THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



როგორ მოიყვანა პატარა მიმიმ ზამთარი

თამრი ფხაკაძე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა. სახელად მიმი ერქვა.
ერთხელ, ცხელზე ცხელ ზაფხულში მიმის თოვლი მოენატრა.
მივიდა დედიკოსთან და უთხრა:
_ დედიკო, თოვლი მომენატრა, მოიყვანე!
დედიკომ გაიღიმა და უპასუხა:
_ საყვარელო, თოვლს მე ვერ მოვიყვან. თოვლი ზამთარმა უნდა მოიყვანოს. წადი, წყაროზე გაგრილდი, მე კი სოკოს ღვეზელს გამოგიცხობ!
მიმი ახლა მამიკოს შეეხვეწა:
_ მამიკო, თოვლი მომენატრა, მოიყვანე!
მამიკომ გაიღიმა და უპასუხა:
_ საყვარელო, თოვლს მე ვერ მოვიყვან. თოვლი ზამთარმა უნდა მოიყვანოს. წადი, ნაყინით გაგრილდი, მე კი ხეზე საქანელას ჩამოგიბამ!
ჩამოჯდა მიმი წყაროსთან, ჩაკბიჩა ნაყინი და დაიწყო ფიქრი.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, აი რა მოიფიქრა:
” დედიკო ღვეზელს აცხობს, არ სცალია. მამიკო საქანელას ჰკიდებს, არ სცალია. ავდგები და მე თვითონ წავალ თოვლის მოსაყვანად”.
გაუდგა გზას. ის გზა რომ მოთავდა, მეორეს დაადგა. ისიც რომ მოთავდა, მესამეს, მერე მეოთხეს, მერე მეხუთეს, მეექვსეს...
12 გზა რომ გაიარა, მიმიმ დათოვლილი უღრანი ტყე დაინახა.
სწორედ ამ დათოვლილ უღრან ტყეში ცხოვრობდა ზამთარი.
სად იყო და სად არა, ტყიდან ბაჭია გამოცანცარდა და მიმის უთხრა:
_ წამოდი, მიმი! მე მიგიყვან ზამთართან! ჩქარა იარე! არ გაიყინო!
მიმი ბაჭიას უღრან ტყეში გაყვა.
მალე ერთ დათოვლილ პატარა ქოხთან მივიდნენ. ქოხის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოდიოდა, თეთრ ფიფქებად იქცეოდა და არემარეს თეთრ თოვლად ეფინებოდა.
მიმიმ ქოხის კარი ფრთხილად შეაღო და თეთრწვერა ბაბუა დაინახა. ეს ბაბუა-ზამთარი იყო.
_ აქ რამ მოგიყვანა, პატარა გოგონა? _ ჰკითხა ბაბუა-ზამთარმა მიმის.
_ თოვლი მომენატრა, _ მიუგო მიმიმ, _ მინდა ჩემთან წავიყვანო.
_ ძალიან გამახარე, თოვლი ასე რომ გყვარებია, _ თქვა ბაბუა-ზამთარმა, _ დარჩი ჩემთან სტუმრად. ჟოლოს ღვეზელი ვჭამოთ, ცხელი ჩაი დავაყოლოთ, ზღაპრები მოვყვეთ, ციგით ვისრიალოთ. ამასობაში შენს მხარეში ზაფხულიც ჩაივლის, შემოდგომაც და ჩემი წამოსვლის დრო დადგება... დაგისვამ ბროლის მარხილზე და გაგაქროლებ! თოვლიც ერთად წავიყვანოთ! შენს დედიკოსთან და მამიკოსთან კი ბეღურას გავატანოთ წერილი, რომ არ იდარდონ!
მიმის ბევრი აღარ უფიქრია. ბაბუა-ზამთართან სტუმრად დარჩა. ყოველ დღე ჟოლოს ღვეზელს მიირთმევდნენ, ცხელ ჩაის აყოლებდნენ, ზღაპრებს ყვებოდნენ, ციგით სრიალებდნენ.
ამასობაში მიმის მხარეში ზაფხულმაც ჩაიარა, შემოდგომამაც და ზამთრის დრო დადგა.
შემოისვა ბაბუა-ზამთარმა მიმი ბროლის მარხილზე და გასრიალდნეენ!! თან იმდენი თოვლი მიჰქონდათ, გაგიკვირდებოდა!
რომ იცოდე, როგორ გაეხარდათ დედიკოს და მამიკოს მიმის დანახვა!
რომ იცოდე, რამხელა თოვლი დადო იმ ზამთარს!