THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მურმან ლებანიძე

ზაფხული
და ჰა, მოდგა ზაფხული
ხართუთით და ბლებით,
ფოთლის ზღვაში ჩაფლული
გზებით!
გზებით!
გზებით!
ზურგჩანთით და რუკით,
იისფერი მთებით,
დოლითა და ბუკით,
გზებით!
გზებით!
გზებით!
მაშ, მშვიდობით, სკოლებო,
გამარჯობათ, გზებო!
საქართველოს ზვერებო!
მთებში მიმოფანტულო
ტყე-ტყე ბანაკებო!
მწყემსის ტკბილო ფანდურო,

ლურჯო ბალახებო!
სად ყინულის ჩაჩნები

თოვლს მდინარედ ხდიან,
კლდიდან კლდეზე ჩანჩქრები
სად ჯიხვივით ხტიან,
სად ფლატეზე არჩვეი
ბალახს ძოვენ ხროვად_
მოვლენ ჩვენი ლაშქრები:
მოვალთ! მოვალთ! მოვალთ!
მოფრენილა ზაფხული
ხართუთით დ ბლებით,
ფოთლის ზღავში ჩაფლული.
გზებით!
გზებით!
გზებით!
წიფლით, წაბლით, მუხით,
იისფერი მთებით,
დოლითა და ბუკით,
გზებით!
გზებით!
გზებით!


აკიდო
მოსიყვარულე და-ძმანი
ლამის ერთმანეთს წაჰკიდოს _
არ ნოჰკლებია მარცვალი,
მესამე თვეა, გამჭკნარი
კედელს ჰკიდია აკიდო.
უტიალებენ საწყალი
ძმები პატარა მარინეს,
მაგრამ გამწყრალი მარინე
არცა ნებით დაარც ძალით
მარცვალს არ მოაპარინებს.
“პირმოღუშული სახითო
ნუ ხარ, ეგ წარბი გაშალე,
ძირს ჩამოგიღებ აკიდოს _
თითო მტევანი გვაჭამე”.
“არაო!” _ მესმის უარი,
სიტყვა ვერ შეაცვლევინეს.
“თითო მტევანი თუ არა,
კუმპალი შეგვაცლევინე”!
დღესაც შეუჩნდნენ ბიჭები,
მაგრამ სხვა ხერხი იხმარეს,
თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს,
ორიოდ სიტყვა იკმარეს:
ლაშამ თქვა “ძვირობს ზამთარში,
ნამდვილად ძვირობს აკიდო,
უკვე დაზამთრდა, მე ვიცი,
ბაზარში უნდა გაყიდოს...”
უცბად გაცხარდა მარინე:
“სულ ცოტას მაინც ხვდებოდეთ!
რაკი ვერც ხვდებით, არც გაჭმევთ,
თუნდა სურვილით კვდებოდეთ!
წერილს არა სწერთ დიდედას,
თქვენი სიგლახე მაღონებს,
მე აკიდო სოფელს და
დიდედა პელოს მაგონებს.
ეკიდოს კედელს აკიდო,
ერთი რომ _ სახლი მშვენდება,
მეორეც _ ჩემი დიდედო
ხშირხშირად გამახსენდება”!
ერთურთს შეხედებს ბიჭებმა,
ნათქვამს მიხვდნენ და გაიგეს,
გადაიწყვიტეს იმედი,
მოწყენით თავი ჩაიღეს.
მოსიყვარულე და-ძმანი
რათა ერთმანეთს წაჰკიდოს,
არ მოჰკლებია მარცვალი,
მესამე თვეა, გამჭკნარი
კედელს ჰკიდია აკიდო...
იქ კი, მშობლიურ სოფელში,
ალაზანგაღმა, შორს,
ზის ფანჯარასთან მოხუცი
და რადგან უკვე თოვს,
უმცროსი შვილიშვილისთვის
თბილ ხელთათმანებს ქსოვს.

ბიჭო, ნუ იჭერ პეპელას
ბიჭო, ნუ იჭერ პეპლას,
ფრთამალალია, ბრალია,
კოპწია ყვავილებისა
და მინდვრის ტურფა ქალია.


სუყველას, დისა და პატარას,
უმზერის თანაგრძნობითა,
დაეხსენ, თორემ ყველანი
მოგონებენ გმობითა.


ობლად რომ ხედავ ყვავილსა,
ე, მინდვრის განაპირასა,
სულ მუდამ ღამე პეპელა
იძინებს იმის ძირასა.


დილაადრიან ადგება,
მიესალმება ტკბილადა
და მერე ფოთლებს უკოცნის
მოწიწებით და ფრთხილადა.


სხვა ყვავილებსაც ნახულოს,
უვლის მთელს არემარესა,
არ ეკარება ეკალსა,
შხამიანსა და მწარესა.


საღამოს ობოლ ყვავილთან
მოდის კვლავ დასაწოლადა,
შენ რომ მოუკკლა, საბრალოს
ვიღა მიუვა ტოლადა?!


***
— ლაშა,
ლუდზე გამეგზავნე!
— ვაჟა,
ლაშას დაემგზავრე!
— ლელა,
წყალი მომიტანე!
— გელა,
მსხალი მომითალე.
თქვენ გგონიათ მართლა მსხალი,
ანდა მართლა ვაშლი მინდა?!
შავი რკინა კი არა, და
წითელი ოქრო რაში მინდა!
მშობლის გულს რომ გაახარებს
მე ისეთი ბავშვი მინდა!


ტურფა გაზაფხული მოვა,
ტურფა გაზაფხული მოდის!...
ტურფა გაზაფხული მოვა,
ტურფა გაზაფხული მოდის!
ამას მეუბნება თოვა
და სითეთრე ტყემლის ტოტის,
ამას მეუბნება გროვა
ენძელის და კორჩოტის...
ტურფა გაზაფხული მოვა,
ტურფა გაზაფხული მოდის.
ღობე-ღობე, ყანა-ყანა,
გორა-გორა, ტყე-ტყე მოდის!
ჯერ მერცხლები არა ჩანან,
შოშიებიც მოვლენ როდის!
მაგრამ გული შეუპყრია
ტურფა გაზაფხულის ლოდინს _
ყანა-ყანა, ჭალა-ჭალა,
ჩუმად, ფეხაკრეფით მოდის.
მოდის ყვავილების გუნდით,
ვერას აკლებს ზამთრის ყეფა;
მოდის უჩინმაჩინ ქუდით,
ნაფეხურზე თოვლი ლხვება;
დაბლა _ მწვანე აბლაბუდით,
მაღლა _ სხივთა ოქროს ძნებად,
მოდის ყვავილების გუნდით,
სამეუფო ტახტზე ჯდება.
ჩუ, ფუტკარი ზუის კორდზე _
პირველ ყვავილისკენ ჩქარობს,
თუ ფრთა გაკრა ორკაპ ტოტზე
გაბმულ სხივს და სხივი გალობს?!
ფეხს იკიდებს ჩქერი ლოდზე _
წყარო დაბადებას წვალობს.
ჩუ, ფუტკარი ზუის კორდზე _
პირველ ყვავილისკენ ჩქარობს,
ტურფა გაზაფხული მოვა,
ტურფა გაზაფხული მოდის!
ამას მეუბნება თოვა
და სითეთრე ტყემლის ტოტის,
ამას მეუბნება გროვა
ენძელის და კორჩოტის...
ტურფა გაზაფხული მოვა,
ტურფა გაზაფხული მოდის.

რას ფიქრობს მარცვალი თოვლიან ხნულში
”რაც არ უნდა ჰყინავდეს,
რაც არ უნდა თოვდეს,
ლოლუები ბრწყინავდეს,
თოვლის ბუქი გრგვინავდეს
და მინდვრებში ჰქროდეს
ჩაკარდება თოვლი,
ჩათავდება თოვა,
შორი გზების მოვლით,
სულერთია, სულ ერთია,
გაზაფხული მოვა!
ისევ მოკრიალდება
მწვერვალები თეთრი,
ისევ მოტრიალდება,
ისევ მოგრიალდება
გაზაფხულის ეტლი!”
ასე ფიქრობს მარცვალი,
თვლემს თოვლიან ხნულში
და ყაყაჩოს ლაშქარი
ელანდება რულში


თოვლი მოსულა
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია _
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.
წკრიალებს გული!
ჭრიალებს თოვლი
ბუხრებმა კვამლი
ლაჟვარდს მოჰფინეს:
ხარ-ირმებს ჰგვანან
ბუხრები შორით,
სერზე შემდგრებს და
რქადატოტვილებს.
და პირველ თოვლში
პირველი ციგა

პირველ გუნდებთან
ბრძოლით მოცურავს.
გამოდით გარეთ,
გამოდით გარეთ,
თოვლი მოსულა!
თოვლი მოსულა!
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია _
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.