THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ფარდა

ნანა კაციაშვილი

ჭერში გაბმულ თოკზე ხავერდის ფარდა ყურებით ეკიდა - უმეტესად გადაწეულ მდგომარეობაში... რადგან დაბადებიდანვე ყრუ იყო, ყურებიც მხოლოდ ჩამოსაკიდებლად სჭირდებოდა... არა, ლაპარაკი მშვნივრად ეხერხებოდა, მარტოდ დარჩენილი გაუჩერებლადაც ეტლიკინებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ხალხში კრინტს არ სძრავდა - ვერ გამიგებენო... ისიც უნდა ითქვას, რომ ფარდას ზურგზე, ანუ უკუღმა პირზე ნამდვილად არ ჰქონდა თვალები, ამიტომ მხოლოდ იმას ხედავდა, რაც მის თვალწინ ანუ ცხვირწინ ხდებოდა - აქ მუდამ ირეოდნენ ადამიანები, ხან რა ეცვათ, ხან რა. დიდ ოთახს, რომელიც მხოლოდ ღამ-ღამობით ცარიელდებოდა, მუდამ სხვადასხვაგვარად რთავდნენ, ხან ავეჯითა და ხან სხვადასხვა ნივთებით, ეს ისეთი გაუთავებელი საქმიანობა იყო, რომ ფარდას ხანდახან თავისი სიყრუე ძალიან უხაროდა - ისე ხომ მოსვენება და სიმშვიდე სანატრელი მექნებოდაო, ფიქრობდა თავისთვის... ხშირად უცხო-უცხო ადამიანები მოდიოდნენ, რაღაც მონოლოგებს შთაგონებით ჰყვებოდნენ, აქეთ-იქით დარბოდნენ, იცინოდნენ, ტიროდნენ... თუ ვიღაც შემთხვევით დაეჯახებოდა ფარდას, მთვლემარე ხავერდი შეშინებულ თვალებს დააჭყეტდა, მერე კი ისევ ზანტად ხუჭავდა.... ადამიანები აქეთ-იქით სირბილის მერე ფარდის ზურგსუკან დადგებოდნენ, რასაც ფარდა ბავშვობიდანვე თანდაყოლილი გუმანითა და ალღოთი ხვდებოდა, და თავებს მადლობის ნიშნად გაუთავებლად უკანტურებდნენ ვიღაცას. ფარდას საშინლად აინტერესებდა, რა ხდებოდა მისი მზერის მიღმა, ხშირად სინანულით ფიქრობდა, ვინმე დაკვირვებული მკერავი მაინც გამოჩნდეს და შენიშნოს, რომ პირუკუ ვკიდივარ და, იქნება, შემომატრიალონო... ან, ისეთი თავი მაინც მებას, ერთი გემრიელად შემოვაბრუნო და ყველაფერი დავინახოო... ფარდა დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ადამიანები ხშირად ერთსა და იმავეს ლაპარაკობდნენ და მათი გუშინდელი საქციელი, ხშირად გაჭრილი ვაშლივით თუ მსხალივით ჰგავდა დღევანდელს, ან ხვალინდელს... ამ საოცრებას, დიდი ხანია, მიეჩვია, მაგრამ ყოველთვის ძალიან უკვირდა ერთი რამ - როცა ფარდა გადაწეული იყო, ადამიანები ხან ხელოვნურ საჭმელს ვითომდა ჭამდნენ, ხან ცარიელი ჭიქიდან სვამდნენ წყალს თუ სხვა სასმელს, და თავი ისე მოჰქონდათ, ვითომ ამას ნამდვილად სჩადიოდნენ... როგორც კი ფარდას ჩამოაფარებდნენ, ადამიანები ფარდის თვალწინ უკვე ნამდვილი ლუკმების ღეჭვითა და წყლისა თუ ღვინის სმით ძალიან არეულ-დარეულად დაბორიალებდნენ, ყაყანებდნენ, კამათობდნენ... და ისევ რაღაც მონოლოგებს წარმოსთქვამდნენ... მოკლედ ფარდა დიდ გაურკვევლობაში გახლდათ...
ერთხელ ერთმა ადამიანმა თავისი პატარა შვილი მოიყვანა. გოგონა აქეთ-იქით დარბოდა და ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. ფარდის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და, როგორც ფარდა თავისი გუმანით მიხვდა, თავის მამიკოს დაუძახა. მამიკომ რომ მოირბინა, მას სხვებიც მოჰყვნენ... ფარდასთან დადგნენ და ერთი-ორმა სინანულითაც იტკიცა ლოყაზე ხელი... მოიტანეს უზარმაზარი კიბე, დადგეს ფარდასთან ახლოს, სწრაფად აძვრნენ ზედ, ჩამოხსნეს, შემოაბრუნეს და წაღმა პირზე ჩამოკიდეს.
ახლაღა დაინახა ფარდამ ოთახის უკანა მხარე - თავის ადგილსამყოფელთან შედარებით ოთახის ეს ნაწილი დაბლა ჩაღრმავებულიყო და მერე ნელა-ნელა მაღლდებოდა; მთელი იატაკი მოფენილი იყო გვერდი-გვერდ მდგარი, ლამაზად ჩამწკრივებული სკამების რიგებით. ფარდა მთელი დღე ამ სკამებისა და თავზემოთ დანათებული პროჟექტორების თვალიერებაში გაერთო.
საღამოთი ოთახის ორი დიდი კარი გაიღო და ხალხი შემოლაგდა. ამდენი ადამიანი ერთად ფარდას არასოდეს ენახა. ცოტა არ იყოს, დაიბნა კიდეც... ყველანი სკამებზე დასხდნენ. როცა ცარიელი ადგილებიც შეივსო, ოთახის ორივე კარი დაიკეტა. სკამებზე მსხდარი ადამიანები რატომღაც ფარდას მიაჩერდნენ. ახლა კი შეშინდა - ალბათ, რადგან შემომაბრუნეს, ეს ხალხიც ჩემს დასათვალიერებლად დაიბარესო, და მათ თუ არ მოვეწონე, შეიძლება, სულაც ჩამომხსნან და სადმე მტვრიან სხვენში მიკრან თავიო... რადგანაც არასოდეს უყვარდა მტვრის ბაცილები და არც ეულად ყურყუტი ეპიტნავებოდა, გაიფიქრა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ხალხს თავი უნდა მოვაწონოო. ამ მიზნით მთელი ძალით გაიპრანჭა - ხან ყელი მოიღერა და თვალები ნაზად დააფახულა, ხან ლამაზად გაიღიმა და ჩამოშლილი თმა რხევით შეისწორა, ხან კაბის ბოლოები ჩამოიფერთხა და მისი ნაწიბურები ტანზე მოირგო... მაგრამ, შენც არ მომიკვდე - ადამიანები უძრავად ისხდნენ, სახეზე კუნთიც კი არ უტოკავდათ, ერთი ღიმილი რა არი, არავის გაჰღიმებია - ისხდნენ და ფარდას მომლოდინე თვალით შესცქეროდნენ... ის იყო, ფარდამ შიშით გაიფიქრა, ეხლა კი დავიღუპე, ნამდვილად ძალინ უშნო ვარ და მალე ჩამომხსნიანო, რომ უცებ ერთი ადამიანი მის წინ დადგა და რაღაც დაიძახა. სკამებზე მსხდომებს სახეები გაუბრწყინდათ და ტაში დასცხეს. ვიღაცამ ფარდა გადასწია. ადამიანებმა ისევ დაიწყეს ფარდის ახლო-მახლო სიარული, ლაპარაკი, ვითომ ჭამა-სმა, ზოგმა გიტარას წამოავლო ხელი და სიმღერა წამოიწყო...
ამ სანახაობას სკამებზე მსხდომები გაუნძრევლად მისჩერებოდნენ... მერე კი ტაში დასცხეს. ვიღაცამ ფარდა ჩამოაფარა. ნაცნობი ადამიანები თავების კანტურით გამოვარდნენ ფარდის წინ. უთუოდ ძალიან საინტერესო რამეებს აკეთებდნენ, თორემ ამდენი ხალხი ტაშს არ დაუკრავდაო, გაიფიქრა ფარდამ და თავადაც მხურვალე ტაში დასცხო.
მერე, როცა კარგა ხანი გავიდა, როცა ფარდამ ადამიანების ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით მათი ნათქვამის გაგება ისწავლა, მიხვდა, რომ თეატრის სცენაზე ეკიდა, აქეთ-იქით მორბენალი ადამიანები მსახიობები იყვნენ, ოთახის სკამებით დაფარულ ნაწილს დარბაზი ეწოდებოდა, სკამებზე მსხდომებს კი, თან სპექტაკლებს რომ მისჩერებოდნენ - მაყურებლები. სპექტაკლები ანუ წარმოდგენები ვიღაც ადამიანებისვე გამოგონილი ისტორიების სცენაზე გათამაშებას ერქვა... ფარდა სიხარულით ფიქრობდა, იმ პატარა გოგონას რომ არ შეემჩნია ჩემი “უკუღმართობა”, ამ ყველაფერს ვერასოდეს შევიტყობდიო... ხედავ, ეუბნებოდა თავის თავს, რა კარგი ყოფილა, როცა ცხოვრებას პირდაპირ თვალებში უყურებ და მისკენ ზურგშექცევით არ დგახარო... ის ლამაზი და დიდი ფარდა დღესაც ჰკიდია ერთ დიდ სცენაზე და ყოველი სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს ტაშს უკრავს.