THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ოცნების თოჯინა

თამარ გაბროშვილი


ერთ ქალბატონს ისე ლამაზი ქსოვილი აჩუქეს, ყველას თვალი ზედ რჩებოდა.
ქალს ჭრა-კერვისა მაინცდამაინც ბევრი არა გაეგებოდა რა, მაგრამ გადაწყვიტა, კაბა თვითონვე გამოეჭრა და შეეკერა კიდეც. დიდხანს არ უფიქრია, ზომებიც არ აუღია, დაწვდა მაკრატელს და ქსოვილი გამოჭრა. მალევე მიბლანდ-მობლანდა და რას ხედავს: ისინჯავს, ისინჯავს და კაბა არ ეტევა, სულ ჩაერღვა ნაბლანდები. შეწუხდა. დიდხანს ატრიალა, ეგებ რამე ვუშველოო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ვერა გააწყო რა.
მეგობარ მკერავს უხმო საშველად.
მკერავმა მცდელობა არ დააკლო, მაგრამ ვერაფერს გახდა.
- ეჰ, მეგობარო, გული მეც მწყდება, რომ საოცნებო კაბას ტანზე ვერ მოგარგებ, მაგრამ რა ვქნა, რაკი უკვე გამოჭერი აღარაფერი ეშველება.
დაღონებულ ქალბატონს უცებ სახე გაუნათდა.
- ეს ქსოვილი ისეთი სათუთი, გამჭვირვალე და ზღაპრულია, მისგან შეკერილიო, ფრთებივით მსუბუქი კაბა მე რას გამომადგებოდა. მე ხომ ძალიან მძიმე ვარ და ფრენას ვერ შევძლებდი, ჰოდა, რა აზრი ჰქონდა მის ჩაცმას... მოდი, ჩემს დედოფალას შევუკეროთ, დაე, მან იფრინოს. მეოცნებე ბავშვების ხელში ხომ თოჯინა ათასი სასწაულის შემოქმედია, მუდამ გამარჯვებული პრინცესაა.
დედოფალას მართლაც დიდებული სამოსელი გამოუვიდა. მხოლოდ სულის ჩაბერვაღა უნდოდა და შორს, შორს, ძალიან შორს გაფრინდებოდა, იქ, სადაც ოცნებას არავის უშლიან. ეს სულიც, ქალბატონს გულში რომ ჰქონდა ჩაგუბებული, თოჯინას ჩაბერა და ბავშვების სიზმარსა თუ ცხადში სამოგზაუროდ გაუშვა.
თოჯინამ ლაპარაკიც იცის, სიმღერაც, ცეკვაც და რაც მთავარია, ფრენაც. ხანდახან ბრუნდება კეთილ ქალბატონთან და უყვება იმ ჯადოსნურ თავგადასავლებს, პატარებთან ერთად თავს რომ გადახდება ხოლმე. მის მოსმენას არაფერი სჯობს. თუ ძალიან გინდა, ფერია თოჯინა შენთანაც მოფრინდება, მას ხომ ძალიან, ძალიან უყვარს მეოცნებე და თამაშის მოყვარული ბავშვები.