THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



მურმან ჯგუბურია

***
ყოფილა,
ყოფილა,
რა ყოფილა?
ერთი ქვეყანა ყოფილა,
მას საქართველო რქმევია,
ზოგან მთებია, ზოგან — ტყე,
ზოგან ჭალა და თხემია,
გარშემო რასაც უყურებ,
სულ შენია და ჩემია!
ყოფილა,
ყოფილა,
რა ყოფილა?
ერთი ცოლ-ქმარი ყოფილა,
იმათ ქათმები ჰყოლიათ —
არსად არ გამიგონია;
იმათ ვენახი ჰქონიათ—
არსად არ გამიგონია;
იმათ რომ ყანა ჰქონიათ —
არსად არ გამიგონია;
იმათ ცხვარ-ძროხა ჰყოლიათ —
არსად არ გამიგონია;
იმათ რომ სახლი ჰქონიათ —
არსად არ გამიგონია;
მაგრამ რად გინდა, ბეჩავებს
შვილები არა ჰყოლიათ.
ყოფილა,
ყოფილა,
რა ყოფილა?
ერთი ხელმწიფე ყოფილა,
ხელმწიფე იყო ჭკვიანი,
მაგრამ ყოფილა მტრიანი;
აულესია მახვილი,
მომხდური დაუფრენია,
სულ ომში გაულევია
ღვთით ბოძებული დღენია,
დიდი სცოდნია ომი და
მეფეს დავითი რქმევია.