THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



სოკოურას ტყის ამბავი

მზია მექერიშვილი

ერთ პატარა ლამაზ სოფელს უგემრიელესი სოკოთი განთქმული ტყე აკრავს, ტყის იქით კი მდინარე მოედინება. სოფელს, ტყეს და მდინარეს ერთი სახელი - სოკოურა ჰქვია. სოფელ სოკოურაში ძმები - ირაკლი და ნიკა ცხოვრობენ. ხშირად დადიან სოკოს საკრეფად. ერთხელ, შებინდებამდე დარჩნენ ტყეში. ის იყო, სახლში წასვლა დააპირეს, რომ მანათობელთვალება ქალი დაინახეს, უზარმაზარი სარწყავით სოკოს რწყავდა და თან ბუტბუტებდა:
- უამრავი ხალხი დადის თქვენს საკრეფად, მთელი სიცოცხლე მათი ფეხის ხმით ვარ გაბეზრებული, ახლა მე თქვენ შხამიან სოკოებად გაქცევთ და ყველას ჯავრსაც ამოვიყრი!
ბავშვები შეკრთნენ და ხეს მოეფარნენ. ქალმა რწყვა მოათავა და ფლოსტების ფრატუნით, ღიღინ-ღიღინით წავიდა. ბიჭები ფეხაკრეფით გაჰყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ კუდიანი დიდ, გამხმარ მუხასთან შეჩერდა და თქვა:
- მუხა, ბებერო და მშვენიერო, გული გამიხსენი!
ხეს კარი შეება. ქალმა ზედ სამჯერ დააკაკუნა და კარიც გაიღო...
ძმებმა გამბედაობა მოიკრიბეს და მუხასთან მივიდნენ.
- მუხა, ბებერო და მშვენიერო, გული გამიხსენი! - გაიმეორეს კუდიანის სიტყვები.
მუხას ისევ შეება კარები. ირაკლიმ ზედ სამჯერ დააკაკუნა და კარიც გაიღო. ძმებმა ზღურბლს გადააბიჯეს, კიბე ჩაიარეს და თავი დიდ ოთახში ამოჰყვეს. იქ არავინ იყო. მეორე ოთახიდან კი საუბარი ისმოდა:
- მოწამლულ სოკოს მდინარე სოკოურას წყლით მორწყვა კი უშველის, მაგრამ ვის მოაფიქრდება!
- კი, მაგრამ, ჩემო დაო, ხელები რატომ გაქვს დამწვარი, წყაროს წყლით ხომ არ დაიბანე?
- არა, არა! იქვე ახლოს ვსეირნობდი და ასე დამემართა, - აკრუსუნდა კუდიანი, - უნდა მოვსპოთ ეგ წყარო!
მოულოდნელად კარი გაიღო.
- კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს საბრძანებელში, ძვირფასებო! აქირქილდნენ ქალები.
ნიკას ხელი სტაცეს, გაკოჭეს და კუთხეში მიაგდეს. ირაკლიმ კი გული გაიმაგრა, წყაროზე ავსებული მათარა მოიხსნა და ძმას გაუწოდა.
- ხომ არ გწყურია?- ჰკითხა. - ოღონდ ორ ყლუპზე მეტი არ დალიო!
- რა? ორი ყლუპი?
- რას ეშმაკობ, ვირთხის კუდო, ჯადოსნური სითხე გაქვს? -
აყვირდნენ ქალები და მათარის წასართმევად გაიწიეს. ირაკლი ხან აქეთ გადახტა, ხან იქით.
- რა რწყილივით დახტიხარ, შე საძაგელო?! - აქოშინდნენ კუდიანები.
ბიჭი მაგიდაზე შეხტა და, ის იყო, ქალებს მათარა უნდა გამოეტაცათ, რომ იქიდან გადმოღვრილმა წყალმა მდუღარესავით აუწვათ ხელები, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარაო, ისევ გამოეკიდნენ ბიჭს. უცებ მთვრალებივით წაბარბაცდნენ, ერთმანეთს მიაშტერდნენ და ახარხარდნენ. სიცილ-ხარხარში სანთელივით დაილიენ და გაქრნენ...
დატოვეს თუ არა ძმებმა ჯადოქრების საბრძანებელი, ქარი ამოვარდა. მუხამ დაიღრჭიალა, უამრავი ნაპერწკალი გაყარა და ნაცრად იქცა. თვალის დახამხამებაში ნიკასა და ირაკლის საძებრად გამოსულმა სოფელმა იქ მოიყარა თავი. ბავშვებმა ყველაფერი უამბეს და მათაც გათენებამდე ტყე მდინარის წყლით მორწყეს.
როცა იქით მოხვდებით, თქვენც გაუსინჯეთ გემო სოკოურას ტყის სოკოს. მერწმუნეთ, ასეთ გემრიელ სოკოს სხვაგან ვერსად ნახავთ.