THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ანზორ აბულაშვილი

მახარობელი
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,
შენ – ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.
წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ თევდორე დაბადებულა.
საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი –
ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი – დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.
დაბადებულა ბიჭი პაატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დაიხოცნენ,
ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
ისეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.
და გიხაროდენ!
ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!


დავითი
რა ზღაპარი და რა მითი,
ოდეს მეფობდა დავითი!
მის ქებად სიტყვა მღალატობს:
ვინც მტერს უჯაბნელს -
სჯაბნიდა,
მოყვასს,
ქვეშევრდომს არასდროს
არ დახედავდა მაღლიდან.
ბრძენი, უებრო სარდალი,
„მაღალი, უხვი, მდაბალი“,
ჩაგრულთ შემწე და ქომაგი,
ქართლში მესიის ბადალი.
სამართლიანი, მოწყალე,
კირითხურო და სწავლული,
მარადის ძილშიც ცოცხალი,
შვილთ ცრემლით საფლავნამული.
რაც აქ ვთქვი,
ქვეყნის კიდემდე
იცნობდნენ სწორედ ამითი,
სამწყსოს ეღვენთა სიკეთედ,
აი, ვინ იყო დავითი!
გარეთ რომ დუშმანს ჰკვეთავდა,
შინ მეზვრის კვართი ემოსა...
ვისზეც მეფობდა,
ნეტამც მათ,
ნეტამც იმ საქართველოსა.

ნანა
ნანინა, ნანა, ნანაო,
ჩემო ანუკა. ანო,
ძილმა ერთბაშად იისფერ
სხვა მხარეს წაგიყვანაო,
ათასფერ ყვავილებთან და
ჭრელჭრულა პეპლებთანაო.
ხედავ: - თან წვიმს და მინდორი
ოქროსფრად დაინამაო,
ყაყაჩოებით ბრიალებს
იქით ზღვისფერი ყანაო.
უფრო შორს თეთრი კრავები
მზემ ცისკენ გაილალაო,
რა საკვირველი მხარეა,
პირდაპირ - გამოცანაო,
თან მზეს ცხრა თვალი უცინის,
ხან - მთვარე კრთება თანაო,
ან აქ რამ ზარდა ერთპირად
სუყველა ალვისტანაო...
ნანინა, ნანა, ნანაო,
ჩემო ანუკა, ანაო,
სიზმარშიც მხარე გეხატვის
შენი სამშობლოსთანაო.


მოხერხებული ძაღლი
ესაო და მესაო,
მივყვეთ თხრობის წესსაო;
ერთ მშვენიერ გაზაფხულზე,
ერთ მშენიერ დღესაო
ერთი ცხვარი წაბაკუნდა,
შეერია ტყესაო,
რა თქმა უნდა, უღრანი ტყე
აბარია მგელსაო;
არც მას დაუგვიანია,
თვალი ავად ჰკვესაო:
- ახლა სადღა გამექცევი,
დაგიბნელებ მზესაო! -
მაგრამ, დახეთ,
ამბავს გეტყვით
მართლა საკვირველსაო:
უცებ იმ ცხვრის -
ქოფაკივით
ყეფა შესძრავს ტყესაო,
წამს ცხვრის ტყავი გადაიძრო,
კბილი გაილესაო...
მგელმაც ძალი მოიცა და,
მართლაც ფერი-ფერსაო,
მაგრამ ყურშა უძლეველი
აღარ აცლის ბევრსაო.
რაც იმ მგელს დღე დააწია,
ის შავი დღე მტერსაო,
კბილი ყელში გაუყარა -
ფარის შიშის მგვრელსაო...
მწყემსებმა კი სიხარულით
ქუდები ჰკრეს ჭერსაო.


ერთობა
საბა, ლევან და გიორგი,
ლადო, ზაზა თუ ვეფხია -
ტარიელ-ავთანდილივით
ერთურთს რომ გადახვევია,
მაშინვე გაქრა, მოისრა,
მუხას რომ მუმლი ეხვია;
მათი ძმობა და ერთობა
ქაჯთა ციხისთვის მეხია...
სულ მტვრად აქცევენ,
რაც დუშმანს
დაუქად-დაუკვეხია.