THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მწვანე ორთქმავალი

ლელა ცუცქირიძე
ერთი პატარა ქალაქის რკინიგზის სადგურში მწვანე ორთქლმავალი ცხოვრობდა.
შაბათობით, მწვანე ორთქლმავალი ვაგონებს გააკრიალებდა, წითელზოლიან ქუდს მოირგებდა, არც ულვაშების აპრეხვა ავიწყდებოდა და სამსახურში მიჩუქჩუქებდა: ხუმრობა ხომ არ იყო, ბავშვები ქალაქგარეთ დასასვენებლად დაჰყავდა!
ბავშვებს ძალიან უყვარდათ მწვანე ორთქლმავალი. ჟრიამულით შეესეოდნენ-ხოლმე გაკრიალებულ, ფერად-ფერად ვაგონებს და აღარც დედები ახსოვდათ და აღარც ბებიები.
მწვანე ორთქლმავალს გული სიამით ევსებოდა პეპლების საჭერებითა და ფერადი ბუშტებით აჭრელებული დანახვაზე, სადგურზე დარჩენილ უფროსებს ქუდს ზრდილობიანად მოუხდიდა და აგარაკისკენ მიჰყვებოდა ლიანდაგებს.
მაგრამ ერთ მზიან დღეს მწავანე ორთქლმავალს საშინელი ამბავი შეემთხვა: გზაში ბავშვებით დახუნძლული ვაგონები დაკარგა!
მწვანე ორთქლმავალი ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა აგარაკის ბაქანზე გაჩერდა და ბავშვების ჟრიამული ვეღარ გაიგონა. რა უცნაური სიჩუმეაო, გაიფიქრა გაკვირვებულმა, უკან მოიხედა და... სადღაა ან ფერადი ვაგონები, ან აჟრიამულებული ბავშვები?!
- ვაიმე, ვაგონებს ვინ ჩივის, ბავშვების დაკარგვა როგორ შეიძლებოდა, - წუხილისგან აპრეხილი ულვაშები დაბლა ჩამოეწია მწვანე ორთქლმავალს, - ვინ იცის, ხიდიდან გადაცვივდნენ, ან ტყეში დაიკარგნენ, - ეს რომ წარმოიდგინა, მწვანე ორთქლმავალი ჯერ გალურჯდა, მერე გაწითლდა, მერე ისევ გამწვანდა და აზლუქუნდა.
სწორედ ამ დროს ველოსიპედით ერთმა მხიარულმა ბიჭმა ჩამოიარა და ზლუქუნა ორთქლმავალის დანახვა ძალიან გაუკვირდა.
- რა გატირებს? - ჰკითხა მწვანე ორთქლმავალს.
- რაღა რა მატირებს, ბავშვებით სავსე ვაგონები დავკარგე, - ამოიქშინა ორთქლმავალმა და უფრო ამოუჯდა გული.
- უჰ, მეც არ მეგონა, რაღაც საშინელება მოხდა-მეთქი? - გაიცინა მხიარულმა ბიჭმა და ხელი ჩაიქნია.
-მეტი რაღა საშინელება უნდა მომხდარიყო, ბავშვებით სავსე ვაგონები დავკარგეეეე, - უფრო მოუმატა ტირილს მწვანე ორთქლმავალმა.
- დაკარგე არა, ის... - ისევ ჩაიქნია ხელი მხიარულმა ბიჭმა, - შენი ვაგონები სწორედ ახლა ვნახე.
- რაო? ვაგონები ვნახეო? კი, მაგრამ, სად ნახე? - გამოცოცხლდა ორთქლმავალი.
- ახლავე გაჩვენებ, - უთხრა მხიარულმა ბიჭმა და ორთქლმავალს ზურგზე შეახტა, - აბა, უკან დაბრუნდი.
მწვანე ორთქლმავალმა, უკაცრავადო, უზარმაზარი, კუბოკრული ცხვირსახოცით ცხვირი ხმაურით მოიხოცა და მხიარულ ბიჭს დაუჯერა: უკან დაბრუნდა.
ჯერ გვირაბში შეჩუქჩუჩუქდა, მერე გამოჩუქჩუქდა და რას ხედავს?!
ლიანდაგების გასწვრივ, ყვავილებით სავსე მინდორი ვაგონებით და ბავშვებითაა სავსე. ერთი ვაგონი პატარა გოგოსთან ერთად პეპლებს დასდევს, ერთი ვაგონი ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს, ერთი ვაგონი რეზინობანას თამაშშია ჩართული... მოკლედ მინდორში დიდი ჟრიამულია!
მწვანე ორთქლმავალს ისე გაეხარდა თავისი ვაგონების და ბავშვების დანახვა, რომ პირველად თავის სიცოცხლეში, ლიანდაგებიდან გადავიდა და მინდორში ბავშვებთან და ვაგონებთან ერთად დაიწყო თამაში.
იმ დღის მერე, ყოველთვის, როცა ბავშვები აგარაკზე მიჰყავდა, მწვანე ორთქლმავალი ყვავილებიან მინდორთან ჩერდებოდა. ბავშვები ჟრიამულით გარბოდნენ მინდვრისკენ და თამაშით გულს რომ იჯერებდნენ, ისევ თავის საყვარელ, ფერადვაგონებიან ორთქლმავალს უბრუნდებოდნენ.
მწვანე ორთქლმავალი კი, დამშვიდებული და გახარებული მიჩუქჩუქებდა და მიიმღეროდა: მწვანე ორთქლმავალი ვარ,
რანი-რანი-რანუნი,
მიყვარს ჩემი ვაგონები,
ბავშვების ჟრიამული!
ვითამაშებთ მინდორში
სიცილით და ხმაურით,
რა კარგია გართობა,
რანი-რანი-რანუნი!