვაჟა ყუბუსიძე


ვაჟა ყუბუსიძე



ტრაბახა ყვინჩილას ამბავი
ჭირმა თავი
მალა, მალა,
მაგრამ მაინც
იჩინა,
იყივლა და
ატრაბუცდა,
ატრაბახდა
ყვინჩილა:
— მე რომ არა
და რომ არა
სიმღერები
ჩემგან თქმული,
მუდამ ღამე
იქნებოდა,
ღამე ბნელი,
ღამე კრული;
ჰოდა, ბნელის
გამნათებელს,
საქათმეში
რა მინდა?
ცაში ღრუბლებს
დავაფეთებ —
თქვა და მართლა
აფრინდა.
ზღაპარ იყო,
ზღაპარ იყო,
მისი მსგავსი
სხვა არ იყო,
სულ ღრუბლებში
დაფრინავდა —
ვიდრე ქორმა
არ წაიღო.

ტირის ტილო
ისე ტირის ძველი ტილო,
ლამის ტაშტიც აატიროს:
ვერ მივუხვდი დიასახლისს,
მარჯვესა და გამრჯე ქალსო,
ჯერ გამრეცხავს,
მერე დამსვრის,
დამსვრის,
მერე გამრეცხავსო.
არც ნარწყულევს
და არც მწყურვალს
არასოდეს მასვენებსო,
ჯერ მასველებს
მერე მწურავს,
მწურავს,
მერე მასველებსო.
ისე მწურავს,
ისე მკეცავს,
რომ წყალშიაც
ოფლი მდისო,
თუ დასვრა სურს,
რაღად მრეცხავს
და თუ მრეცხავს,
რაღად მსვრისო?
ჯარასავით რად ტრიალებს,
ხელებს რად ვერ აჩერებსო,
თუ მასველებს,
რაღად მწურავს,
გამშრალს რაღად
მასველებსო?..
ტირის ტილო, ძველი ტილო,
ლამის ტაშტიც აატიროს.

”ვინც იყო, იგი რომ არა”
მუხრან მაჭავარიანს
ცოტა ვართ, მაგრამ
ის ცოტაც — რაც ვართ,
რომ არა ცოტნე,
რომ არა ცხრა ძმა,
რომ ცხრა ათასი არა
— მარადისს
ვინც ეზიარა
ველზე მარაბდის,
რომ არაგველი არა სამასი —
რწმენა ურყევი,
მრწამსი ხალასი,
უღალატობა რომ არა ნების,
რომ არა ჩვენი
უკვდავი მკვდრები,
რომ არა ტატო,
რომ არა შოთა —
არ ვიქნებოდით
რაც ვართ — ის ცოტაც;
არ ვიქნებოდით —
რაც ვართ, ის ცოტაც;
არ ვიქნებოდით — რაც ვართ,
რომ არ გვეტვირთვა
ზურაბის ცოდვა,
იმ ცოდვის ცეცხლით
დამწვართ;
რომ არგასაძლისს
და არასატანს
არ ჩარაზოდა ბჭენი,
რომ არ დაგვეთმო
ხმლისთვის პაატას
აღერებული ყელი;
რომ ბერ თევდორეს არ `არეოდა~
გზა აკეცილი ასგზის,
რომ ჭირის ოფლი
არ დასდენოდა
ქართულ ხმალსა და
სახნისს;
რომ არა ძალა —
საძმოსთვის ნებით
ვიქრობდეთ
ბედის ვარსკვლავს,
რომ არა ჩვენი
უკვდავი მკვდრები,
არ ვიქნებოდით —
რაც ვართ.

ბრაზიანი ქალაქის თავი და საზრიანი დალაქი


ზღაპარი ლექსად
იყო და ...
იცით რა იყო?
იყო პატარა ქალაქი,
არც უქონელი არ იყო,
არც სავსე იყო ბარაქით.


მასაც ათოვდა, აწვიმდა,
ხან მზე ადგა და
ხან ნისლი,
თავისი ჰქონდა დარდი და
ხალისიც ჰქონდა თავისი.


ვინც უთენია დგებოდა -
შუაღამისას წვეოდა,
ხელმოკლეს
რაც აკლდებოდა -
უჭირველს ემატებოდა.


იმ პაწაწინა ქალაქში
სახლობდა ერთი დალაქი,
დღით რასაც შეაგროვებდა
ბაზრისკენ გააქროლებდა,
სულ დახარჯავდა,
ხვალისთვის
კაპიკს არ დაიტოვებდა;
ღვთის თვალი ადგა,
ნამდვილად
ვახშმად გაწყობილ მაგიდას.


და როცა დააპურებდა
და როცა დაარწყულებდა
მასპინძელსა და სტუმარს,
ხელს საცეკვაოდ გაშლიდა
და მოჰყვებოდა, ბავშვივით,
შვილიშვილებთან ხტუნვას.


შეიტყო თავმა ქალაქის,
თუმც არ არისო ღირსი,
ისე ცხოვრობსო დალაქი,
შეგშურდებაო მისი.


როგორ თუ შემშურდებოდა,
გადაირია კაცი,
ჰქონდა და არ ექნებაო
მშვიდი ცხოვრება აწი.
ცხადია,
ბოროტებაზე
ფიქრობს ბოროტი ნიადაგ,
ჩაიცვა გლეხის სამოსი
და დალაქის კარს მიადგა.


მიიღეს, გაუმასპინძლდენენ,
არც მას არ უთქვამს უარი,
უკეთეს ლუკმას აწვდიდნენ,
რადგან ღვთისაა სტუმარი.


გამხიარულდნენ ღვინით და
”სუფრავ,
ავსილო ლხინითა”
იმგვარად დააგუგუნეს -
შეშურდებოდათ ბულბულებს.


განშორების დრო რომ დადგა,
სტუმარმა ბრძანა
- დალაქო,
გიქციოს ერთიორადა
ღმერთმა ხვავი და ბარაქა;
გულუხვი კაცი ყოფილხარ,
თუმც არ გაქვს დიდი ქონება,
მითხარი,
როგორ ახერხებ
ასე ხელგაშლით ცხოვრებას?!


- უბრალოდ, -
უთხრა დალაქმა, -
იცისო მთელმა ქალაქმა,
ჯერ არ მომღლია მაჯა,
მძიმეა ჩემი კურტანი,
მაგრამ მაფასებს მუშტარი
და რასაც ვიღებ,
ვხარჯავ.


- აგეკრძალება გარჯაო
და ვნახავ,
რას დახარჯავო -
ფიქრობს სტუმარი ფლიდი.
თქმით კი:
- მეყოლეთ კარგადო,
გიმრავლოთ საქმე სამადლო, -
ამბობს და ისე მიდის.


სასახლეში რომ დაბრუნდა,
მსახურთ უხმო და უბრძანა:
-მშრომელმა
სიქაგაცლილმა,
რომ მოიკრიბოს ძალა,


საქმეს რომ გული დაუდოს,
ზეგ რომ იშრომოს უკეთ,
მიბრძანებია -
ხვალის დღე
გამოვაცხადოთ უქმედ!


დარდი გაუჩნდა ახალი
ქალაქის ყველა ბინადარს,
მოდიდდა,
ღელედქცეული
ნაკადულივით იმატა,
აპირთავდა და
აივსო,
იქცა ელდად და
შიშადა,
რადგანაც შუა კვირაში
უქმე კარგს არას ნიშნავდა.


მზემ რომ დაუთმო ქალაქი
ძაძით შემოსილ ნისლებს,
ქალაქის თავი
დალაქის
სადგომს მიადგა ისევ.


კვლავ მიიწვიეს სტუმარი,
კვლავ აპურეს და
არწყულეს,
არ იშურებდნენ პურ-მარილს
და მზეს
ღვინოში ჩაწურულს.


განშორებისას სტუმარმა
თქვა:
გამაოცე ძლიერო,
დღეს ხომ
უქმე დღე იყო და
ფული რით მოძიეო?


- გარჯითო, -
უთხრა დალაქმა,
გარჯით და
ოფლის ღვრითაო;
ხალხით სავსეა ქალაქი
როგორც საფუტკრე სკითაო,
ზოგს წყალი მოვურბენინე,
ზოგს დავუდექი მხერხავად,
რაც მოვიპოვე,
დავხარჯე,

რომ მელხინა და მეხარა.


ცხადია,
ბოროტებაზე
ფიქრობს ბოროტი მუდამ,
ქალაქის თავსაც დალაქი
სიკეთისათვის სძულდა,
სძულდა და შურდა,
ღარიბის
ხელგაშლილობა შურდა,
ისე შურდა, რომ როგორმე
მშრალზე დაესვა სურდა.


იფიქრა:
- მოდი, მოვუხმობ,
სასახლის მცველად დავსვამო,
და ვნახავ,
რითღა მოილხენს,
ან რით მოალხენს სხვასაო.


უბოძეს ქამარ-ხანჯალი,
ფორმა და
ფორმის ფარაჯა
და ააყენეს დალაქი
სასახლის კარის დარაჯად.


ზეიმობს თავი ქალაქის
იმასაც ვნახავ
დღესაო
ოჯახს,
ეგ ჭკუის კოლოფი,
რითიღა მოალხენსაო.


ჩაშლილ ვახშმობას მოელის,
თმენა არ ყოფნის,
ბრაზდება,
დრო კი,
როცა გსურს გავიდეს,
ზაქივით მიიზლაზნება.


საღამოს ისევ ესტუმრა,
კვლავ მიიწვიეს სტუმარი,
უკეთეს ლუკმას აწვდიდნენ,
არც მას არ უთქვამს უარი.
შეჭიკჭიკდნენ და
ამღერდნენ,
სუფრა ვინა თქვა
მდუმარი
ღვთის თვალი ადგა,
ნამდვილად,
სასახლის მცველის
პურ-მარილს.


- მითხარ, ძმობილო, -
შეპარვით
სტუმარმა ჰკითხა
მასპინძელს,
ეს სუფრა დღესაც,
ნეტავი,
რა მონაგარით გაგვიწყვე?


- რით და, -
იცინის დალაქი, -
დამნიშნა თავმა ქალაქის
სასახლის კარის დარაჯად.
მიბოძეს ქამარ-ხანჯალი,
ფორმა ჩამაცვეს მტანჯავი
და ზედ მომასხეს ფარაჯა.
ვიდექი,
დიდხანს ვიდექი,
მთლად უსაქმურად ვიდექი
დიდი სასახლის კართან,
ბავშვობიდანვე ღირსეულ
შრომას და
გარჯას მიჩვეულს
უსაქმურობა მკლავდა.


კარებთან ჯოხი შევნიშნე
და,
რაკი მქონდა ხანჯალიც,
ვთალე,
ვთალე და
ვთალე,
ვახშამზე ფიქრი მტანჯავდა
და რომ დავხედე ნახელავს,
არ დავუჯერე თვალებს;
იმ უსახური ჯოხიდან
ხანჯალი გამომეთალა,
დამფასებოდა გარჯა,

ხისა ქარქაშში ჩავაგე,
ვერცხლის -
ავდექ და გავყიდე,
დიდი ფასი აქვს ხანჯალს.
რაც მომცეს,
ყველა დავხარჯე,
ვერ შევიძლებდი შენახვას,
ფული ჭუჭყია ხელის.


- მიდიხარ?
კარგად მეყოლე,
სულ მხიარული მენახე,
ჟამი გიმრავლოს ლხენის. -


მეორე დილით დალაქი
მოიხმო თავმა ქალაქის,
წინ დაუყენა, ”ბედკრული”,
ყმაწვილი
ხელფეხშეკრული.


უთხრა:
- ქურდსა და ავაზაკს
ვსჯიდით და
ახლაც დავსჯითო,
სიცოცხლის ღირსი არაა,
უნდა განგმირო ხანჯლითო...


დალაქმა სტუმარყოფილი
ძვირფას სამოსშიც შეიცნო:
- ძმობილო,
სადაც შენი თქვა,
არ დაივიწყო ჩემიცო, -
გაიფიქრა და
ვედრებით
ხელნი აღაპყრო ცისაკენ,
- ღმერთო, მაღალო, -
წარმოთქვა, -
ყველას მიუგებ მისაგებს,
და ეს საბრალო ყმაწვილიც,
თუ დამნაშავე არ არის,
გთხოვ,
უწყალოდ არ გაწირო,
ხისად მიქციო ხანჯალი.


საზრიანობამ დალაქის
მოხიბლა თავი ქალაქის
და
დასვა პირად მრჩეველად
კაცი, მარცხს შეუჩვეველი.
მას შემდეგ ჩვენი ქალაქი,



ოცნებისხელა მხოლოდ,
სავსეა ხვავით,
ბარაქით
და ბედნიერად ცხოვრობს.