THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ლილი ნუცუბიძე

საქართველოს ღირსი

დედოფალი შუშანიკ,
ჩუმი ლოცვა მისი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.


დედის უბეკალთიდან
აფრენილი ნისლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.


დავითი და ერეკლე
და დიდგორის ფიცი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.


მეფეთ მეფე თამარი
და ზარები ცისკრის,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

კრწანისთან და შამქორთან
დანთხეული სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.


ათას ერთი ტკივილი,
მოწოლილი დარდი
საკუთარი ხელებით
დაგებული ფანდი,


ვიდრე მკერდში გულია
და ძარღვებში სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.


საყვარელო მამულო!


საყვარელო მამულო,
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ
გულმა მხოლოდ შენი მზე,
შენი მიწა იწამა.


შენს გაზაფხულს ვუმღერი,
შენს აპრილს და მაისებს,
კალთას გადაგიკოცნი,
უბეს ვარდით აგივსებ.


მწარე იყო წარსული,
რომ დღეის მზით გეხარა,
ჩემო ტკბილო მამულო,
ჩემო კარგო ქვეყანავ.


გვლეწეს, არ გავილეწეთ
გვწვავდნენ, როდი დავიწვით,
სად ხართ, არაგველებო,
ვაჟკაცებო კრწანისის.


მტერზე წამომართულო,
სააკაძის მახვილო,
დროშავ თამარიანო,
არასოდეს დახრილო.


ბაზალეთის ტბის ძირში,
დარწეულო აკვანო,
მამულისთვის დამწვარო,
გმირო მამა-პაპანო!


ხარაჩოებს სიამით,
თვალს რომ წამში მოგტაცებს,
მაღაროსთან, ბრძმედებთან,
შეჭიდებულ ლომკაცებს.


ვუმღერ ყველა მაიას,
ცოტნესა და მამუკას,
ვისაც მტერთან ბრძოლაში
წარბის შეხრა არ უყვარს.

ვუმღერ ყველა ერეკლეს,
ავთანდილს და მზექალას,
ვინც მკერდს გადაუდაფნავს
ნამუსიან ქვეყანას.


აი, ვის გამარჯვებას
და სიცოცხეს ვინატრებ,
მზეო, უფრო გაბრწყინდი,
მზეო, უფრო გვინათე.


მიწა ბარაქიანი,
ოქროსფერი ყანები...
საყვარელო მამულო,
გკოცნი, გეთაყვანები.

* * *


ნეტა ახლა შემეძლოს,
ფეხით შემომატარა
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და აჭარა.


ჩემი დიდი მთიანეთი,
საოცნებო ზღვისპირი
ნაბიჯ-ნაბიჯ მომატარა,
რასაც დღემდე მივტირი.


ვარძიაში ამიყვანა,
ღამე გამათევინა,
წუთისოფლის სამდურავი
ერთხელ არ მათქმევინა,


წინაპართა საფლავებზე
თითო წმინდა სანთელი...
და ბოლომდე მათქმევინა
ჯერ უთქმელი სათქმელი.


მომატარა საქართველო
ლიხს აქეთ და იქეთა,
ჩემისთანა ბედნიერი
ქვეყნად არვინ იქნება.