THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND



ოთარ შალამბერიძე

ციგურები
სასრიალოდ წავედი,
ციგურები მოვირგე,
რაც ვარჯიშზე დავდივარ,

არ გასულა ორი დღეც,
ტყუილს როგორ ვიკადრებ,
უნდა გითხრათ მართალი:
დამიცურდა ფეხი და
მოვადინე ზღართანი.
მთავარია, რომ გქონდეს
სურვილი და მიზანი,
თორემ, თუ არ დაეცი,
სრიალს როგორ ისწავლი?


დიდია თუ პატარა
ყველა ტუქსავს,
ყველა არცხვენს,
დილაა თუ ბინდია;
დასჭირდება —
პატარაა,
დასჭირდება —
დიდია.
— შვილო,
წყალი მომიტანე,
ნუ ხარ აგრე ზარმაცი,
— დედა,
ჯერ ხომ პატარა ვარ,
გაზრდას აღარ დამაცლი?
მომცრო თეფში
რომ დაუდგეს,
იტირა და იტირა:
— დიდი თეფში
რა უყავით,
მე ხომ უკვე დიდი ვარ?!.
რა ქნას,
აღარ შეუძლია
დედას მეტის ატანა;
თქვით, ბავშვებო,
ეს ყმაწვილი
დიდია თუ პატარა?..


ზოოპარკში
ეს მელიას ბინაა,
მაღალი და ნათელი,
იქვე, სხვა გალიაში,
კრიახობენ ქათმები.
დაწრიალებს მელია
დაკრეჭილი კბილებით,
იხვეწება:
გეთაყვათ,
შეგვიერთეთ ბინები.


პირის ბანა
პირსაბანთან ლიანას
საყვედურობს თამარი:
— მარტო ლოყებს რომ იბან,
ყური შენი არ არის?
ლიანამაც პასუხი
განა დააგვიანა?
— პირსაბანი ვიცი მე,
ყურსაბანი კი არა.