THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



როგორ გაებუტნენ ბურთები ზარმაცებს

მზია მექერიშვილი

სკოლიდან დაბრუნებულმა ლევანმა დედის დაჟინებით ისადილა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ.
- ნუ გადაყვები თამაშს, დროზე დაბრუნდი და იმეცადინე! – ორღობეში დაეწია დედის ძახილი.
პირველი მივარდა მინდორზე. ორიოდე წუთში უამრავი ბავშვი მოგროვდა.
- არჩევანი მე, - დაიწყო ჯაბამ.
- არადანი მე, - აჰყვა მიშიკო.
ამ დროს ლაშა მოვიდა, წიგნებით ხელში.
- წამოდი რა, მათემატიკაში გაკვეთილი დამინიშნე! – სთხოვა ზურას.
- რა დროს გაკვეთილია, მოდი, ფეხბურთი ითამაშე! – ,,ურჩია” ნიკამ.
- არა, არა, უნდა ვიმეცადინო!
- ნუ გააწყალე გული!
- დღე დიდია, თამაშსაც მოასწრებ და სწავლასაც! – აყაყანდნენ ბიჭები.
ლაშამ იყოყმანა, იყოყმანა; ბოლოს წიგნი მოისროლა და მეგობრებს შეერია.
წიგნი ბურთის გვერდით დაეცა.
- ვაი! – დაიკვნესა.
- გეტკინათ რამე? – შეწუხდა ბურთი.
- გული... გული მეტკინა! ამ ზარმაცებმა არ იციან წიგნის ფასი. იშვიათად თუ გადაგვშლიან, ერთ-ორ წინადადებას წაიკითხავენ და გვერდზე მოგვისვრიან.
- ეს ბიჭები ზარმაცები არიან?! –ლამის გასკდა, ისე გაბრაზდა ბურთი.
- მასწავლებლები ამბობენ, ბურთი ღუპავს ამ ბავშვებსო, - ცეცხლზე ნავთი დაასხა წიგნმა.
დაიწყო თამაში. ბურთი უხალისოდ დაჰყვა ბიჭების ნებას. ცოტა ხნის შემდეგ კი ლოდივით გაშეშდა.
- რა ხდება, ბიჭებო?! – გაოცდა ფეხნატკენი მიშიკო, – დაინახეთ, რა ძალით დავარტყი, მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავი!
ადგნენ და სხვა ბურთი მოიტანეს. პირველმა დრო იხელთა, მეორესთან მიგორდა და ყველაფერი უამბო.
- ჰმ, მეტი საქმე არა მაქვს, ამათ ჭკუაზე ვიხტუნო! – გაწყრა ისიც.
მთელი სოფლის ბურთები იქ მოიტანეს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ბურთებმა ერთ ადგილას შეგროვილი საგონებელში ჩავარდნილი ბიჭები წრეში მოაქციეს და მკაცრად გამოუცხადეს:
- მორჩა, დღეიდან მეგობრები აღარ ვართ!
- ლაპარაკობთ?! – უარესად გაოგნდნენ ბავშვები.
- თქვენმა სიზარმაცემ ამოგვადგმევინა ენა!
- იმდენს დავრბივართ, მინდორზე ბალახს ვერ ამოუყვია თავი და კიდევ ჩვენ ვართ ზარმაცები?! – გაიბუსხა უჩა.
- აქ ყოჩაღები ხართ, მაგრამ სკოლაში როგორ გაქვთ საქმე?
ბიჭები გაისუსნენ.
- ახლა კი წადით და იმეცადინეთ! თუ დრო დაგრჩებათ, მოგვაკითხეთ.
- გასაგებია, - ამოილუღლუღეს დარცხვენილმა ბავშვებმა.
ის დღე და მას დღე, ბიჭებს აღარ უზარმაციათ. წიგნებიც დამშვიდნენ და ბურთებიც ძველებურად ხალისიანად დახტოდნენ.