THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



კარლო კობერიძე

***
ლია საზამთროს მიირთმევს,
თან ეკითხება გიას,
რატომ ზამთარშიც არა გვაქვს,
თუკი საზამთრო ჰქვია?


გიაც საზამთროს მიირთმევს,
თან უპასუხებს ლიას-
ალბათ ზამთარშიც გვექნება,
რაკი საზამთრო ჰქვია.


თუკი გიყვარს
- დალი ვაშლი გიყვარს?
- დალი, გიყვარს ბალი?
-ვაშლიც მიყვარს ბალიც, -
მიპასუხებს დალი.
- თუკი ბალი გიყვარს,
თუკი გიყვარს ვაშლი, -
ყვავილიან ტოტებს
რატომ ამტვრევ მაშინ?


უჭკუო მამალი
ბანაობენ იხვები,
ყველას ცურვა სცოდნია;
საყურებლად ქათმები
მოდიან და მოდიან.
მობანავე იხვები
დაინახა შორიდან
და გუბესთან მამალიც
საბანაოდ მივიდა.
მყისვე წყალში გადახტა,
ამაყი და ფრთამალი,
მერე ძლივს ამოვიდა
გაწუწული მამალი...
ეღიმება ინდაურს,
ბატი კვდება სიცილით,
რა ყოფა აქვთ ვარიკებს, -
იცინიან ისინიც.
მართლა სასაცილოა,
რაღა უნდა დავმალო, -
რაც არ მოგდგამს წესადა,
რად იჩემებ, მამალო?!


განი, განი, ბიჭებო!
განი, განი, ბიჭებო!
დაუკარით ზურნა,
ჩვენი ბეგი ოტია
ეჭიდება ზურაბს.


აბა, განი, ბიჭებო,
გოგონებო, წყნარად,
თუ გაბრაზდა ოტია,
ადგება და წავა.


ასე იცის ხანდახან
ასე იცის, ასე...
აბა, განი, მანანა!
აბა, განი, არსენ!


ხევისკენ რომ მიდიან,
დაუძახე მათაც!
ხუმრობა ხომ არ არის,
ჭიდაობენ მართლა.


განი, განი, ბიჭებო!
დაუკარით ზურნა,

აბა, გზა დაუცალეთ
ოტიას და ზურაბს!