THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ბალახის სიმღერა

ბალახის სიმღერა

რისი მაქნისი ვარ? - გავიფიქრე ერთხელ. - ვისაც როგორ უნდა, ისე მთელავს. არავინ იწუხებს თავს ჩემთვის. ისე ამოვალ დედამიწიდან და ისე ჩავხმები, სამადლობელსაც არ მეტყვიან. მსხმოიარე ხეს კი ზედ დახხარიან, უვლიან, შიშობენ, არ გახმესო. ნაყოფს დაისხამს და, ოჰ, როგორ უხარიათ ბავშვებს!
მე კი, რა ვარ? ნეტავ ხედ მაინც გავჩენილიყავი!
ერთხელ თვალები დავხუჭე და წუთით წარმოვიდგინე, რომ ბალახი კი არა, ხე ვიყავი... გახარებულს ტოტები მინდოდა შემერხია, ფოთლები ამეცეკვებინა, მაგრამ ნახირის ზმუილი შემომესმა და გავირინდე. ძირს ჩამოვიხედე, ბალახის ნასახი არსად ჩანდა, მიწა მოტიტვლებულიყო, სილამაზე დაკარგოდა.
ფერდებჩაცვივნული, მშიერი ნახირი საცოდავად დალასლასებდა. დახრიოკებულ ველზე ბებერი ლოდი აყუდებულიყო და გაშტერებული ბუბუნებდა; “საოცრებაა, მწყემსებმა საიალაღო ადგილები დაიარეს და საბალახო ვერ იპოვეს. გაწყდება ცხვარ-ძროხა!.."
დედამიწა ჩანაცრისფრებულიყო. მთები და სერები მწვანედ აღარ ხასხასებდა. პეპლები უხალისოდ აფარფატებდნენ ფრთებს. ფრინველები მობუზულიყვნენ. წიფობელა ნაღვლობდა: - ვეღარ გავგოგდები ველზეო. დაღონებულიყო რქებბორჯღალა ირემი. ბებერ ლოდთან საბრალო კურდღელი დაყუნცულიყო, ყურები აეცქვიტა, თვალები დაეჭყიტა და მშიაო, წუწუნებდა.
დედაბრები სამკურნალო ბალახებს დაეძებდნენ. ვერ პოულობდნენ და... ღმერთო, რა გვეშველებაო, - ვიშვიშებდნენ.
ავფორიაქდი. ტოტები დაბლა დავუშვი, მეც არ ვიცი, როგორ, ცრემლები ჩამომცვივდა. სული ყელში მომებჯინა...
- აღარ მინდა ხედ ყოფნა, აღარ! - წამოვიძახე და თვალები გავახილე...
მდელოზე ნახირი გამოფენილიყო და ბალახს ძოვდა. მწყემსი გულარხეინად იდგა და ბიბინა მთა-ველს გასცქეროდა. ღაღანა ყვავილებში ჩიტები ჟღურტულებდნენ. კურდღელი ბებერ ლოდს ამოფარებოდა და ამოქუჩქუჩებულ ბალახს შეექცეოდა...
და მაშინ, როცა მდელოზე ფეხშიშველამ, პაწია გოგომ გაიტანტალა, წვიმის ცვრით წვივები დაინამა და გადიკისკისა, ბატკნიყურას, მრავალძარღვას, ორფოთიოლას, მატიტელას გადავძახე : - ჰეი, ბიჭებო, თავი წამოსწიეთ მეთქი.
და ავმღერდი.
მზეკაბანმა დაუარა ველს და მინდვრის დიდმა ქარებმა აიტაცეს ჩემი სიმღერა.
ბალახის სიმღერა...
და იცით? აღარასოდეს მინატრია მსხმოიარე ხედ ყოფნა...
მას მერე ვმღერი ვმღერი ბედნიერი და მინდვრის დიდ ქარებს კიდით კიდემდე მიაქვთ ჩემი ხმა.