THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მოფრინდით, ოფოფო და გუგულო

რევაზ ინანიშვილი

გაიღვიძებს ბაკური, გადაკოტრიალდება ლოგინე და დაიძახებს:
- გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს! გაუმარჯოს! - გაღიმებილ მობრუნდება ბებია. - გაიღვიძა ჩემმა ოქრომ?
- არა, მძინავს. - თვალებს ხუჭავს ბაკური.
- ღმერთო, შენ გამიზარდე ჩემი ყოჩაღი ბიჭი! ხელებაწეული ევედრება ღმერთს ბებია.
- მე ყოჩაღი ბიჭი არა ვარ.
- რატომ, გენაცვალე, რატომ?
- იმიტომ.
ერთხელაც გადაკოტრიალდება ბაკური, ხელებგაშლილი გადაწვება გულაღმა, მუცელს ამობერავს, ლოყებს გამობუშტავს, ამოიქშენს და დაბოხებული ხმით ამბობს:
- მე დევი ვარ.
- უიმე!
- ჩემი შიშით ჭიანჭველაც ვეგარ დადის ქვეყანაზე.
- ვერ დადის, გენაცვალე, ვერ დადის. აბა, ჩავიცვით და გავიდეთ გარეთ, ჭიანჭველებიც ვნახოთ და ჩიტებიც.
ბებო ღამის პერანგს ააძრობს ბაკურს, ტიტლიკანა ბაკური კედელს მიეყუდება ზურგით.
- მე ჩაცმა არ მინდა.
- რატომ, კაცო, რატომ?
- დევებს ტანსაცმელი არ აცვიათ.
- ვინ გითხრა, შვილო?! ბანჯგვლიან დევებს არ აცვიათ, შენისთანა ბროლები კი უტანსაცმლოდ როგორ გაივლიან, კოღოები და ბუზები დასჭამენ.
- დევებს დასჭამენ?
- ჰო, ჰო!
- კოღოს ხომ მეც მოვკლავ. დავატყლაპებ სილას და გაიჭყლიტება.
- შენ სპილოსაც მოკლავ.
- სპილოს ვერ მოვკლავ.
- რატომ, კაცო?!
- სპილო ცოდოა.
- უიმე, როგორ დამავიწყდა!
- სპილო კარგია. სპილოს ბავშვები ასხდებიან და დაჰყავს.
- დაჰყავს, მაშ! ჩქარა ჩაიცვი, ჩქარა, რომ ოფოფმა არ დაგძრახოს.
- როგორ დამძრახავს? წავა, ლამაზ გოგებს ეტყვის, ბაკური ტიტლიკანაა, ბაკური პირდაუბანელია, ლამაზი გოგოები კიდევ ბრანწს გაგიკეთებენ.
- როგორ გამიკეთებენ ბრანწს?
- აი ასე. - ბებია ცხვირზე ცერა თითს მიადებს, სხვა თითებს კიდევ გაფარჩხავს და ააქანავებს.
- ლამაზ გოგოებს ვცემ.
- რათა, გენაცვალე?
- იმიტომ.
- ცემა როგორ შეიძლება, ჭირიმე! ლამაზ გოგოებსუნდა აკოცო.
- არ ვაკოცებ.
- ნუ აკოცებ. მხოლოდ არა სცემო. - ბებია სწრაფად აცმევს ხალათსა და შარვალს. - ახლა ფეხსაცმელებიც... მერე პირის დაბანაც და ვეღარც ოფოფი დაგძრახავს, ვეღარც გუგული.
- აბა, სად არიან ოფოფი და გუგული?
- ახლა ვენახში არიან, იქ მომუშავე დიდებს ათვალიერებენ, პირდაუბანელი ვინ არისო.
- ვინც პირდაუბანელია?
- ოჰ-ოჰ! ოჰ-ოჰ! რას ჰგავხარო, დაიძახებს ოფოფი. გოგო! გოგო! მოხედე ერთი, რას ჰგავს ეს პირდაუბანელიო! აჰყვება გუგულიც.
ბაკურს ეცინება.
- როგორა, ბებო?
- ოჰ-ოჰ! ოჰ-ოჰ! რას ჰგავხარო! გოგო! გოგო! მოხედე ერთი, რას ჰგავსო.
მორჩა, ბაკურმა ფეხსაცმელებიც ჩაიცვა. ბებოს ახლა ეზოში ჩაჰყავს, ონკანთან, პირი უნდა დაჰბანოს.
- ჯერ არ მინდა, ჯერ არა! - უკან იწევს ბაკური.
- უიმე, რას ამბობ! აგერ, სადაცაა დაიძახებს კიდეც ოფოფი.
- დაიძახოს.
- არა, შემოგევლე, არა.
ბებია ხელებს ჰბანს. თან წყალს ეუბნება:
- წყალო, შენ წაიღე ჩემი ბაკურის სურდო, ხველება, ჭირვეულობა.
სახეზედაც რომ მოუსვავს წყლიან ხელს, იქაც მიაყოლებს:
- ღმერთო, შენ დასწერე შენი წყალობის ჯვარი! - სამჯერ მოუსვამს სახეზე წყლიან ხელს და სამჯერ გაიმეორებს ამას. სულ ბოლოს იტყვის: - გაზარდე, გაახარე, დედ-მამა უცოცხლე!....
და მორჩა. რბილად უმშრალებს სახეს და ხელებს პირსახოცით.
- ახლა დავარცხნა და მთლად მორჩა!
- დავარცხნაც არ მინდა.
- იუმე, დამიდგა თვალი, დაუვარცხნელობა სულ არ შეიძლება. კოპწია ოფოფი, სავარცხელი რომ ადგას თავზე ხომ გადაირევა!
ბაკური მორჩილად უშვერს თავს.
- აჰა! ეს არის სულ! ახლა ნუღარავისი გეშინია. ნუღარც ოფოფისა, ნუღარც გუგულისა და ნუღარც ლამაზი გოგოსი.
- ლამაზ გოგოს წიხლს ამოვარტყამ.
- უიმე, ეგ რა თქვი! ვაჟკაცმა ეგ რა თქვი! ეგ აღარა თქვა, გენაცვალე! - ბებია ჩაიხრება, ცივ შუბლზე აკოცებს. - წადი ახლა და მზეს ეჩვენე, გაუხარდება, ეგეთი ლამაზი ბიჭი რომ ხარ.
ბაკური მორცხვი ღიმილით მიდის მზისაკენ. გავა, გაჩერდება და შესცინებს მზეს. თან იცინის, თან თვალებს ხუჭავს.
მზეს უხარია.
აბა, ვის არ გაუხარდება პირდაბანილი, ლამაზად ქოჩორგადავარცხნილი ბიჭის ნახვა.
- ეე! .. მოფრინდით, ოფოფო და გუგულო!... - იძახის ბაკური.
ცოტაც, სულ ცოტაც და სადაცაა გამოჩნდებიან ოფოფი და გუგულიც.