THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ნათი ჯანაშია

ყოჩი



ყოჩივარდა
გაყოყოჩდა:
ყოჩი ვარ და
ამიტომო,
გაზაფხულის
ყვავილებმა
თავი აღარ
გამიტოლონ!

იამ გულში
გაიფიქრა:
შენი ტოლი
როდი ვარო,
გაზაფხულის
მახარობლად
სულ პირველი
მოვდივარო.

ობობა


ობობა ვარ
რვაფეხა და რვათვალა,
თუ არ გჯერათ
დამაკვირდით, დათვალეთ!

კარგად ვხედავ,
(ამ რვავე თვალს - სიკეთე)
სათვალესაც
არასოდეს ვიკეთებ.

მქსოველი ვარ,
არ მჭირდება ჩხირები,
ფეხებშიაც
არვის არ ვეჩხირები.

არ გეგონოთ
ვტრაბახობდე, მარდი ვარ,
ცოცვაც ვიცი,
სიმაღლეზეც ავდივარ.

სათამაშოდ
არასოდეს მცალია,
აბლაბუდის
ქსოვა მიყვარს ძალიან.


უჩა


უჩა მიდის ქუჩაში,
უჩა დიდი ბიჭია,
უჩასხელა ბიჭებმა
უკვე კარგად იციან,

რომ უსაფრთხოდ მგზავრობას
წესები აქვს თავისი,
უამრავი ნიშანი
მოიგონეს ამისთვის.


ყველა გადასასვლელთან,
როგორც დედამ ურჩია,
უჩა დინჯად ჩერდება,
უჩა განა ურჩია?

ელოდება გულდასმით,_
ამწვანდება კაცუნა,
უჩა მაშინ გადაჭრის
ქუჩას, როგორ? - კაცურად!

აი, ასე დიდია
უჩა, ასე ჭკვიანი,
ქუჩა უფრო დიდია
და მრავალნიშნიანი.

აქ წყვეტილი ხაზია,
იქ ირიბი ნიშანი,
ამ ნიშნების შესწავლა
მართებს, მძღოლი ვინც არი.

უჩა განა მძღოლია?
უჩა მხოლოდ მგზავრია,
ფეხითმოსიარულე

და ჭკვიანი ძალიან.


კოკლოზინა


აღარ მინდა ამდენი
სტაფილო და ჭარხალი,
გავიზრდები ისედაც
ღონიერი, მაღალი.


ჩემი ძაღლი გინახავთ ?
ძლიერია, ჭკვიანი.
აბა, ჰკითხეთ თუ უყვარს
ბოსტნეულის წვნიანი?

წუწკი თაგვი რომ გვიმზერს
ცალი თვალით სოროდან,
აბა, ჰკითხეთ, ყოფილა
ერთხელ სტომატოლოგთან ?


მე კი მეუბნებიან,
გაიფუჭებ კბილსაო,
თუ ყოველდღე დაკვნიტავ
კანფეტებს და თხილსაო.


ის მაჭამეთ, რაც მიყვარს,
რაც არასდროს მწყინდება,
რა ჯობია, ყელი რომ
ჩამიკოკლოზინდება.


სპილოს დიეტა


სპილო ძლიერ გასუქდა,
გახდა ათი ტონა.
აწუხებდა ძალიან
თავის ჭარბი წონა.


დიეტოლოგ ჟირაფთან
გადაწყვიტა წასვლა,
–დავიცავო დიეტას
ბეჰემოთის მსგავსად.


გაიკვირვა ჟირაფმა,
გაუხარდა ძლიერ,
–თუკი ღორმუცელობას
და სიხარბეს სძლიე,


თუკი არ დაარღვიე
დიეტური კვება,
ჭარბი კილოგრამები
მალე მოგაკლდება!


–ყველაფრისთვის მზადა ვარ!
ბურტყუნებდა სპილო,
–რამდენ ხანში დავიკლებ
სამი ათას კილოს?


–თუკი არ დაიზარებ
და ვარჯიშსაც შეძლებ,
ზედმეტ წონას მოიკლებ
თერთმეტი თვის შემდეგ!


ზანზარებდა მთელი ტყე,
ყველა შიშით კრთოდა,
დილაობით, როდესაც
სპილო ვარჯიშობდა.


ტყეს რომ შემოურბენდა
ძუნძულ–ძუნძულ სამ წრეს,
მერე მოკრძალებულად
მიირთმევდა საჭმელს.


ამასწინათ სპილოზე
ხმა გაეგდოთ ტურებს:

–ისე გახდა, ძლივს ზიდავს
ხორთუმსა და ყურებს!


თერძი მელა


თერძი ვარო, იკვეხნიდა
კუდფუმფულა მელია:
-საქმე თავზე საყრელი მაქვს,
ჯერ არ შემომლევია.

ჩემთან დადის ცხოველების
თითქმის ნახევარია,
ქურქით, თავს რომ იწონებენ,

ჩემი ნახელავია!

გვიან ღამით დავამთავრე
წუხელ ლომის შეკვეთა,
ის ფაფარი მე შევკერე,
ამ დილით რომ ეკეთა.

მე შევმოსე თბილი ქურქით
ზამთრისათვის დათვები,
სასკოლოდ მე შევუკერე
კენგურუებს ჩანთები.

რასაც მელა იკვეხნიდა,
კურდღლებს გაუგონიათ,
ამ ცანცარებს გრძელი ყური
ტყულად არ ჰქონიათ.

გაიფიქრეს, ნუთუ თავად
ლომმა ანდო ფაფარი ?
-ვთხოვოთ კუდი შეგვიკეროს
თავის კუდის სადარი.

მეორე დღეს მელიასთან
რიგი დადგა კურდღლების,
ყველას სურდა დაგრძელება
პაწაწინა კუდების.

მელაკუდას უხარია,
ზომებს იღებს ხალისით,
კუდის კერვა რომ არ იცის,
თქვენ გგონიათ განიცდის?

ერთ კვირაში დაიბარა
ყურპარტყუნა კურდღლები
და სულ ყველას გამოაბა

მოჯღანული კუდები.

-არც ისეთი ურიგოა!
ჩურჩულებენ ჩუმ-ჩუმად.
-არც ისეთი გრძელი არის!
-არც ისეთი ფუმფულა!


მელაკუდა ანუგეშებს:
-ჩემი საქმის მე ვიცი,
კუდები გაქვთ სანაქებო,
ყურთა შესაფერისი !

ციყვებმა რომ ეს გაიგეს
უჰ, იმდენი იცინეს:
-კუდი აბა რა კუდია,
თუ ვერ გააქიცინე?


ცქაფო და ცისია


ციყვი ცქაფოს ფუღუროში
დიდი სამზადისია,
ორი წელი შეუსრულდა
კუდფუმფულა ცისიას.

ფაცი-ფუცობს ცქაფო, სუფრას
ასოცდაათ ციყვიანს,
ცოტა ხელი ხომ არ უნდა?
ეხმარება ცისიაც.

მოუყრიათ უკვე თავი
საციყვეთის ბინადრებს,
ცქაფომ, შვილის დღეობამდე
რამდენიმე დღით ადრე

მოსაწვევი ბარათები
დაურიგა მეზობლებს,
მეზობლების ნაცნობებს და
ნაცნობების მეგობრებს.

საჩუქრების გროვა დადგა,
ცქმუტავს ციცქნა ცისია,
ვერ იჯერებს, ნუთუ ყველა
საჩუქარი მისია?

სუფრა არის არნახული:
ნუში, თხილი, კაკალი...
თუ რამეა საკნატუნო
ციყვებისთვის, აქ არის.

შუაღამით გააცილა
ცქაფუნიამ სტუმრები,
ციყვებს კბილები სტკიოდათ
ნუშის ნაკნატუნები.

ალაგებდა ცქაფუნია
ნასუფრალს და ფიქრობდა,
დარჩენილი თხილით ზამთარს
გაიტანდა, ვითომდა?


. . .

ზამთარია, ისე ბარდნის
არაფერი არ მოჩანს,
უცებ, მკრთალად, ორი ციყვის
ორი კუდი გამოჩნდა,

წინ - ცისია კუდფუმფულა,
ტომრის უკან- ცქაფუნა,
ტომარაში - წაბლი, თხილი,
რკო, კაკალი კნატუნა.

თქვენ იფიქრებთ, ”თოვლში ციყვმა
კაკალს როგორ მიაგნო?”
ნუ ხართ ასე სულსწრაფები,
სულ ყველაფერს გიამბობთ:

ცქაფოს შუა დეკემბერში
სარჩო შემოელია,
ფუღუროში შეიყუჟა,
სევდა შემოერია.

ცისიამაც მოიწყინა,
აშინებდა ზამთარი.
საციყვეთში ყველას მოსდო
ჩიტმა მათი ამბავი.


-დავეხმაროთ მეზობლებსო,
აჩურჩულდნენ ციყვები,
თქვენ გგონიათ მე ვიგონებ?
ნამდვილ ამბავს გიყვებით.


ახლა მიხვდით ის ტომარა
საჭმლით სავსე რად იყო?
ყველა ციყვმა მეზობლისთვის
მოწყალება გაიღო.


დიდ სიხარულს ვერ მალავდა
ჩიტი ენატანტალა,
ხედავთ? ციყვებსაც სცოდნიათ
ერთმანეთის გატანა.


დათვი, მგელი და მელია


(ქართული ხალხური ზღაპრის მოტივზე)

ერთმანეთს ძმობა შეჰფიცეს
დათვმა, მგელმა და მელიამ.
მიდიან, მიიმღერიან-
აბა, დელია, დელია!


-ჭირი და ლხინი გავიყოთ,
ჩხუბს აჯობებსო დათმობა,
სამივემ მოვიწადინოთ
მეგობრის გულის გათბობა.


ტყის ბილიკს მიუყვებიან
ღიღინით - დელა, ადილა!
არ ვუღალატოთ ერთურთსო,
ვეძმოთ მტკიცედ და ნამდვილად!


ერთმანეთს ჩახუტებულნი
მიბარბაცებენ, მღერიან-
-ოდელი, დელა, ადილა,
აბა, დელია, დელია!


მოსაღამოვდა, მსუნაგებს
მოშივდებოდათ, ცხადია!
-ღამით რას ვინადირებთო,
დაველოდოთო განთიადს.


მზე როგორც ამოიწვერა,
აღარ შეყოვდნენ წამითაც,
გზას სანადიროდ გაუყვნენ,
მელია წინ-წინ გაიქცა.


ნანადირევი დახვავდა,
მწვადებს გაჰქონდა შიშხინი,
მელიას, მგელს და დათუჩას
აღარ აშინებთ შიმშილი.


სუნი დგას ნერწყვისმომგვრელი,
ცეცხლს ტკაცა-ტკუცი გაუდის,
დათვსაც, მგელსაც და მელასაც
თვალი მწვადისკენ გაურბის.


მგელმა თქვა, - ნუ ავჩქარდებით,
არცერთი არ ვართ ცეტიო,
ყველაზე მეტი მან ჭამოს,
ვის ასაკი აქვს მეტიო.


მე ასერთი წლის გახლავართ,
ახლახან მქონდა დღეობა,
ლომი მყავდაო თამადად,
იყო ლხინი და ღრეობა.


მელამ თქვა, - არ მინდოდაო
ჩემი ასაკის გამხელა,
გამოგიტყდებით, რომ მყავსო
შვილიშვილები მაგხელა


დათვმა თქვა, - გისმენთ ფლიდებო
და თქვენს მაგივრად მრცხვენია,
ჯერ ერთი წლისაც არ ვარო,
მაგრამ მწვადს არ ვთმობ, ჩემია.


მგელო, გასინჯვა გაბედე,
ან შენ, ბებერო მელაო,
მაშინ გეწევათ ორივეს
თქვენზე ნათქვამი წყევლაო.


აღარც ზრდილობა გცხიათო,
არც მეგობრობის ნიშანი...
მწვადი ბუნაგში წაიღო,
"ძმები" დატოვა პირმშრალი.


თუ ძმობის ფასი არ იცი,
თუ სიხარბე გაქვს მალული,
მელასავით და მგელივით
დარჩები ხელმოცარული.


თუ უღალატებ მეგობარს,
გულში ავ ზრახვებს ჩაიდებ,
მაშინ ძმობის და სიკეთის
ფასს ვერასოდეს გაიგებ!


ხვალ კინოლოგებს გავიცნობ


ჭკუა რად ვეღარ ისწავლე?
მე მგონი უკვე დიდი ხარ,
"წადის" რომ გეტყვი, მოდიხარ,
"მოდის" ვამბობ და მიდიხარ.


რძე რომ ჯამიდან ისმება,
რამდენჯერ გითხრა? დამღალე!
რძიან ჯამს თათებს რადა ჰკრავ?
რას დალევ, ძირს თუ დაღვარე?


პატარა ლეკვი ხომ არ ხარ?
ნახევარი წლის ბრძანდები,
დღეს სასადილო ოთახში
რად ჩამოგლიჯე ფარდები?


მეზობლის კატას რას ერჩი?
რად შეუშინე ცინდლები?
მითხარ, რამ დაგაღეჭინა
ჩემი ახალი წინდები?


წუხელ ყველას რომ გვეძინა,
შენ რაღამ აგაცანცარა?
დედიკოს ფეხსაცმელები
სად დაგიმალავს ცალ-ცალად?


ბებომ ამ დილით გაგლანძღა,
ცუნცრუკა ხარ და ცეტიო,
ბაბუც შენს გამო ჩიოდა, -
არ შემიძლია მეტიო!


მამა ბრაზობდა, გინახავთ
ლეკვმა პატრონს რომ უკბინოს?
არ შემხვედრია ძაღლიო
ასე მავნე და უტვინო.


საყვედურები არ გესმის,
ცუნდრუკებ, თავს ვერ იოკებ,
არც ჯაჭვით დაბმამ გიშველა,
- ყეფით მთლად აგვაწიოკე.


კინოლოგებმა მოგვწერეს,
ლეკვი გაბრაზებთ, ვიცითო,
ძაღლების დიდი სკოლა გვაქვს,
ხვალვე მობრძანდით, გიცდითო.


მამა საბუთებს ამზადებს,
მთხოვს, რომ წერილი დავწერო,
ძნელად აღსაზრდელ ძაღლების
დაწყებით კლასში ჩაგწერონ.


ბებო სიხარულს ვერ მალავს,
ბაბუ ოხუნჯობს, - ვხალისობთ!
მეც წამოგყვები სკოლაში
ხვალ, კინოლოგებს გავიცნობ!


ვირები ხეზე გავიდნენ


ვირებსა და ვირის შვილებს
ჩიტმა  შემოუთვალა,
-სანამ ხეზე გაივლითო,
ბარტყს დავჩეკავ უთვალავს.


-თქვენ რომ ხეზე გაივლითო,
მზე გახდება ლურჯთვალა,
ვირებსა და ვირის შვილებს
ციყვმა შემოუთვალა.


კუმ მისწერა, ბაკნის ნაცვლად
ამოგვივა ქოჩრები,
ხეზე როცა გაივლითო
თქვენ და თქვენი ჩოჩრები.


-ჭიანჭველას შრომა დაღლის
და გახდება უქნარა,
თქვენ რომ ხეზე გაივლითო,
რწყილმა შემოუთვალა.


-ციცინათელების მსგავსად
მეც ვიქნები ციმციმა,
როცა ხეზე გაივლითო,
გველმა დაისისინა.


ფარშევანგებს უთქვამთ, კუდებს
შეგვიცვლისო ცოცხები,
თქვენ და თქვენი ჩოჩრებიო,
ხეზე რომ აცოცდებით.


-გავხდით ქვეყნის სასაცილო! -
მოიწყინეს ვირებმა.
-შევისწალოთ ხეზე ასვლა
ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც.


ჩოჩრებს გული უფანცქალებთ,
მოცდა არ სურთ ცოტა ხნით,
შორეული ტყიდან იხმეს
მაიმუნი ოსტატი.


ძალ-ღონეს არ უჩიოდნენ,
ჯანიც ჰქონდათ ქებული,
არასოდეს არ ყოფილან
ასე მონდომებული.


დღეს და ღამეს ასწორებდნენ,
გახდნენ ცისკრის დარაჯნი,
ფეხიც ბევრჯერ მოიტეხეს,
დადიოდნენ ყავარჯნით.


ორი წელი მიილია
და შედეგიც ტკბილია,-
ოსტატიც და შეგირდებიც,
ყველა კმაყოფილია.


ხეზე ცოცვა უხარიათ,
ერთმანეთს არ აცლიან,
ნაძვნარში აქვთ შვიდ საათზე
დიდი პრეზენტაცია.


ამ ამბავმა მოიარა
ყველა ჭალა, ხეობა,
ვირებს დიდად დაუფასეს
შრომისმოყვარეობა.


ხეზე გასვლის ნიჭი თუკი
არ გაქვს დაბედებული,
ყველაფერი გამოგივა,
თუ ხარ მონდომებული!


ახლა რაღას ლაზღანდარობს. .
ციყვი, ნეტავ, მანახა!...


ყველაფერში გაიმარჯვებ,
თუ ზარმაცი არა ხარ!